ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას


„ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 9 დეკემბრის წერილისთვის საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომ განვითარებაში ხელშესახები პროგრესის მიღწევისა და მავნე პოლარიზაციის, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე, შეწყვეტის საუკეთესო შანსად,"-განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წერილზე პასუხად.

ის დასძენს, რომ " განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციასა და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში,“- აღნიშნულია ბორელის წერილში.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე. ჯოზეფ ბორელი აქვე იშველიებს 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციას და ამბობს, რომ ორმხრივი "თანამშრომლობის სიღრმე და ფარგლები, სხვა ასპექტებს შორის, რეფორმების ტემპით და ხარისხით გაგრძელდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG