ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი კიევს სამხედრო დახმარების გაზრდას პირდება


ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯოზეფ ბორელი. კიევი, უკრაინა. 2023 წლის 1 ოქტომბერი.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯოზეფ ბორელი. კიევი, უკრაინა. 2023 წლის 1 ოქტომბერი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბლოკი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას კიდევ უფრო გაზრდის. კიევში მყოფმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსეთი ევროპას "ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის" და აქედან გამომდინარე, ევროპის კავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას გაზრდის.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა ამერიკის კონგრესმა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, 45 დღის ვადით მიიღო დაფინანსების კანონპროექტი, რომელშიც უკრაინის დახმარებით უზრუნველყოფა შეტანილი არ არის. „ვნახოთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში. მაგრამ, ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ მხარდაჭერას და დახმარების გაღრმავებას“ - თქვა ბორელმა ვაშინგტონში დამტკიცებულ საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.

ბორელმა აღნიშნული განცხადება კიევში 1 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ის მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომელიც პოსტზე გასულ თვეში დაინიშნა. "უკრაინელები მთელი თავისი სიმამაცით და შესაძლებლობებით იბრძვიან", ამბობს ბორელი. და თუ ევროკავშირს სურს, რომ ისინი უფრო წარმატებული იყვნენ, "ჩვენ მათ უკეთესი შეიარაღება უფრო დიდი მოცულობით უნდა მივაწოდოთ".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უკრაინაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათ შორის - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ის ასევე ესწრება კიევში დღეს, 2 ოქტომბერს, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი დიპლომატების შეხვედრას.

შეხვედრა ისტორიულია, რამდენადაც ეს პირველი სამიტია, რომელზეც ბლოკის საგარეო პოლიტიკის ლიდერთა შეკრება მის ფარგლებს გარეთ ხდება. ევროკავშირის წამყვანი დიპლომატების სურვილია, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის მზარდი მხარდაჭერის და ბლოკში გაწევრიანების გზაზე მის გვერდში დგომის დემონსტრაცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG