ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბესიკ შენგელიას ნიუ-იორკში მეგობრები ემშვიდობებიან


ბესიკ შენგელია

ნიუ-იორკში გასულ კვირას ტრაგიკულად დაღუპულ საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილ სარდალს ბესიკ შენგელიას საქართველოში დღეს გადაასვენებენ. ბრუკლინში, სადაც ოჯახთან ერთად პირველი რანგის კაპიტანი ცხოვრობდა სამძიმარზე ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩავიდა საქართველოს სამხედრო ატაშე. ბესიკ შენგელიას საქართველოში გადასვენების ხარჯები ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სახელმწიფომ სრულად გაიღო. რა სტადიაშია გამოძიება?

იმ ღამეს, ნიუ-იორკში სულ რაღაც 5 საათიან მონაკვეთში ხუთი ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა. ბესიკ შენგელია 28 თებერვლის დილის ხუთის ნახევარზე ნიუ-იორკის, ქვინსის რაიონში, სამხრეთ რიჩმონდ პარკის სიახლოვეს იმყოფებოდა. ის საკუთარი მანქანის უკანა სალონიდან ნივთის აღებას ცდილობდა, როცა მას შემხვედრი ავტომანქანა დაეჯახა. ბესიკ შენგელია ადგილზევე გარდაიცვალა, დამნაშავე - გაიქცა. დილით ბრუკლინში მცხოვრებ შენგელიების ოჯახს ნიუ-იორკის პოლიციამ ბესიკ შენგელიას გარდაცვალების ტრაგიკული ამბავი ამცნო. ასე დასრულდა პირველი რანგის კაპიტნის, სარდლის, 2008 წლის ომის მონაწილის, 48 წლის ბესიკ შენგელიას სიცოცხლე სამშობლოდან შორს, ნიუ-იორკში, სადაც ის ბოლო წლები ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ნიუ-იორკის პოლიცია "აგრესიულად" იძიებს 28 თებერვალს მომხდარ ხუთივე შემთხვევას. ეს განცხადება ქალაქის მერის ბილ დე ბლასიოს პრეს-სპიკერმა გასულ ორშაბათს გააკეთა.

თუმცა, ერთ-კვირიანი გამოძიების შემდეგ დეტექტივები ჩიხში შევიდნენ. ქალაქში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვიდეო-კამერებია დამონტაჟებული, სათვალთვალო კამერა მაინცდამაინც იმ მონაკვეთში არ იყო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა. ბესიკ შენგელიას შვილს, გიორგი შენგელიას თითქმის ყოველდღიური კავშირი აქვს გამომძიებლებთან.

გიორგი შენგელია: კამერები არ არისო, ჯერ ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთო, არაფერი არ არისო სამი დღე ვირბინეო დეტექტივმა და ვერაფერი ვერ ვნახეო.

ეს ამბავი ადგილობრივმა ტელევიზიებმა და ბეჭდურმა მედიამ რამდენჯერმე გააშუქეს. 28 თებერვალს მომხდარი საგზაო შემთხვევების ადგილებზე დამონტაჟეს სპეციალური ეკრანები - მძღოლებს ინფორმაციას აწვდიან და გამოძიებისთვის დახმარებას თხოვენ. ბესიკ შენგელიას ოჯახის წევრებს კვირას, თბილისში გამომგზავრებამდე შევხვდით.

ლიკა შველიძე მეუღლეს იხსენებს:

ლიკა შველიძე: ბესო იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. ბესო ყველას უყვარდა, ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს. მთელი საქართველო არის შოკში. ყველას თავზარი დაეცა, ყველას უყვარდა , ვერავინ წარმოიდგენდა. ბესო იყო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ასეთი ადამიანის აქეთ წამოსვლა მე თუ მკითხავთ არის ძალიან დიდი შეცდომა. მაგრამ ასე მოხდა. ბესო აქ ჩამოვიდა, აქ იყო, მაგრამ სიგიჟემდე უყვარდა თავის ქვეყანა.

ბესიკ შენგელიას სამხედრო კარიერა უკრაინის საზღვაო კოლეჯიდან იწყება, რომელიც 1988 წელს დაამთავრა და შავი ზღვის ფლოტილიაში იმსახურა. შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო ბატალიონს შეუერთდა. მისი კარიერის პიკი 2008-2012 წლები იყო. მაშინ როდესაც აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ფოთი დაბომბა, ბესიკ შენგელიას საქართველოს საზღვაო მეთაურის თანამდებობა ეკავა. მძიმე დანაკარგების პარალალურად ბესიკ შენგელიამ მეომრების გადარჩენაც შეძლო. ომის დასრულების ის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

გიორგი შენგელია: ომის ვეტერანი იყო. 2008 წელს ომის დროს, რუსეთმა ფოთის პორტი რომ დამბობა იმ დროს ფოთის პორტში იმყოფებოდა. მის თვალწინ მისი მეგობრები და თანამშრომლები დაიღუპნენ, თუმცა ბევრიც გადაარჩინა. ამდენ რამეს გადაურჩა და აქ ასე ეს ტრაგედია მოხდა, შოკში ვართ.

ბესიკ შენგელიას საქართველოში დღეს გადაასვენებენ. გადასვენების ხარჯები ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს და პრემიერ-მინისტრის აპარატის მხარდაჭერით სახელმწიფომ სრულად გაიღო. ბესიკ შენგელიას სამხედრო პატივით თბილისში დაკრძალავენ.

კომენტარების ნახვა (14)

XS
SM
MD
LG