ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა წყლის საკითხის გადატანისთვის პოლიტიკურიდან ჰუმანიტარულ ჭრილში


“მინიმალური შემხვედრი ნაბიჯი უწოდა“ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის ქმედებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის ბრძანებაში სანქციების თაობაზე საქართველო არ მოხვდა. ფედერაციამ ალბანეთის, მონტენეგროს, ისლანდის, ლიხტენშტეინისა და ნაწილობრივ უკრაინის მიერ წარმოებული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვა დააწესა. დღეს კი განაცხადეს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ექსპორტირებული პროდუქციაც განადგურებას დაექვემდებარება. საქართველო ამ დრომდე რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული 15 სანქციიდან მხოლოდ ერთსაა მიერთებული.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს: „ეს არაა ჩვენი გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. კარგია, როდესაც რაღაც ტიპის, თუნდაც მინიმალური შემხვედრი ნაბიჯი ჩნდება, თუმცა სამწუხაროდ, ესაა გაგრძელება იმის, რაც აქამდე ხდებოდა. სიახლეს ამაშივერ ვხედავ.“

კონფლიქტის ზონაში, შიდა ქართლში ვითარება მძიმე რჩება. რამდენიმე დღის წინ ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულმა ბანერმა, რაც ტერიტორიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის შესახებ მიანიშნებს, ადგილი კვლავ შეიცვალა. ბანერი, რაც ხევს მიღმა იყო განთავსებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან, რომელიც ოსურ სოფელ იონჩას ესაზღვრება, ახლა უკვე ხევამდე აღმოჩნდა. გელა ზოზიაშვილი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ექსპერტია. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის აცხადებს: „საზღვრებზე საუბარი აქ, რა თქმა უნდა არაა. საზღვარი ერთია და ის როკის გვირაბს იქითაა. საქმე აქ ადმინისტრაციულ შიდა საზღვრებს ეხება. იქ, მართლაც, აღმართულია ბანერი. იგი იყო ხევს იქით და ახლა რატომღაც, მოინდომეს, რომ ხევს აქეთ დაეყენებინათ. მე თავად ვნახე, რომ იქ ნამდვილადაა ბანერი, თუმცა ეს, ვიმეორებ არაა საზღვარი“.

კონფლიქტის ზონაში დღემდე პრობლემად რჩება სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი. შეხვედრებზე, რაც ჟენევასა და ერგნეთში იმართება, ქართული მხარე ცდილობს წყლის თემას პოლიტიკური სარჩული ჩამოაცილოს და მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში იყოს წარმოდგენილი. ამ დრომდე ეს ამოცანა გადაუჭრელია, თუმცა ბოლო შეხვედრაზე, რაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში გაიმართა და რომელსაც გელა ზოზიაშვილი უშუალოდ ესწრებოდა, დადებითი ტენდენცია ჩაისახა. ოსურმა მხარემ დააფიქსირა სურვილი იმის შესახებ, რომ წყლის საკითხის თაობაზე თანამშრომლობა შესაძლებელია. „ოსური მხარისგან ითქვა, რომ კონკრეტულად, წყლის თაობაზე კონტროლის მიზნით დაინიშნება პასუხიმგებელი პირი და მისგან მივიღებთ ინფორმაციას. ესაა მათი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი რობერტ გაზაევი. ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენს შორის კონტაქტი ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით შედგება. პირადად ჩემთან ზარები არ განხორციელდება, თუმცა მე ვიქნები თუ სხვა, დაინტერესებული პირი, ვინც ამ პრობლემებზე მუშაობს, მიაწვდის ცხელ ხაზს ინფორმაციას და ოსური მხრიდანაც მივიღებთ შესაბამისად, იმ პასუხს, რაც ექნებათ. ამგვარი კომუნიკაციის ფორმა იარსებებს ჯერ-ჯერობით ჩვენს შორის. თუ რამე პრეტენზია გვექნება ჩვენ ან ოსურ მხარეს, ან გაგვიჩნდება სურვილი კონკტერული საკითხის განხილვის, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით, ცხელი ხაზის მეშვეობით იქნება ეს შესაძლებლობა. სულ ერთი კვირაა, რაც ამის თაობაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით ოსურ მხარესთან,“- ამბობს გელა ზოზიაშვილი.

კონფლიქტის ზონები და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები ერთი თემის ორი კომპონენტია. საქართველოში ეს საკითხები ცალკ-ცალკე არ განიხილება. დღევანდელი დღე ტრაგიზმითაა სავსე, რადგან ყველას ახსოვს: 23 წლის წინ სწორედ ამ დღეს დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG