ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ჩინეთს კორონავირუსზე ნელი რეაგირების გამო აკრიტიკებს


სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთი გააკრიტიკა პანდემიის დასაწყისში ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე დაგვიანებული რეაქციის გამო.

„ვფიქრობ ჩინეთმა იცის, რომ კოვიდის ადრეულ ეტაპზე, არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო. მათ მაშინვე უნდა მიეცათ უფლება საერთაშორისო ექსპერტებისთვის, მაშინვე გაეზიარებინათ ინფორმაცია და მაშინვე რეალური გამჭვირვალობა ეჩვენებინათ“, - განაცხადა ბლინკენმა „ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში.

ჩინეთი ამ დრომდე ბლინკენის განცხადებას არ გამოხმაურებია. პეკინს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აკრიტიკებდა და ხშირად იყენებდა ტერმინებს, როგორიცაა „ჩინური გრიპი“ ან „კუნგ ფლუ“ (ფლუ ინგლისურ ენაზე გრიპს ნიშნავს) ახალი კორონავირუსის აღსანიშნად.

ბლინკენმა განაცხადა, რომ საჭიროა გამოძიება ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ვუჰანში, „რათა ჩვენ სრულიად ვიცოდეთ რა მოხდა და შეგვეძლოს ამის განმეორების თავიდან აცილება“, - თქვა მან.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმა და რომ ჩინეთმა ამაში როლი უნდა ითამაშოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტში განაცხადა, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურებიდან გავრცელდა და „ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ინფექცია ლაბორატორიიდან წარმოიშვა.

შეერთებულ შტატებში, ყოველკვირეულად, მილიონობით ადამიანი იცრება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 19 აპრილიდან ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს მიუხედავად ასაკისა, შეეძლება ვაქცინის მისაღებად რეგისრაცია.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მთავრობის პირველი პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის აცრაა, თუმცა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს პასუხისმგებლობა და ვაშინგტონი „იქნება მსოფლიო ლიდერი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელ მსოფლიოში ჩატარდეს ვაქცინაცია".

„რადგან თუ მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის აცრილი, ეს ჩვენთვის კლავ პრობლემას შექმნის“, - აღნიშნა მან. „თუ ვირუსი სხვა ადგილებში განიცდის მუტაციას... ამან შესაძლოა ჩვენ კვლავ დაგვარტყას“, - თქვა მან.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეცდება ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა ტაივანის შესახებ და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აღშფოთებს „პეკინში მთავრობის მხრიდან ტაივანის მიმართ მზარდი აგრესიული ქმედებები“.

შეერთებული შტატები წლებია „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას ატარებს, რომლითაც ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად განიხილავს. თუმცა, ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ტაივანის მიმართ ვალდებულება, „ორპარტიული ვალდებულება, რომელიც წლებია არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტაივანს შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და იმისათვის, რომ დასავლეთ წყნარ ოკეანეთში მშვიდობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს“, - თქვა მან.

ბლინკენმა უარი განაცხადა ეპასუხა კითხვაზე, დაიცავს თუ არა ვაშინგტონი სამხედრო ძალით ტაივანს, თუ ჩინეთი ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას შეეცდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG