ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ გაეროში იდავებს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ძალისხმევის დასაძლევად, რომელიც დიდ საფრთხეს უქადის მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში.

გუშინ ტერეზა მეიმ პარლამენტს მიმართა. მისი განცხადებით, გამომძიებლებმა ამოიცნეს ორი რუსი ჯაშუში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მარტში სერგეი და იულია სკრიპალების ნერვული აგენტით მოწამვლაზე. ტერეზა მეის თქმით, „რუსული სამხედრო სადაზვერვო სამსახურის საქმიანობა სახიფათოა ბრიტანეთის მოქალაქეებისა და ქვეყნის მოკავშირეებისთვის. ჩვენ კოლექტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ზუსტად ამ სამმართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა მეიმ.

ბრიტანეთში ამ საქმის გამოძიებაში 250 პოლიციელი იყო ჩართული.

რუსეთის განცხადებით, ამ ეჭვმიტანილების სახელები და ფოტოები მოსკოვს არაფერს ეუბნება და ბრიტანეთის ბრალდება, რომ მოსკოვი ჩართული იყო ამ ინციდენტში, მიუღებელია.

ოფიციალურმა ლონდონმა ორ რუს აგენტს დაუსწრებლად ბრალი დასდო სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში. ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას ამ თავდასხმის ორგანიზებაში დასდო ბრალი.

ევროპული დაკავების ორდერი პეტროვისა და ბოშიროვის დაკავების მიზნით უკვე გაიცა, თუმცა ისინი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ არ წარსდგებიან, რამეთუ რუსეთი, კონსტიტუციის თანახმად, საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებას არ ახდენს.

დიდი ბრიტანეთი დღეს აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოში წამოჭრას ეს თემა. არაერთმა დაასავლურმა სახელმწიფომ რუსეთს სანქციები დაუწესა ბრიტანეთში განხორციელებული თავდასხმის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG