ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ნეთანიაჰუს გაუმეორა, რომ რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს


გასულ წელს, ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიუჰუს შეხვედრა თელ-ავივში, ისრაელი. 18 ოქტომბერი, 2023 წ.
გასულ წელს, ჯო ბაიდენისა და ბენიამინ ნეთანიუჰუს შეხვედრა თელ-ავივში, ისრაელი. 18 ოქტომბერი, 2023 წ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუმეორა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვის გარეშე, პალესტინელთა ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს, 15 თებერვალს შედგა.

ბოლო ერთი კვირაზე ნაკლებ დროში, ეს ორ ლიდერს შორის გამართული რიგით მეორე სატელეფონო საუბარია. ბაიდენმა კვლავ გააფრთხილა ნეთანიაჰუ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის ძალების გადასვლის ადეკვატური გეგმის აუცილებლობაზე, რათა სათანადოდ მოხდეს იმ მილიონამდე პალესტინელ დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც თავს ქალაქ რაფას აფარებენ.

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ასევე ისაუბრეს მძევლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერთან პირობა დადო, რომ გააგრძელებს სადღეღამისო მუშაობას, რათა დაეხმაროს მას "ჰამასის" მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების განთავისუფლებაში, რომლებმაც ტყვეობაში უკვე 132 დღე გაატარეს, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარს რამდენიმე საათით წინ უძღოდა ცნობები იმაზე, რომ ისრაელი ღაზის სამხრეთით მდებარე მთავარ საავადმყოფოში შეიჭრა. ამ ფაქტმა გაზარდა შეშფოთება ასობით სამედიცინო პერსონალის, პაციენტების და საავადმყოფოს მიერ შეფარებულ, ათასობით პალესტინელთა ბედის თაობაზე.

რაფაში და მთლიანად ეგვიპტის საზღვრის მიმდებარე ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა. საკვების, მედიკამენტების, საწვავის და სხვა არსებით საარსებო საშუალებათა დეფიციტის ფონზე, დევნილებს ძირითადად იმპროვიზირებულ კარვებში სძინავთ.

ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ დაწყებულ საპასუხო ომს დასასრული ჯერ არ უჩანს. პარალელურად, იზრდება კონფლიქტის მთელ რეგიონში გაფართოების რისკი, რადგან ბოლო დროს ისრაელმა და ლიბანის "ჰეზბოლამ" ერთმანეთზე თავდასხმა გაახშირეს.

სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინელებს შორის ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმუქრება, რომ იერიშს "ჰამასის" განადგურებამდე და მძევლების დაბრუნებამდე გააგრძელებს.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ათობით ქვეყნისა და მათ შორის აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასი“, 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმისას დაიღუპა 1200 ადამიანი, „ჰამასის“ წევრებმა კი 250 ადამიანი ღაზაში მძევლად წაიყვანეს. 100-ზე მეტი, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG