ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსში ტერორისტებს ეძებენ


ბელორუსში ტერორისტებს ეძებენ
ბელორუსში ტერორისტებს ეძებენ

მინსკის პოლიციის მონაცემებით ხუთკილოგრამიანი ასაფეთქებელი ნივთიერება ბაქანზე მოსაცდელი სკამის ქვეშ იყო მოთავსებული. მისი დეტონაცია ორშაბათს საღამოს ყველაზე დატვირთულ დროს, პიკის საათზე მოხდა. ლურსმნებით და ჭანჭიკებით სავსე ნაღმმა მატარებლის მოახლოვებისას იფეთქა და ასობით ადამიანი დაასახიჩრა. ოცი მათგანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის ბევრმა ერთ-ერთი კიდური დაკარგა.

მოსკოვის აფეთქებებისგან განსხვავებით ნაღმი სავარაუდოდ დენთით იყო დამზადებული და ის დისტანციური მართვის მოწყობილობით ამოქმედდა. პოლიციის განცხადებით საქმეში არც თვითმკვლელი ტერორისტი ფიგურირებს. ისინი ფოტორობოტზე შექმნილი პორტრეტით 20-30 წლის ახალგაზრდას ეძებენ. საქმესთან დაკავშირებით სამი ადამიანი დაკავებულია და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

მეტროს სადგური ქალაქ მინსკის ცენტრში, ორი ხაზის გადაკვეთაზე მდებარეობს. სამშაბათს ერთი ხაზი ამოქმედდა, დღეს მეორეც მწყობრში ჩადგა. აფეთქებამ 1, 8 მილიონიან ქალაქში გადაადგილების სერიოზული პრობლემები და ქუჩის საცობები შექმნა. მინსკი ევრაზიის კონტინენტზე ერთ-ერთი უდიდესი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

აფეთქების ადგილი ტერორისტმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ოფისიდან სულ 100 მეტრში შეარჩია. მეტროს სადგური იმ საკონცერტო დარბაზის ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს, რომელშიც ლუკაშენკომ იანვრის საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა.

ჟანა კობზოვას, ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ბელორუსის ექსპერტის თქმით, პრეზიდენტი ძალზე განერვიულებული ჩანდა. თითქოს ამ აქტით მისი დანაპირებიც ააფეთქეს, რომლითაც ლუკაშენკო საკუთარი ავტორიტარული რეჟიმით ხალხს მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიას აძლევდა.

„ასეთი აღელვებული ის არაოდეს მინახავს. მას პრინციპში სხვა არავინ დაუდანაშაულებია ბელორუსის მთავრობის და საკუთარი ადმინისტრაციის გარდა“.

ამ აფეთქების შემდეგ ბელორუსის სახელმწიფო თანდათან რუსეთს ემსგავსება - ავტორიტარულ ქვეყანას, რომელშიც პოლიტიკური ძალადობა რიგითი მოვლენა ხდება, აღნიშნავს ქალბატონი კობზოვა.

იაროსლავ რომანჩუკი აფეთქების მომენტში სადგურთან ახლოს ფეხით მიდიოდა. ის ამბობს, რომ აფეთქება ძალზე დიდი შოკი იყო ჩვეულებრივ წყნარი და მშვიდი მინსკისთვის.

„მეტროს სადგურთან მიმავალ ხალხს და იქიდან ამოსულებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. მათ ეს სიტყვაც არ უხსენებიათ. ყველა ბუნებრივი აირის შესაძლო აფეთქების, ან ტექნიკური გაუმართაობის შესახებ ლაპარაკობდა“.

რომანჩუკი ყოფილი ოპოზიციონერი კანდიდატია. მისი თქმით ხელისუფლება ახლა დამნაშავეების ძებნას ოპოზიციაში იწყებს და ამ აფეთქებას რეპრესიების პლატფორმად გამოიყენებს.

უკვე სამშაბათს, აფეთქების მეორე დღეს, ბელორუსის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ერთადერთ ოპოზიციურ გაზეთზე - „ნაშა ნივაზე“ - მიიტანა იერიში. ისინი ძირითადად ფოტო და ვიდეო მასალას ჩხრეკდნენ და ამოწმებდნენ, ამბობენ თვითმხილველები. რუსეთთან საზღვარზე თითქმის ყველა მანქანა ჩერდება და იჩხრიკება. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სატელევიზიო გამოსვლაში ერთგვარი ლექცია წაუკითხა უშიშროების სამსახურებს. მან ტერორისტულ აქტში უცხო ქვეყნის მონაწილეობაც არ გამორიცხა.

„საჩუქარი შეიძლება საზღვარგარეთიდან იყოს გამოგზავნილი. თუმცა ბელორუსშიც კარგად უნდა ვეძებოთ“. განაცხადა პრეზიდენტმა.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი ორგანიზაცია არ იღებს. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვადიმ ზაიცევი, სავარაუდოდ სამ მოტივს ასახელებს. ესენია: ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, ექსტრემისტული ორგანიზაციების შურისძიება და გონებრივად შეზღუდული ადამიანის აქტი.

მემარცხენეთა ლიდერი, სერგეი კალიაკინი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს პოლიცია დამნაშავეს მალე იპოვის და დააპატიმრებს. ტერორისტული აქტი დაუშვებელია და მისი ჩამდენი არ შეიძლება ადამიანის სახელს ატარებდეს, აცხადებს ის. იმავე აზრისაა ხელისუფლება, ოპოზიცია და უბრალო ხალხი, რომელიც დილიდან ყვავილებით და სანთლებით მოდის მეტროს სადგურთან. დღეს ბელორუსში გლოვის დღეა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG