ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა რვადღიანი ევროპული ტურნე დაიწყო


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ პირველ უცხოურ ტურნეს დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იწყებს. ბაიდენი ევროპაში 8 დღე დარჩება და რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრება. ამ ნაბიჯით ადმინისტრაცია ცდილობს გაგზავნოს სიგნალი, რომ ბაიდენი ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებს დიდ ყურადღებას აქცევს.

ვიზიტის განმავლობაში ბაიდენი მოკავშირეებთან კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამოსვლაზე, კლიმატურ ცვლილებებზე და რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრებს.

ვიზიტი ტესტი იქნება დემოკრატი პრეზიდენტისთვის ზოგიერთი ის ორმხრივი ურთერთობა გააუმჯობესოს, რომელიც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის დროს დაზიანდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „ალიანსის გაძლიერება და პუტინისთვის და ჩინეთისთვის იმის მკაფიოდ ჩვენებაა, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ერთად არიან“.

დიდ ბრიტანეთში ბაიდენი დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება. მანამდე კი ის შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და მეუღლე ჯილთან ერთად შეხვდება დედოფალ ელისაბედს. ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.

პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაამთავრებს. ისინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ იმაზე, გაიმართება თუ არა ერთობლივი პრესკონფერენცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG