ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცნობი ფაქტები ბინ ლადენზე


უცნობი ფაქტები ბინ ლადენზე
უცნობი ფაქტები ბინ ლადენზე

გასულ თვეს პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრების მიერ მოკლული ოსამა ბინ ლადენის პოლიტიკური მსოფლმხედველობის შესახებ საზოგადოება წლების მანძილზე კარგად იყო ინფორმირებული. მაგრამ ალ ყაიდას ხელმძღვანელის პირადი ცხვორების თაობაზე ცოტა რამ იყო ცნობილი. ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში, რომელიც ჯინ სასონმა ტერორისტის ერთ-ერთ შვილთან, ომარ ბინ ლადენთან, და მის პირველ ცოლთან ნაჯუასთან ერთად დაწერა, ოსამა ბინ ლადენის პირად ცხოვრებას პირველად შუქი მოეფინა. წიგნი სათაურით „ბინ ლადენის აღზრდა“ შეიცავს საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ალ ყაიდას ლიდერის პირად ცხოვრებასა და ქცევაზე. მართალია ომარ ბინ ლადენმა და ნაჯუამ ინტერვიუზე უარი განაცხადეს, წიგნის თანაავტორმა ჯინ სასონმა "ამერიკის ხმის" კორესპონდენტს ფაიზა ელმასრის ინტერვიუ მისცა.

ჯინ სასონი აღნიშნავს, რომ მას ბინ ლადენისა და მისი ოჯახის შესახებ წიგნის დაწერის იდეა ადრე აზრადაც არ მოსვლია.

„ოსამა ბინ ლადენის ოჯახის წევრები თვითონ დამიკავშირდნენ. ომარისგან ელექტრონული ფოსტით გზავნილი მივიღე, რომელშიც მამამისის შესახებ წიგნის დაწერას მთხოვდა რადგან იგი ძალიან შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ მედიაში ოსამა ბინ ლადენისა და მის შესახებ ბევრ მცდარ ინფორმაციას ხედავდა. ომარს მოვახსენე, რომ შესაძლოა როგორც ბიოგრაფი მე მას არ გამოვადგებოდი. ამასთან დაკავშირებით კერძოდ ვუთხარი: ‘ომარ, მე ახლო აღმოსავლეთის ქალებზე ვწერ წიგნებს. თუ დედაშენი შემოგვიერთდება და საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს, მაშინ ამ წიგნს დავწერ.’ შემდგომში კი ძალიან გამიკვირდა, როცა ნაჯუა დამთანხმდა,“ აღნიშნავს წიგნის თანაავტორი ჯინ სასონი.

აღსანიშნავია, რომ წიგნის შექმნის პროცესში სასონი ომარს და ნაჯუას პირადად არ შეხვედრია, თუმცა მიუხედავად ამისა მათ შორის აქტიური მიმოწერა მიმდინარეობდა და ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.

„როცა ამა თუ იმ თავს მოვრჩებოდი, მათ ვუგზავნიდი და სხვადასხვა მომენტების ახსნას ვთხოვდი. ბოლოს კი მათ გამომცემელს მოახსენეს, რომ წიგნში მოყვანილი ფაქტები ზუსტია და სწორად ასახავს იმას რაც მათ მომახსენეს მე,“ აღნიშნა ჯინ სასონმა.

ამჟამად ომარ ბინ ლადენი სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, ხოლო ნაჯუას ადგილ-მდებარეობა უცნობია. აღსანიშნავია, რომ ნაჯუა ოსამა ბინ ლადენის ბიძაშვილი გახლავთ, რომელიც სირიაში გაიზარდა.

„ნაჯუამ იცოდა, რომ ოსამას მოსწონდა, მაგრამ მას არაფრის თქმა არ უნდოდა. მას აქვს ნათქვამი, რომ ახალგაზრდობაში ოსამა პირბადეს მიღმა მყოფ ქალიშვილზე უფრო მორცხვი იყო. ნაჯუას დედას არ სურდა, რომ მისი ქალიშვილი ოსამას ცოლად გაჰყოლოდა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ნაჯუა საცხოვრებლად საუდის არაბეთში გადავიდოდა. მაგრამ ნაჯუამ დედას არ დაუჯერა. მან დედას უთხრა, რომ ოსამა მას უყვარდა და რომ იგი მას ცოლად გაჰყვებოდა,“ - აღნიშნავს ჯინ სასონი.

ომარის დაბადების შემდეგ ოჯახი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მდებარე სახლში ცხოვრობდა. მათ აგრეთვე უდაბნოში მდებარე ცხენების რანჩო ეკუთვნოდათ. ომარის მოგონებების თანახმად, ოსამა ბავშვებს სათამაშოებს უკრძალავდა და სიცილისთვის სჯიდა.

როცა 1992 წელს მონარქიის საწინააღმდეგო საქმიანობის გამო ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბეთიდან განდევნეს, ოჯახის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაშინ ოსამა სუდანმა შეიფარა, სადაც იგი რადიკალურ ისლამურ დაჯგუფებებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

„მას მთელი ოჯახი, ცოლებისა და პატარა ბავშვების ჩათვლით, უდაბნოში გაჰყავდა. შემდეგ ბიჭებს ორმოებს ათხრევინებდა და ყველას ორმოებში ძილს აჩვევდა. იგი მათ ამზადებდა იმისთვის, რომ ერთ დღეს ისინი ყველაფერს დაკარგავდნენ და მათ გაქცევაში ყოფნა მოუწევდათ დიდი ხნით,“ - დასძენს ჯინ სასონი.

XS
SM
MD
LG