ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ბლინკენს კონგრესის უპატივცემულობაში დადანაშაულებით ემუქრებიან


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს კონგრესის უპატივცემულობის და ხელის შეშლაში დადანაშაულებით დაემუქრა, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს 2021 წლის აგვისტოში აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის გარშემო, კომიტეტის მოთხოვნილ საიდუმლო, დიპლომატიურ ტელეგრამას არ გადასცემს.

პარასკევს დათარიღებულ და ორშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, მაიკლ მაკკოლმა თქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც დეპარტამენტმა კომიტეტს 2021 წლის ივლისში „განსხვავებული არხით“ გაგზავნილ წერილზე და მასზე დეპარტამენტის პასუხის თაობაზე მიეწოდა, არასაკმარისია.

კომიტეტმა ინფორმაცია მარტში მოითხოვა.

„განსხვავებული არხი“ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ დაუკავშირდნენ მაღალჩინოსნებს და გამოხატონ ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათი უთანხმოება. 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ "ვოლ სტრიტ ჯორნალის" სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატიური ტელეგრამა მაღალჩინოსნებს აშშ-ის ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ქაბულის პოტენციური დაცემის შესახებ აფრთხილებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებთან, რათა დაიცვან იმ პირის ვინაობა, ვინც უთანხმოება გამოხატა. მაკკოლის წერილთან დაკავშირებით კომენტარისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ დეპარტამენტი კონგრესს ისეთ ინფორმაციას მიაწვდის, რომელიც საჭიროა მათთვის და დაიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების უნარს შეასრულონ საკუთარი საქმე.

„სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ საიდუმლო ბრიფინგი "განსხვავებული არხის" ტელეგრამაზე, ისევე როგორც გადავეცით მათ წერილობითი შეჯამება, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აგრძელებს ამ არასაჭირო და არაპროდუქტიულ პროცესს“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა „როიტერისთვის“ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.

მაკკოლი იძიებს ავღანეთიდან ამერიკის ჯარების ქაოტურ გაყვანას, რადგან რესპუბლიკელები და ზოგიერთი დემოკრატი - აცხადებენ, რომ არ შესწავლილა ამერიკის მიერ ქვეყნის დატოვების დეტალები, რომლის დროსაც ქაბულის აეროპორტში 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

წერილში კონგრესი ბლინკენს პასუხის დაბრუნებას 11 მაისს, საღამოს 6:00 საათამდე სთხოვს.

„თუ დეპარტამენტი არ შეასრულებს თავის სამართლებრივ ვალდებულებას, კომიტეტი მზად არის მიიღოს აუცილებელი ზომები კონგრესის წინაშე გამოცხადების ვალდებულების აღსასრულებლად“, - ნათქვამია წერილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG