ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში თებერვალი შავკანიანთა ისტორიის თვეა


აშშ-ში თებერვალი შავკანიანთა ისტორიის თვეა
აშშ-ში თებერვალი შავკანიანთა ისტორიის თვეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში თებერვალი შავკანიანთა ისტორიის თვედ არის გამოცხადებული. ამ დროს მთელს ქვეყანაშიიხსენებენ იმ ისტორიულ პიროვნებებს, თუ მოვლენებს, რომელთაც აფრიკული წარმოშობის ამერიკელთა ისტორია შექმნეს.

დღეს ჩვენ ფრედერიკ დუგლასზე მოგითხრობთ. იგი 1818 წელს მონობაში დაიბადა, მოგვიანებით კი წამყვანი აბოლიციონისტი, ფერადკანიანთა მონობის გაუქმების მოძრაობის ლიდერი გახდა.

ფრედერიკ დუგლასის სახლ-მუზეუმი ვაშინგტონში ყოველწლიურად უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. „საინტერესო ექსპონატებს შორისაა რამდენიმე ტიპის უთო, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ“, გვიხსნის მუზეუმის გიდი. „ეს უთო, მაგალითად, მოსამსახურე ქალების ქვედატანისთვის იყო განკუთვნილი და სპეციალურ წვრილ ნაკეცებს, ე.წ. „პლისეს“ ამზადებდა. ამ ტიპის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ექსპონატები სახლის ბინადართა ცხოვრებაზე საკმაოდ სახიერ წარმოდგენას გვიქმნიან.

დუგლასი პირველი შავკანიანი მეზობელი იყო თეთრკანიანთა ელიტარულ უბანში. იგი 1818 წელს დაიბადა. მოგვიანებით მან თავი დააღწია მონობას და 1877 წლიდან გარდაცვალებამდე, თითქმის 20 წელიწადი ამ სახლში ცხოვრობდა. ფრედერიკ დუგლასი ისტორიული ფიგურაა. ის ამერიკაში „მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის“ ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. მე-19 საუკუნის დასაწყისის მონობის მომხრეთა კვალიფიციური ოპონენტი ასეთივე თავგამოდებით იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ორატორადაც ითვლებოდა.

ამ სახლში ისტორიკოს თომას ფენსკეს შევხვდით, რომელსაც მეგობრები ჰყავდა მუზეუმში მოყვანილი. მან აგვიხსნა, რომ სახლი ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო 60-70-იან წლებში. 2006 წლის განახლების შემდეგ კი მან 60 ათასზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

“ფრედერიკ დუგლასმა ამერიკის „მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის“ დააარსა. იგი პრეზიდენტ ლინკოლნის ერთ-ერთი მრჩეველი იყო და ისინი ძალიან ხშირად საუბრობდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. ამიტომ, აუცილებელია ამ სახლის და მასთან დაკავშირებული მოგონებების შენარჩუნება“.

მოვუსმინოთ სარა ვარდს, მუზეუმის რიგით დამთვალიერებელს:

„შევიტყვე, რომ ეს ადამიანი მონობაში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მონობას თავი დააღწია, წერა-კითხვა თავისით ისწავლა და განათლებული და წარმატებული ადამიანი გახდა. ამიტომ მაინტერესებს მის ნივთებს შევხედო, მისი ცხოვრება წარმოვიდგინო“.

სუზან ნაკოს ნიუ იორკიდან მთელი ოჯახი ჰყავს ჩამოყვანილი სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად. იგი ამბობს, რომ სკოლაში მის შვილებს მაღალ კლასებამდე არ ასწავლიან ფრედერიკ დუგლასის ბიოგრაფიას. „ის ჩემი გმირია, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ მოვუთხრო ბავშვებს მის შესახებ“ - ამბობს სუზანი.

მაიკლ სკოტი მეუღლესთან ერთად ვირჯინიიდან ჩამოვიდა. მისი თქმით, თითოეული აფრიკული წარმოშობის ამერიკელი ვალდებულია იცოდეს საკუთარი წარსული, „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და ვინ გაგვიკვალა გზა“.

სახლ-მუზეუმის მენეჯერი, ქამალ მაკლარენი აღნიშნავს, რომ ტურისტთა რაოდენობა მათთან ყოველწლიურად იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ რიგითი ამერიკელების ინტერესი აფრიკული წარმოშობის ისტორიული ფიგურების მიმართ დროთა განმავლობაში მატულობს.

XS
SM
MD
LG