ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარი გზავნილი ნატოსგან: „დასავლეთი რჩება რეგიონში“


დღეს საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფოების 4 ხომალდსა და მაღალი რანგის სამხედრო პირებს მასპინძლობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი მესამედ სტუმრობს პარტნიორ ქვეყანას. ორი რუმინული ხომალდიდან ერთია საფლაგმანო „REGELE FERDINAND”, ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და ასევე რუმინული ხომალდი. ბათუმის პორტში სულ 4 გემი განლაგდება. ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს. დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი ხელმძღვანელობს.

მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა, რის შემდეგაც ისინი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსაც ეწვევნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ერთობლივი პრესკონფერენცია კი: საქართველოს შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის, ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონის, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე როსარია პუგლისისა და ნატო-ს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების შენაერთის მეთაურის ჯასთინ ჰეინისის მონაწილეობით საღამოს 6 საათზე გაიმართა.

პაპუნა დავითაიამ შსს–ს მეკავშირე ოფიცერმა ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობაში განაცხადა: „დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგოN II შენაერთი. აღნიშნული ვიზიტი გეგმიურია და ემსახურება ერთის მხრივ ნატოს მხარდაჭერის დემონსტრირებას ქართული მხარისადმი, ხოლო მეორეს მხრივ კი ნატოსა და საქართველოს საზღვაო კომპონენტებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას ყოფილი სახმელეთო ჯარების სარდალი, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, ამჟამად კი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ აგლაძე: „ნატოს ხომალდების ვიზიტი, ალბათ პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთის სტრატეგიასთან და პოლიტიკასთან შავი ზღვის რეგიონში. ყირიმის ანექსიით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, ის ცდილობს მაქსიმალურად ჩაკეტოს შავი ზღვა, რათა ნატოს ქვეყნებმა და დასავლეთმა ვერ შეძლოს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის – საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება.მისი მთავარი მიზანი ესაა.

თავის მხრივ, დასავლეთი ცდილობს, როგორმე შავი ზღვის რეგიონის ეს დახშული ზონა, რომლის გადაქცევას რუსეთი ტბად ცდილობს, მაქსიმალურად გახსნას. ამისკენაა მიმართული გემების გადაადგილებაც, რომ რუსეთს დაანახონ: დასავლეთი არ აპირებს რეგიონიდან გასვლას, ისინი აპირებენ რეგიონში დარჩენას“.

ამბობს, რომ ნატოს საზღვაო ძალების ვიზიტი ერთგვარი პასუხია რუსული ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავ ზღვაზე დომინირების საკითხს: „თუ გადავხედავთ წარსულს, ერთადერთი, შავი ზღვის რეგიონი იყო ალბათ, სადაც ვერ მოხდა შეთანხმება რუსეთსა და დასავლეთს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. შუა აზიაზე, მოდით ასე ვთქვათ, რუსეთმა მიიღო სრული უფლება მოქმედების და პრაქტიკულად, დასავლეთს არაფერი გაუკეთებია, არ ჩარეულა თავის დროზე, 90–იან წლებში ტაჯიკეთის კონფლიქტი იყო თუ სხვა. თუმცა აგრეთვე იყო ისიც, რომ ბალტიის ქვეყნების ამბებში რუსეთი არ ჩაერია და დასავლეთმა შეძლო ყველაფრის მოგვარება იმ პირობებშიც, როდესაც რუსულენოვანი მოსახლეობა იქ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

ერთადერთი იყო შავი ზღვის რეგიონი, სადაც შეთანხმება ვერ მოხდა და შედეგები ახლა დადგა, როდესაც რუსეთი გაძლიერდა. ის ცდილობს მაქსიმალურად ზონა ჩაკეტოს, რადგან მას სხვა მიმართულებითაც არ აქვს მოქმედების თავისუფლება. აქედან ცდილობს ის იმპერიის აღდგენას.“

რუსული მხარე ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ნატოს წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები მათი გაღიზიანების მიზეზია და რომ წვრთნების რაოდენობამ უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად იმატა. ამის შესახებ უკმაყოფილება ოქტომბერში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დაფიქსირდა. ნატოს ხომალდები საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩება, მანამდე კი არაერთი ერთობლივი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელთა შორისაა წვრთნების ჩატარებაც.

XS
SM
MD
LG