ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიას ტერორისტი ორმაგი მოქალაქე ეგონა და მას მოქალაქეობა ჩამოართვა - საქმე კი სხვაგვარადაა


ავსტრალიისა და ფიჯის მთავრობას შორის დიპლომატიური გაურკვევლობა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირისთვის 2018 წლის 21 დეკემბერს ავსტრალიის მოქალაქეობის ჩამორთმევის შედეგად წარმოიშვა, რომელიც ავსტრალიას ორმაგი მოქალაქე ეგონა.

ავსტრალიის მთავრობას მოუწევს კიდევ ერთხელ განიხილოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი 27 წლის ნილ პრაკაშისთვის, რომელიც 2016 წელს, თურქეთში საზღვარზე დააკავეს. ის სირიაში გადასვლას ყალბი საბუთების გამოყენებით ცდილობდა. პრაკაშს ბრალი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ავსტრალიელების გასაწევრიანებლად გადაბირების მცდელობაში ედება.

თავდაპირველად, ავსტრალიელ სამართალდამცავებს ეგონათ, რომ პრაკაში ფიჯის და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქე იყო, რადგან მამამისი ფიჯიში დაბადებული ფიჯის მოქალაქეა. მამამისის მოქალაქეობის საფუძველზე კი, პრაკაშს უფლება ჰქონდა ფიჯის მოქალაქეობა მარტივად მიეღო.

ავსტრალიის კანონის თანახმად, ქვეყანა უფლებას იტოვებს მოქალაქეობა ჩამოართვას ტერორიზმთან ასოცირებულ ორმაგ მოქალაქეებს.

საქმის გართულება მაშინ დაიწყო, როცა ფიჯის საემიგრაციო სამსახურის დირექტორმა ნაომი ვუნივუაქამ სამშაბათს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილ ტერორისტს ფიჯის მოქალაქეობაზე განაცხადი არასოდეს შეუტანია. შესაბამისად, პრაკაში მხოლოდ ავსტრალიის მოქალაქე იყო, საერთაშორისო სამართალი კი კრძალავს ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვებას, რაც მაშინ მოხდა, როცა ავსტრალიამ პრაკაშს მოქალაქეობა ჩამოართვა.

ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ პრაკაშის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იურიდიულ კონსულტაციებს გააგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG