ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთი ბაღაფშს გლოვობს


აფხაზეთი ბაღაფშს გლოვობს
აფხაზეთი ბაღაფშს გლოვობს

სერგეი ბაღაფშის სიკვდილის ამბავმა აფხაზეთში შოკი გამოიწვია. აფხაზური საზოგადოება ამ ამბისთვის ნამდვილად არ იყო მზად. სულ რაღაც ერთი თვის წინ ბაღაფშის დაავადების შესახებ ხომ არავინ იცოდა. შემდეგ კი ინფორმაცია სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ სულ უფრო ბუნდოვანი გახდა, მაგრამ 62 წლის პოლიტიკოსის სიკვდილს ნამდვილად არავინ ელოდა.

სერგეი ბაღაფშმა მემკვიდრეობით ომით განადგურებული და ეკონომიკური და პოლიტიკური ბლოკადის პირობებში მყოფი აფხაზეთი მიიღო. ხოლო 2004 წელს ბაღაფშის ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა მწვავე პოლიტიკური ბრძოლა რაულ ხაჯიმბასთან, რომელსაც აფხაზეთში კრემლის კანდიდატს უწოდებდნენ. ბაღაფში რუსეთისთვის არ იყო სასურველი ფიგურა. იგი სისტემას არ ეკუთვნოდა და დამოუკიდებელი მეწარმე გახლდათ. მაშინ ბაღაფშის სახელის ხსენება აფხაზეთში ნდობის ნაკლებობას იწვევდა იმის გამო, რომ გავრცელდა ჭორი, რომ მისი მეუღლე ეროვნებით თითქოს ქართველია.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, სერგეი ბაღაფში მოსკოვსა და თბილისს შორის ბალანსირებას ახერხებდა. 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა ბაღაფშს „აფხაზეთის ფრონტის“ გახსნის პირდაპირი ბრძანება მისცა, მან აფხაზეთის სამხედრო ძალებს საქართველოზე სამხედრო თავდასხმის განკარგულება არ გასცა.

აფხაზეთში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. სერგეი ბაღაფშის გვამი მოსკოვიდან აფხაზეთში ჩამოასვენეს, სადაც იგი დაიკრძალება ქრისტიანული წესების თანახმად მშობლიურ სოფელში საგვარეულო სასაფლაოზე მშობლების საფლავთან ახლოს.

აფხაზმა მწერალმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ რუსეთთან სტაბილური ურთიერთობების დამყარება საგარეო პოლიტიკის სფეროში ბაღაფშის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად დაასახელა.

პოლიტიკურმა მიმომხილველმა ინალ ხაშიგმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ როგორც ბაღაფშის მომხრეებმა ისე მოწინააღმდეგეებმა მისი სიკვდილის ამბავი უზარმაზარ დანაკარგად აღიქვეს. „სერგეი ბაღაფში აფხაზეთში სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო გახლდათ. პრეზიდენტის სიკვდილმა საზოგადოებაში შოკი და შეშფოთება გამოიწვია, რადგან ბევრი შიშობს, რომ ამას მდგომარეობის დესტაბილიზაცია მოჰყვება. ბაღაფშის ყველაზე აშკარა ოპონენტებსაც კი ესმით, რომ აფხაზეთში ამჟამად გარდაცვლილი პრეზიდენტის ტოლფასი შემცვლელი პოლიტიკური ფიგურა უბრალოდ არ მოიძებნება,“ - აღნიშნა ინალ ხაშიგმა.

აფხაზეთის ქალთა ასოციაციის თავჯდომარე და აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივანი ნათელა აკაბა ინალ ხაშიგის პროგნოზებს მდგომარეობის შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ არ იზიარებს. „დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორები არ შეინიშნება. კონსტიტუციის თანახმად, სამ თვეში ახალი არჩევნები დაინიშნება. პრეზიდენტის სიკვდილი რასაკვირველია შოკს იწვევს, მაგრამ ეს პოლიტიკური კრიზისი როდია,“ აღნიშნავს ნათელა აკაბა.

აკაბა დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის სფეროში უცვლელი დარჩება. „აფხაზეთის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ და რუსეთთან სტრატეგიული პარტნირობისკენ მიმართული გეზი უცვლელი დარჩება, რადგან სწორედ ეს საგარეო პოლიტიკური კურსი აფხაზეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს,“ მიაჩნია ნათელა აკაბას.

მწერალი ნადეჟდა ვენედიქტოვა კი ხაზს უსვამს იმას, რომ ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე რაიმე მნიშვნელოვანი არ მომხდარა. „რეფორმები არ ჩატარებულა, კორუფციასთან ბრძოლა არ განხორციელებულა და ეკონომიკის გაჯანსაღების მცდელობაც არ მომხდარა. ყველაფერი თვითდინებით ვითარდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ეფექტურად არ მართავდნენ,“ აღნიშნავს ვენედიქტოვა.

მისი აზრით შემდგომი სამი თვის მანძილზე პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ანქვაბსა და პრემიერ მინისტრ სერგეი შამბას შორის გაჩაღდება.

XS
SM
MD
LG