ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოკოვიჩი ავსტრალიის საიმიგრაციო დაკავების ცენტრშია - პირველი ჩოგანი ღია პირველობას გამოტოვებს


ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი და ცხრა გზის ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში სასურველი სტუმარი აღარ არის.

ამის შესახებ მთავრობამ ხუთშაბათს, მას შემდეგ განაცხადა, რაც სპორტსმენმა ავსტრალიელ მესაზღვრეებს ვერ წარუდგინა საბუთი იმის დასადასტურებლად, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლია.

სერბი სპორტსმენი, მელბურნის აეროპორტში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში დაკავებული იყო. მოგვიანებით, მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა საიმიგრაციო რეგულაციებს და დეპორტირებული იქნებოდა.

ჯოკოვიჩის მამა ამტკიცებდა, რომ მისი შვილი “ტყვეობაში” იყო.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის “შევიწროების” მსხვერპლი იყო.

თუმცა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი თავის პოზიციაზე მტკიცედ დგას.

“ბატონი ჯოკოვიჩის საკითხთან დაკავშირებით, - წესები წესებია და განსაკუთრებული შემთხვევები არ არსებობს. ეს არის მთავრობის პოლიტიკა. სწორად ჩვენი მთავრობის სასაზღვრო პოლიტიკის შედეგია ის, რომ ავსტრალიას კოვიდ-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ვიზით შემოსვლა, ორმაგ ვაქცინაციას, ან სამედიცინო გამონაკლისის დამადასტურებელ საბუთს მოითხოვს. როგორც შემატყობინეს, ამგვარი სამედიცინო გამონაკლისი არ არსებობს, ამიტომ ის იმავე წესებს ექვემდებარება, რასაც ყველა სხვა დანარჩენი” - აცხადებს სკოტ მორისონი.

ვიზის გაუქმებით, ჯოკოვიჩი ახლა ავსტრალიაში “არალეგალი არამოქალაქეა”, ამიტომ საიმიგრაციო დაკავების ცენტრშია მოთავსებული, სადაც მისი გადაადგილება შეზღუდულია. უცნობია, აქვს თუ არა მას საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეს საკუთარ მრჩევლებთან, რაც ასეთი შემთხვევისთვის, ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით სტანდარტული პრაქტიკაა.

მისი ადვოკატები დეპორტაციის ბრძანებას ავსტრალიის ფედერალურ საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ.

ჩოგბურთის 34 წლის ვარსკვლავი, კოვიდ ვაქცინაციის ამჟამინდელ სტატუსზე საჯაროდ არ საუბრობს.

ის ავსტრალიაში მას შემდეგ გაფრინდა, რაც საკამათო სამედიცინო გამონაკლისი მიიღო. ავსტრალიელთა დიდი ნაწილი, რომლებიც მკაცრი კოვიდშეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ, მიიჩნევდა რომ ჯოკოვიჩმა სისტემა ბოროტად გამოიყენა.

ავსტრალიის შტატებსა და ტერიტორიებზე, მხოლოდ ხუთშაბათს, ინფიცირების 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან, დღემდე ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 612 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 2 289 ადამიანი.

მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის აცრილილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG