ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალცაიმერის დამარცხება მალე გახდება შესაძლებელი


ალცაიმერის დამარცხება მალე გახდება შესაძლებელი

დაავადების გამოსაკვლევად ობამას ადმინისტრაციამ სამეცნიერო დაწესებულებებს 50 მილიონი დოლარი გადასცა

ნევროლოგი რონ პიტერსონი ალცაიმერის კვლევათა დარგში ის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. სწორედ მან დაუსვა დიაგნოზი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს, რომელმაც წარმატებული მკურნალობის შემდეგ კიდევ 10 წელი იცოცხლა და 2004 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ექიმის თქმით მას შემდეგ დაავადების შესახებ მეცნიერებამ ბევრი ახალი რამ შეიტყო. განსაკუთრებული პროგრესი კი ბოლო 5 წლის განმავლობაში აღინიშნა.

„დიაგნოსტიკა უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება. დაავადებისკენ მიდრეკილების დადგენა მანამდე გახდა შესაძლებელი, ვიდრე ადამიანი ჯერ კიდევ ჯანმრთელია. ახლა თავად მკურნალობის პროცესი უნდა დავხვეწოთ“ - ამბობს ექიმი.

ბატონი პატერსონი იმ უახლეს აღმოჩენებზე და ტექნოლოგიებზე საუბრობს, რომელთა საშუალებითაც დაავადების გამომწვევი ბიოქიმიური მიზეზების დადგენა და ალცაიმერის დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დასმა გახდა შესაძლებელი.

თუმცა, ექიმის თქმით უფრო მოწინავე და ეფექტური თერაპიის გარეშე ამ ადამიანების ცხოვრებაზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლებელია. მისი თქმით წამლები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება მხოლოდ სიმპტომებზე მოქმედებს და არა საბოლოო შედეგზე.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი თანხა სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ექიმი ფრანცის კოლინზი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, აღნიშნავს, რომ დამატებითი თანხა სამეცნიერო კვლევებს მეტ სტიმულს მისცემს. შედეგთან ბევრად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე, ამბობს ის.

„თანდათან ვიგებთ, თუ რატომ ზიანდება ტვინის უჯრედი გონებრივი გაფანტულობის მქონე პაციენტებში და შემდეგ როგორ ხდება მისი გადაცემა ერთი უჯრედიდან მეორეზე. აქედან გამომდინარე თერაპიის სწორი მეთოდის დადგენისთვის დღეს საუკეთესო შანსები გვაქვს“.

ექიმი კოლინზის ოპტიმიზმს ბევრი ექსპერტი იზიარებს. გაი ეიკინი ჯანდაცვის ამერიკული ფონდის ვიცე-პრეზიდენტია. ორგანიზაცია ალცაიმერის გარდა ასაკთან დაკავშირებულ სხვა დაავადებათა გამოკვლევებსაც აფინანსებს.

„მედიცინაში მიღწეული წარმატებები და პოლიტიკური მხარდაჭერა გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ ალცაიმერის პრობლემას 10 წლის განმავლობაში გადავწყვეტთ. დრო შეიძლება ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, მაგრამ სამწუხაროდ სამეცნიერო კვლევა თავადაც ნელი პროცესია“.

მას შემდეგ, რაც ალცაიმერი აღმოაჩინეს, თითქმის საუკუნე გავიდა. მედიკოსებისთვის დაავადება დიდი ხნის მანძილზე მისტიურ ხასიათს ატარებდა. არც გამომწვევი მიზეზი იცოდნენ და არც მისი მკურნალობის გზები. რეალობა იცვლება. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კვლევების შემდგომი ხელშეწყობის შემთხვევაში ალცაიმერის დამარცხება მალე გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG