ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ტიანანმენის მოვლენების დღეს ჩინელი აქტივისტების გვერდში დგას


ტიანანმენის მოედნის ღობესთან 3 ივნისის ღამით პოლიცია პატრულირებდა

ვაშინგტონი აცხადებს, რომ "ჩინელი ხალხის გვერდში დგას", პეკინის მიერ ტიანანმენის მოედანზე განხორციელებული სისხლიანი ქმედებების 32-ე წლისთავზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს "მათ, ვინც 32 წლის წინ მსხვერპლი გაიღო და იმ მამაც აქტივისტებს, ვინც მთავრობის მიმდინარე რეპრესიების პირისპირ, მათ საქმეს აგრძელებს". ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.

1989 წლის 4 ივნისს, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ცეცხლი გაუხსნა პეკინში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან დემონსტრაციას. ისინი ტიანანმენის მოედანზე ტანკებისა და სამხედრო ტექნიკის განთავსებას ეწინააღმდეგებოდნენ. გარდაიცვალა ასობით ადამიანი და ათასობით დაშავდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე არ არის დადგენილი.

გასულ წელს, აკრძალვების მიუხედავად, ტიანანმენის მოედნის მოვლენების აღსანიშნად, ჰონგ-კონგში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ანთებული სანთლებით ისინი დაღუპულთა ხსოვნას მიაგებდნენ პატივს. წელსაც მოელიან, რომ მრავალი ათასი ადამიანი მოიგონებს თავისუფლების იდეალებს შეწირულ ახალგაზრდებს.

"შეერთებული შტატები კვლავაც ჩინელი ხალხის გვერდში დგას, როცა ისინი საკუთარი მთავრობისგან ადამიანის საყოველთაო უფლებების პატივისცემას ითხოვენ" - თქვა ხუთშაბათს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან ასევე მოუწოდა პეკინს ტიანანმენის მოვლენების შესახებ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ, რაც მოიცავს "დაღუპული, დაკავებული და დაკარგული ადამიანების სრულად აღრიცხვას".

ბლინკენის განცხადებას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება. მან იმ სანქცირებული ჩინური კომპანიების შავი სია გაზარდა, რომლებიც პეკინის "სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან" კავშირში არიან შემჩნეული.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, პეკინი უარყოფს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას. რეგულარულ პრესბრიფინგზე ვანგ ვენბინმა თქვა, რომ ბლინკენის განცხადება ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG