ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლსონაროს ჯანდაცვის მინისტრი ვირუსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე „ჩაიჭრა“


23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდო პაზუელიმ შეცდომა დაუშვა. მან თქვა, რომ კორონავირუსის უსიმპტომო ფორმის მქონე ადამიანები გადამდები არ არიან.

პაზუელიმ ეს ქვეყნის ზოგ რეგიონში მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„სკრინინგი ყველგან უნდა ჩატარდეს. თუ [გუბერნატორი ან მერი] გადაწყვეტს, გახსნას რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საწარმოო უბანი, იქ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკრინინგი და საწყისი სიმპტომების სამედიცინო მონიტორინგი,“ განაცხადა მან.

ამ სტრატეგიას მედიცინის ექსპერტთა უმრავლესობა ეთანხმება, განაგრძო პაუზელიმ და დაამატა: „დაავადების ასიმპტომატური მიმდინარეობის შემთხვევაში, [დასაქმებული] მუშაობს, მაგრამ, ამავე დროს, არ არის [ვირუსის] გადამდები. თუ დაავადება სიმპტომებით მიმდინარეობს, ის [ტესტირების ცენტრში] უნდა გამოცხადდეს.“

განცხადება, რომ უსიმპტომო პაციენტები გადამდები არ არიან, მცდარია.

უფრო სწორად, ასიმპტომატური გადადების საკითხი ინტენსიური მსჯელობის და კვლევის საგანია. ამ თემამ განსაკუთრებული აქტუალობა 8 ივნისიდან შეიძინა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთი ჩუმი გადადების შემთხვევები „ძალიან იშვიათი“ იყო და უსიმპტომო პაციენტები არ იყვნენ ვირუსის მთავარი გამავრცელებლები.

მეორე დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნათქვამი უკან წაიღო: „ჩემს მიერ გამოყენებული ფრაზა ‘ძალიან იშვიათი’, ვფიქრობ, არასწორად იქნა გაგებული, თითქოს ასიმპტომატური გადადება ძალიან იშვიათად ხდება მსოფლიოში. მე კვლევების მხოლოდ ერთ ნაწილზე ვსაუბრობდი,“ თქვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერკოვმა კითხვა-პასუხის სესიის დროს.

მართალია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვერ ამბობს, როგორ ვრცელდება ვირუსი უსიმპტომო პაციენტებისგან, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად ხდება, დაამატა მან.

იმავე დღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ „უსიმპტომო [პაციენტებისგან] გადადების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია“. მისი თქმით, ეს „კომერციული საქმიანობის უფრო მალე განახლებასა და იმ შემზღუდავი ზომების მოხსნაზე მიანიშნებს“, რომელთა გამოც მაღაზიები დაიხურა და საჯარო ადგილებში შეკრება აიკრძალა. თუმცა, მან იქვე დაამატა, რომ „კორონავირუსთან დაკავშირებით არაფერი არ არის დადასტურებული“.

11 ივნისს, შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია ABC-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“ თქვა:„ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ უსიმპტომო პაციენტებს შეუძლიათ ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება“.

ჩუმი გავრცელების დამადასტურებელი მონაცემები

მეხუთე თვეა რაც პანდემია ოფიციალურად გამოცხადდა და ბევრი კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ უსიმპტომო პაციენტები ვირუსის გამავრცელებლები არიან.

18 ივლისს „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ კვლევებით, რომელთა ფარგლებშიც ვირუსის გავრცელების ზონებში „ნულოვანი პაციენტების“ დადგენას ცდილობდნენ, ამ სავარაუდო წყაროების საერთო ნიშნები გამოვლინდა - ესენი ინფიცირებული, მაგრამ უსიმპტომო ადამიანები არიან.

ჩინეთის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევით, რომელშიც იმ საგნების ზედაპირების ნიმუშები შეისწავლეს, რომლებსაც კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტები (მათ შორის, ორი უსიმპტომო პაციენტი) ეხებოდნენ, დადგინდა, რომ უსიმპტომო პაციენტები გარემოს აბინძურებენ.

კიდევ ერთი კვლევის შედეგებით, რომელიც იტალიის პადუის უნივერსიტეტისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერებმა ჩაატარეს და 30 ივნისს გამოქვეყნდა, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ვოში დადასტურებული შემთხვევების 40%-ზე მეტი ასიმპტომატური იყო.

ამ საკითხში დაბნეულობას „ასიმპტომატურ“ და „პრესიმპტომატურ“ შემთხვევებს შორის განსხვავება იწვევს.

ასიმპტომატური შემთხვევებია, როდესაც ადამიანებს კორონავირუსი ტესტირებით უდასტურდებათ, მაგრამ სიმპტომები არასდროს არ უვითარდებათ. პრესიმპტომატური კი ის შემთხვევებია, როდესაც ტესტირებით ვირუსის დადასტურებისას ადამიანს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მოგვიანებით სიმპტომები გამოუვლინდა.

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ვირუსს სიმპტომების გამოვლენამდე ავრცელებენ და ყველაზე გადამდები შეიძლება ამ დროს იყვნენ. ასიმპტომატური პაციენტები შესაძლოა მოგვიანებით პრესიმპტომატური პაციენტები აღმოჩნდნენ და შესაბამისად, ძალიან გადამდები იყვნენ.

ჩუმი გავრცელების ამ რისკი გამო ენიჭება ფართომასშტაბიან ტესტირებას დიდი მნიშვნელობა, რადგან შესაძლებელი ხდება ასიმპტომატური და პრესიმპტომატური პაციენტების დროული გამოვლენა და იზოლირება.

ჩინელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა შესწავლამ, რომლის შედეგებიც აპრილში ჟურნალში Nature Medicine გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ვირუსის გავრცელება სიმპტომების გამოვლენამდე 2-3 დღით ადრე იწყება. ივლისის დასაწყისში ამერიკელმა და კანადელმა მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ დაავადების შემთხვევათა ნახევარზე მეტი ასიმპტომატურ და პრესიმპტომატურ „ჩუმ გავრცელებაზე“ მოდის.

ეს ვარაუდი ივლისშივე გაამყარა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა თავისი დასკვნით, რომელიც მრავალი კვლევის შესწავლის საფუძველზე მომზადდა.

„მთლიანობაში, ეს მრავალფეროვანი კვლევები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 შეიძლება გადაედოს სხვებს ასიმპტომატური და პრესიმპტომატური პაციენტებისგან, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვნად უწყობდეს ხელს კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებას,“ ეწერა ცენტრის დასკვნაში.

ბრაზილია - კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემია ბრაზილიაში. წყარო: როიტერი
ბრაზილია - კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემია ბრაზილიაში. წყარო: როიტერი

შერეული სიგნალები ბრაზილიაში

ბრაზილიაში კოვიდ-19-ით დაავადების 2.4 მილიონზე მეტი და 87,000 გარდაცვალების შემთხვევა აღირიცხა, რაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მონაცემების თანახმად, სიდიდით მეორეა აშშ-ის შემდეგ.

23 ივლისს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა გამჭვირვალობის პირობა დადო. პაზუელის ეს დაპირება იმ შერეულ სიგნალებს მოყვა, რომლებიც ბოლსონაროს მთავრობიდან მოდიოდა ეკონომიკის სწრაფ ამოქმედებასთან დაკავშირებით და, კრიტიკოსთა თქმით, უგულებელყოფდა ჯანდაცვის გაფრთხილებებს.

22 ივლისს ბრაზილიის გაზეთმა Estado de São Paulo დაწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ტექნიკურმა კომიტეტმა პაზუელი ჯერ კიდევ მაისში გააფრთხილა, რომ იზოლირების ზომების მიღების გარეშე პანდემია ორი წელი გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი ეკონომიკის ამოქმედებას ჩქარობდა.

ივნისში პაზუელის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა კოვიდ-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების მონაცემების გამოქვეყნება. მოგვიანებით მან თქვა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ვარიანტად იყო შემოთავაზებული.

ბოლსონარო მუდმივად ცდილობს კოვიდ-19-ის საფრთხის დაკნინებას. თავდაპირველად ის ვირუსს „უბრალო გაციებას“, ხოლო პანდემიის თაობაზე ატეხილ განგაშს „ისტერიულს“ ეძახდა.

7 ივლისს ბოლსონარომ მოსახლეობას აცნობა, რომ კორონავირუსი დაუდგინა და ჰიდროქსიქლოროქვინით მკურნალობდა - მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატით, რომლის ეფექტიანობა ვირუსთან ბრძოლაში ძალზე საკამათოა. ორი კვირის შემდეგ ბოლსონაროს ვირუსი ტესტის მესამედ ჩატარების შედეგადაც დაუდასტურდა.

მხოლოდ 25 ივლისს გამოაცხადა ბოლსონარომ, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა ჰიდროქსიქლოროქვინის ყუთით ხელში.

პაზუელი არმიის გენერალია და მისი სპეციალიზაციის სფერო ლოგისტიკაა. ჯანდაცვის სფეროში მას გამოცდილება არა აქვს. მას შემდეგ, რაც პანდემიამ იფეთქა, ბოლსონაროს მთავრობის ორმა ჯანდაცვის მინისტრმა დატოვა თანამდებობა. ორივე მინისტრის გადაგომის მიზეზი პრეზიდენტთან უთანხმოება იყო იზოლირების ზომებსა და ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ფაქტების დამდგენ პროექტ "პოლიგრაფზე", აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG