ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი ქალაქის ჩამქრალი ჩირაღდნები“ - მანჰეტენი ელექტროენერგიის გარეშე


ნიუ-იორკი 2019-1977

1977-2019, - 13 ივლისი ნიუ-იორკის ელექტრომომარაგების ისტორიაში, მნიშვნელოვანი თარიღი გახდა. ზუსტად 42 წლის ინტერვალით, ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

გუშინ საღამოს, თითქმის სამი საათის განმავლობაში, ნიუ-იორკელები და ქალაქის ვიზიტორები, წარმოუდგენელი „სანახაობის“ თვითმხილველები გახდნენ. მანჰეტენის დასავლეთ ნაწილს, ქალაქის ძირითად ტურისტულ ადგილებს, მათ შორის "თაიმს სკვერს", ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

თაიმსის მოედანი, ნიუ-იორკი 2019 წლის 13 ივლისი
თაიმსის მოედანი, ნიუ-იორკი 2019 წლის 13 ივლისი

ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ქალაქის ჩაბნელების მიზეზი, ელექტროგამანაწილებელ სადგურზე გაჩენილი ხანძარი გახდა. შემთხვევის შედეგად, ელექტროენერგია დაახლოებით 73 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა.

ელექტროკომპანია „კონ ედისონის“ წარმომადგენლებმა, დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობა მალევე დაიწყეს და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ქალაქის ოფიციალური პირები აკეთებდნენ განცხადებებს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა, რაიმე სახის დივერსია, მათ შორის კიბერთავდასხმა მალევე გამორიცხა. ვითარების შესახებ, მოქალაქეებს ინფორმაციას ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო და მერი, ბილ დე ბლაზიო აწვდიდნენ.

ნიუ-იორკი, 13 ივლისი 2019 წელი
ნიუ-იორკი, 13 ივლისი 2019 წელი

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მეტროპოლიტენს. ხაზების უმრავლესობამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო, გარკვეული ხაზის მატარებლები კი შეფერხებით მოძრაობდა. არ მუშაობდა შუქნიშნები. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ჩაიშალა სპექტაკლები ბროდვეიზე, შეწყდა ღონისძიება „კარნეგი ჰოლში“, „ლინკოლნ ცენტრში“ და ევაკუაცია განხორციელდა „მედისონ სქვერ გარდენში“, სადაც პოპ ვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის კონცერტი მიმდინარეობდა.

ევაკუაცია გამოცხდდა მანჰეტენის დასავლეთით მდებარე თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.

ნიუ-იორკი 2019 წელი
ნიუ-იორკი 2019 წელი

„შეგრძნება მქონდა, რომ ქალაქს, რომელსაც არასდროს სძინავს, ჩაეძინა“ - ასე იხსენებს, ჩვენთან საუბრისას ნიუ-იორკში მცხოვრები ნინო ტაბატაძე მომხდარს. ნინო ელექტროენერგიის გათიშვის დროს, "თაიმს სკვერზე", ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე საცურაო აუზზე იმყოფებოდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა. „ლიფტები არ მუშაობდა, კიბეებზე ხალხმრავლობა და ჩოჩქოლი იყო. ზოგი პანიკაში ჩავარდა, რაღაცას აპროტესტებდნენ.“ - ამბობს ნინო.

ნიუ-იორკი, 1977 წელი.
ნიუ-იორკი, 1977 წელი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მანჰეტენის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იგივე მოხდა 1977 წელს, იგივე თვესა და რიცხვში - 13 ივლისს. მაშინ მოვლენები უფრო მასშტაბურად განვითარდა, ელქტროენერგიის მიწოდება თითქმის 24 საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. სხვადასხვა მედიის საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ მაშინ ქალაქმა მილიონობით დოლარით იზარალა. ამის მიზეზი ვანდალური შემთხვევებიც იყო, - მოქალაქეების ნაწილმა სხვადასხვა კომერციული დაწესებულებები დაარბიეს. რა ზარალი განიცადა ქალაქმა გუშინდელი ინციდენტის შედეგად, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG