ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქართულმა ოცნებამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების მიზეზად ივანიშვილმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები დაასახელა. მან დაადასტურა არსებული ვერსია, რომ ქართული ოცნების შიგნით ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი უპირისპირდებოდა.

ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურ დაბრუნებას აფასებენ და ამბობენ, რომ ერთი ადამიანის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია დემოკრატიული წინსვლისთვის საზიანოა.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისფულებაში ოფიციალურ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების რეალური მიმღებნი. „მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ოფიციალური თანამდებობა ეკავოთ. დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, თუ დასავლეთში იფიქრებენ, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები“, - აცხადებს უილიამ კორტნი რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ოფიციალური თანამდებობა ეკავოთ.
უილიამ კორტნი

საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიღმა გავლენის ქონასა და არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად საუბრობდნენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშში საუბარია "კულისებს მიღმა" მმართველობაზე. ორგანიზაცია წერს, რომ „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაზე“.

"კენანის ინსტიტუტის" უფროსი მკლევარი და საქართველოში, ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა პოლიტიკური სისტემა არ იყოს აგებული ერთ ადამიანზე.

საქართველოში არის მიდრეკილება დიდი ფიგურებისადმი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ქვეყანა სადაც ხელისუფლება არ შემოიფარგლება ერთი ადამიანი.
კენეტ იელოვიცი

„საქართველოში არის მიდრეკილება დიდი ფიგურებისადმი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არ შემოიფარგლება ერთი ადამიანით... არ მინდა შედარება გავაკეთო პუტინთან, თუმცა პუტინი ერთადერთია რომელის გარშემოც რუსეთში ხდება ერთიანობის შენარჩუნება და ივანიშვილიც ასე ხედავს სიტუაციას, რომ ის უნდა დაბრუნდეს და "ქართულ ოცნებაში" ერთიანობა შეინარჩუნოს“, თქვა მან. „საქართველო წინ მიიწევს... ხელისუფლების, ძლიერი ოპოზიციის და გამჭირვალობის კუთხით საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს. თუ ივანიშვილი დაბრუნდა, იმედი მაქვს ეს დროებითია“, ამბობს იალოვიცი.

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პოსტზე დაბრუნებას პოზიტიურს უწოდებს სვანტე კორნელი, "ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის" უფროსი მკლევარი, რომელიც ამბობს, რომ არაფორმალური მთავრობიდან ფორმალურ პოზიციაზე გადასვლა დადებითი სვლაა. „მსგავსად სააკაშვილისა... ["ქართულ ოცნებაში"] არის ტენდენცია გადაწყვეტილებების არაფორმალურად მიღების და არაფორმალური სტრუქტურების, რაც ცუდია, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულება. არაფორმალურიდან ფორმალურ ადანგარიშვალდებულობისკენ სვლა ვფიქრობ პოზიტიურია“, ამბობს ის.

ფაქტი, რომ ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფოციალური პოსტი არ უკავია მთავრობაში, აჩვენებს, რომ მას აქვს ძალზედ გავლენიანი როლი და რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს
სვანტე კორნელი

კითხვაზე, თუ რამდენად გააქრობს არაფორმალური მმართველობის გარშემო დასავლეთში არსებულ შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა, კორნელი პასუხობს: „ფაქტი, რომ ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფოციალური პოსტი არ უკავია მთავრობაში, აჩვენებს, რომ მას აქვს ძალზედ გავლენიანი როლი და რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს“.

მიმომხილველთა ნაწილი საუბრობს, იმ გრძელვადიან შედეგებზე, რომებიც ხელისუფლების ერთი პირის გარშემო კონცენტრაციას შეიძლება მოჰყვეს. ლუკ კოფის, "ჰერიტიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია, იყოს პლურალისტული.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური მოძრაობა, მისი იდენტობა, ერთი ადამიანის გარშემოა გაერთიანებული, ეს ძალიან საშიშია.
ლუკ კოფი

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური მოძრაობა, მისი იდენტობა, ერთი ადამიანის გარშემოა გაერთიანებული, ეს ძალიან საშიშია. ამან შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს. არ ვამბობ, რომ ივანიშვილის დაბრუნებით ამ ეტაპზე ეს ხდება. თუმცა, ზოგადად მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური მოძრაობა იყოს მრავალფეროვანი და პლურალისტური, იქნება ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში,“ აცხადებს კოფი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოსა და რუსეთში ჯონ ტეფტმა, თბილისს მოუწოდა მხედველობაში მიიღოს ვაშინგტონის მოსაზრებები, რათა შეინარჩუნოს მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც თბილისს ამერიკისგან აქვს.

„ამ კონფერენციაზე, გამომსვლელების უმეტესობამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სისტემის, ღირებულებების და მრავალპარტიული სისტემის მშენებლობა. ვფიქრობ, ვაშინგტონში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, რასაც მთელი პოლიტიკური სპექტრი იზიარებს, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც. საქართველოს აქვს ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა და ამას უნდა მოუფრთხილდეთ“, თქვა მან.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის ნოემბერში დატოვა. პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ არენაზე პარტია "ქართულ ოცნებას" „სიმტკიცეს შესძენს“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG