ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელები, გერმანელები და ფრანგები ბაიდენის ადმინისტრაციას ოპტიმიზმით უყურებენ


წლების განმავლობაში, სხვადასხვა ამერიკული თუ საერთაშორისო კვლევითი ცენტრების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებდა, რომ საერთაშორისო მასშტაბით აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პოპულარობით არ სარგებლობდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დონალდ ტრამპის იმიჯი უარყოფითად მოქმედებდა თავად აშშ-ის იმიჯზე, განსაკუთრებით ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის, „Pew Research Center“ მიერ მომზადებული კვლევა აჩვენებს, რომ საპირისპიროდ ვითარდება მოვლენები აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შემთხვევაში.

კვლევითმა ცენტრმა საზოგადოებრივი აზრი საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში გამოიკვლია. შედეგები აჩვენებს, რომ ბაიდენის მიმართ, აშშ-ის პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებში განწყობები გაცილებით პოზიტიურია. გამოკითხული მოქალაქეები, სამივე ქვეყნიდან, ჯო ბაიდენის მიმართ ნდობას გამოხატავენ და სამომავლოდ, ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

მათი განწყობები პროცენტულად ასე გამოიყურება - გამოკითხულ გერმანელთა 79%, ფრანგთა 72% და ბრიტანელთა 65% აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიმართ ნდობით არიან განწყობილი, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით საქმიანობის კუთხით. ეს პროცენტული მაჩვენებლები დრამატულად განსხვავდება დონალდ ტრამპის მიმართ გამოხატული რეკორდულად დაბალი ნდობისგან, რაც 2020 წლის ზაფხულში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა. თავის მხრივ, საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, ზემოთხსენებულ ქვეყნებში, ბაიდენის რეიტინგი ოდნავ ჩამორჩება ბარაკ ობამას რეიტინგს მისი მეორე ვადის დასაწყისში.

გამოკითხულთა შორის, დიდი უმრავლეობა აცხადებს, რომ როცა საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ, ამავე კონტექსტში ოპტიმისტურად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის აშშ-თან უერთიერთობის მიმართ. ასე ფიქრობს, დახლოებით, 10-დან რვა გერმანელი და ფრანგი. ბრიტანეთის შემთხვევაში, ასე 10-დან 7 გამოკითხული ფიქრობს.

რაც შეეხება თავად ამერიკელებს. გამოკითხულ ამერიკელთა 73% ოპტიმიზმითაა განწყობილი, ევროპულ ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობების მიმართ. ეს განწყობა, განსაკუთრებით მყარად იგრძნობა დემოკრატებსა და მათ მხარდამჭერებს შორის - 82%. მსგავსი განწყობა ნაკლებია რესპუბლიკელებსა და მათ მხარდამჭერებს შორის, თუმცა მათ უმეტესობაც, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სამომავლო ურთიერთობების გაუმჯობესებობას იმედიანად უყურებს, - 62%.

საგარეო პოლიტიკა, კლიმატური ცვლილებები და პანდემია - ეს არის საკითხები, რომელთა მოგვარების კონტექსტში, სამი ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ.

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებამდეც კი, როცა დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში ძალადობრივი გზით შეიჭრნენ, ამერიკის უახლოეს ევროპელ მოკავშირეებს შორის, ამერიკული დემოკრატიის სიჯანსაღის მიმართ შეშფოთება არსებობდა. გამოკითხულ გერმანელთა 73%, ფრანგთა 64% და ბრიტანელთა 62% ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას მნიშვნელოვანი ცვლილებები, ან სრული რეფორმირება სჭირდება.

მაღალი ნდობა ბაიდენის მიმართ

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში, სამ ევროპულ მოკავშირე ქვეყნაში, მისი რეიტინგი მუდმივად დაბალი იყო. მაგალითად, ოთხმა გამოკითხვამ, რომელიც „პიუმ“ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გერმანიაში ჩაატარა, 10-დან მხოლოდ ერთ გამოხატავდა მისდამი ნდობას. ახლა, პრეზიდენტობის დასაწყისში, გამოკითხულ გერმანელთა 78% ბაიდენის მიმართ ნდობითაა განწყობილი.

ზემოთხსენებულ სამ ქვეყნაში, ბაიდენთან დაკავშირებით, მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იდეური აზრთასხვადასხვაობა არსებობს. თუმცა, ამასთან ერთად, ის იმ ადამიანებთა შორის, ვინც საკუთარ თავს მემარცხენე, მემარჯვენე თუ ცენტრისტულ იდეალებთან იგივებს, დაახლოებით ერთნაირ პოზიტიურ შეფასებებს იღებს. ამასთან, ბაიდენს შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს მემარჯვენე შეხედულებების მქონე ჯგუფებში.

ოპტიმიზმი ამერიკის პოლიტიკის მიმართ, ბაიდენის მმართველობის დროს

გამოკითხულ ბრიტანელთა 60%-მდე, ასევე გამოკითხულ გერმანელთა და ფრანგთა ორი მესამედი ფიქრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაა საგარეო პოლიტიკას გააუმჯობესებს. სამივე ქვეყანაში გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდება ამერიკის პასუხი კლიმატურ გამოწვევებზე. დაახლოებით 70% იმავეს ფიქრობს პანდემიაზე ამერიკის პასუხზე.

სამივე ქვეყანაში, გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები, ამ მიმართულებებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება. საშუალოდ, 10-დან ერთი კი ფიქრობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ამ მიმართულებებით ვითარება გაუარესდება.

ზოგადად, აშშ-ის ამ სამ მოკავშირე ქვეყანაში, პოზიტიური განწყობა შეინიშნება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიმართ. ათიდან, რვაზე მეტი ფრანგი და გერმანელი, თავიანთი ქვეყნების აშშ-თან სამომავლო ურთიერთობების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ბრიტანეთში ამ მოსაზრებას, დაახლოებით, 10-დან 7 იზიარებს.

2020 წლის სექტემბერში, „Körber-Stiftung“-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელთა 79%, გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობას აფასებდა, როგორც ცუდს და გამოკითხულთა დიდი ნაწილი, აშშ-ს მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებში, საკუთარი ქვეყნის პარტნიორად არ განიხილავდა. ამ მონაცემებით კი, გამოკითხულ ფრანგთა 92%, გერმანელთა 91% და ბრიტანელთა 79% აცხადებს, რომ სამომავლო უღტიერთობების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

თავის მხრივ, საშუალოდ, 4-დან სამი ამერიკელი, ასევე ოფოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობების მიმართ.

კვლევითმა ცენტრმა, სამ ქვეყანაში - გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ჯამში 18 წელზე მეტი ასაკს, 3066 ადამიანი გამოკითხა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG