სულ ცოტა 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ვენეციასთან მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ვენეციის მახლობლად მდებარე ესტაკადიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტი 3 ოქტომბერს, საღამოს 8 საათისთვის მოხდა, მესტრეს რაიონში, რკინიგზის ხაზებთან ახლოს მდებარე ესტაკადაზე. ტურისტული ავტობუსი დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა და და ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ვენეციის მერიის წარმომადგენელი რენატო ბორასო აცხადებს, რომ გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, 40 წლის იტალიელი მძღოლი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ იყო. ”ეს საშინელი ტრაგედიაა, ქალაქი გლოვობს”, - უთხრა ბორასომ იტალიის ტელევიზიას "სქაი".
მერიის ოფიციალური ცნობით, ავტობუსში სულ 40 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავტოკატასტროფაში დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა.
Facebook Forum