ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბელარუსს აკრიტიკებს


ევროკავშირი ბელარუსს აკრიტიკებს
ევროკავშირი ბელარუსს აკრიტიკებს

სამშაბათს შეერთებული შტატების მთავრობამ და ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილება მინსკში ეუთოს სადამკვირებლო მისიის დახურვის შესახებ მკაცრად გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ ეუთომ ბელარუსის დეკემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ შეიძლება ახალი სანქციები დააწესოს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი დევიდ გოლუსტი.

ერთობლივ განცხადებაში შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბელარუსის მთავრობამ მინსკში განლაგებული ეუთოს ოფისი დახურა. განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ დეკემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნების შემდეგ დატრიალებული ამბები ბელარუსში დემოკრატიული მმართველობის დაწესების მხრივ „უკან გადადგმულ ნაბიჯს“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი კანდიდატი იყრიდა კენჭს, რაც თავდაპირველად იძლეოდა იმედს, რომ ევროპის უკანასკნელ დიქტატურას შეიძლება დემოკრატიზაციის ნიშნები დაეტყოს.

მაგრამ 19 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მოიპოვა. ამას ბელარუსში საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც უშიშროების ძალებმა მინსკში უმოწყალოდ დაარბიეს.

ეუთოს სადამკვირებლო მისიამ ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა და უშიშროების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ფაქტები დაგმო.

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კეთერინ ეშტონი ბელარუსის მთავრობის მიერ ეუთოს მისიის წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან დაკავშირებით სინანულს გამოთქვამენ. ისინი ლუკაშენკოს მთავრობას ეუთოს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი.ჯეი. კროულიმ აღნიშნა, რომ ეუთომ ბელარუსში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და რომ შეერთებული შტატების მთავრობა ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ ზომების მიღებას აპირებს.

„ჩვენ ეს ფაქტი ძალიან გვაღელვებს. მე მგონი თითქმის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ იყრიდა კენჭს, ამჟამად ციხეში იმყოფება. ეს კი ყველა საერთაშორისო ნორმის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამდენად ჩვენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ძალიან გვაღელვებს. ჩვენ ამჟამად სხვადასხვა ზომების მიღებაზე ვფიქრობთ და ვითარებას შესაბამისად ვაფასებთ,“ დასძინა კროულიმ.

სამშაბათს ბრიუსელიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა ბატონ ლუკაშენკოსთვის და ბელარუსის მთავრობის სხვა მაღალჩინოსანი პირებისთვის ვიზების გაცემაზე აკრძალვა შეიძლება ხელახლად დააწესოს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული აკრძალვა 2008 წელს გააუქმეს, როცა ბელარუსის მთავრობამ ბოლო პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG