ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ჯარისკაცს სავარაუდოდ ტრიბუნალი ელის


ღამით განხორციელებული რეიდში 16 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან

ორივე მხარე - ავღანელები და შეერთებული შტატების სამხედრო ოფიციალური პირები ადასტურებენ ტრაგედიას, რომელიც სამხრეთ ავღანეთის პროვინციაში დატრიალდა. ამერიკელმა ჯარისკაცმა ღამით სამხედრო ბაზა დატოვა, შევიდა ავღანურ სოფლებში და იერიში მიიტანა ავღანელთა სახლებზე, რომლებშიც ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ. დაღუპულია 16 ადამიანი. თვითმხილველების განცხადებით ჯარისკაცმა დაღუპულთა ნაწილი მოგვიანებით დაწვა კიდეც.

ამერიკის სამხედრო კანონმდებლობის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუკი გამოძიება საკმარის სამხელს იპოვის, შეერთებული შტატების არმიის სერჟანტის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება და მას სავარაუდოდ სამხედრო ტრიბუნალი ელის. გვესაუბრება იუჯინ ფიდელი, რომელიც იელის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამხედრო სამართალს ასწავლის:

„ორივე მხარეს ადვოკატები ეყოლება. იქნება სამხედრო მოსამართლეც. ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა მინიმუმ 5-ით განისაზღვრება. ან - 12 მსაჯულით, თუკი დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით სიკვდილის დასჯა იქნება გათვალისწინებული“- ამბობს ექსპერტი.

ავღანეთის პარლამენტმა ფაქტი მკაცრად დაგმო და შეერთებული შტატების მთავრობას დამნაშავის საჯაროდ გასამართლება მოსთხოვა. იუჯინ ფიდელის თქმით ჯარისკაცი სავარაუდოდ ამერიკის არმიის მეურვეობის ქვეშ იმყოფება. მისი ოჯახი კი უსაფრთხოების მიზნით სახლიდან სასწრაფოდ გადაიყვანეს.

„გამორიცხულია დანაშაულში ეჭვმიტანილი ავღანურ სასამართლოს გადასცენ. მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი საჯარო გახდეს. საჯაროობაში იმას ვგულისხმობ, რომ ტრიბუნალი სავარაუდოდ საერთაშორისო მედიისთვის, ავღანეთის საზოგადოებისთვის და ავღანური საინფორმაციო წყაროებისთვის ღია იქნება“ - აღნიშნავს პროფესორი ფიდელი.

ექსპერტის თქმით პროცესებმა ავღანეთში არასასურველი მიმართულება მიიღო. აღნიშნული ტრაგედია შეერთებული შტატების ბაზაზე ახლახან მომხდარი ყურანების დაწვის ფაქტს დაემთხვა. ეს ყოველივე ძალზე საფრთხილო სტრატეგიულ მოლაპარაკებებს 2014 წელს ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანის და ქვეყანაში ამერიკის სამომავლო როლის შესახებ დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

რიჩარდ ვეითსი ჰადსონის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტია.

უშუალო ზემოქმედება ის იქნება, რომ ჯარების სტატუსის შესახებ შეთანხმების მიღწევა გართულდება. ამ პრობლემას ჩვენ ერაყშიც გადავაწყდით. სწორედ რამდენიმე ჯარისკაცის უპასუხისმგებლო საქციელის გამო მოხდა ის, რომ ერაყელებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების არმიისთვის იმუნიტეტი მიეცათ. არსებობს იმის საშიშროება, რომ უკანასკნელ ინციდენტებს ავღანეთშიც იგივე შედეგი ექნება“ - აღნიშნავს ბატონი ვეითსი.

შეერთებული შტატების არმიის ოფიციალური პირების განცხადებით ჯარისკაცი მათ ნებაყოფლობით ჩაბარდა და ამჟამად ამერიკის ბაზაზე მათი მეურვეობის ქვეშ იმყოფება. პროფესორი ფიდელი ამბობს, რომ ის შეიძლება ავღანეთის ტერიტორიაზე აღარც იმყოფებოდეს:

„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ის უკვე გადაყვანილია - მოდი, ასე ვთქვათ. ჩვენი მოვალეობა იმ ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვაც არის, ვინც სავარაუდოდ დამნაშავეა და განსასჯელის სკამზე ზის. არსებულ სიტუაციაში ლინჩის წესით გასამართლების მცდელობაც არ იქნება გასაკვირი. ამიტომ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარს გაითვალისწინებენ“.

ავღანეთში მომხდარი ინციდენტის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ და თავდაცვის მდივანმა - ლეონ პანეტამ ავღანელ ხალხს მიუსამძიმრეს და ფაქტების გულდასმით გამოძიება აღუთქვეს.

XS
SM
MD
LG