ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

40 წელიწადში მსოფლიოში მიგრანტთა რიცხვი გაორმაგდება


40 წელიწადში მსოფლიოში მიგრანტთა რიცხვი გაორმაგდება
40 წელიწადში მსოფლიოში მიგრანტთა რიცხვი გაორმაგდება

ბევრი არარეგულარული მიგრანტი, რომელმაც სამუშაო დაკარგა, ეგრეთწოდებულ შავ ეკონომიკაში გადადის, სადაც ისინი ექსპლუატაციისგან დაუცველები არიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, უახლოესი 40 წლის მანძილზე მსოფლიოში საერთაშორისო მიგრანტთა რიცხვი გაორმაგდება და 405 მილიონს მიაღწევს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში საერთაშორისო მიგრანტთა რიცხვი განუხრელად იზრდება და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს მიგრანტთა მოზღვავებულ რაოდენობასთან გამკლავება მოუხდებათ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიგრანტების მიერ ოჯახებისთვის გადაგზავნილი ფულადი გადარიცხვები, მსოფლიო ეკონომიკისთვის კვლავინდებურად უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. გამოანგარიშების მიხედვით, მთლიანობაში აღებული გადარიცხვები განვითარებადი ქვეყნების მიმართ, საერთაშორისო დახმარებას სამჯერ აღემატება.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლიზა შლეინი, ჟენევაში მდებარე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინიდან იუწყება, ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მსოფლიოში მოსახლეობის მიგრაცია კვლავინდებურად ძალიან მაღალია. მიგრანტთა რიცხვი არ შემცირებულა და მართალია უმუშევრობა მათ რიცხვზე, როგორც წესი, უარყოფით გავლენას ახდენს, მშობლიურ ქვეყნებში პირობები უფრო უარესია.

ანგარიშის თანახმად, ბევრი არალეგალურად მცხოვრები მიგრანტი, რომელმაც სამუშაო დაკარგა, ეგრეთწოდებულ შავ ეკონომიკაში გადადის, სადაც ისინი ექსპლუატაციისგან დაუცველები არიან.

ანგარიშის თანარედაქტორი ფრენკ ლაჩკო აღნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის მიგრაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ფულადი გადარიცხვების გამო.

„ჩვენ გავხდით მოწმეები იმისა, რომ გადარიცხვების დონე მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა. 2009 წელს გლობალურ ასპარეზზე გადარიცხვების დონე დაახლოებით ექვსი პროცენტით შემცირდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ განვითარებად ქვეყნებში გადარიცხვების მაშინდელი მაჩვენებელი დაახლოებით 316 მილიარდ დოლარს უდრიდა, რაც ამ ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარებას სამჯერ აღემატება. ამდენად მართლია, მიგრაცია მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ სამ პროცენტს შეიცავს, მას ძალზედ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკასა და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებზე “ - აღნიშნა ფრენკ ლაჩკომ.

მიგრაციის ნაკადის ზრდის პარალელურად ის სახელმწიფოები, საიდანაც ამჟამად მიგრანტების უმრავლესობა მოედინება, მომავალში გახდებიან ის ქვეყნები, სადაც მიგრანტების უმრავლესობა შეღწევას შეეცდება - აღნიშნულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში. მომავლის მიგრანტებს შორის უფრო დიდი მრავალფეროვნება და უფრო მეტი ქალი მიგრანტი იქნება მოსალოდნელი.

ანგარიშის ავტორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მომავალში ეკონომიკური და პოლიტიკური მიგრანტების ერთმანეთისგან გარჩევა კიდევ უფრო გართულდება. ამას გარდა, ბევრად უფრო ძნელი გახდება განსხვავების მონახვა მაღალი და დაბალი უნარ-ჩვევების მქონე მიგრანტებსა და ლეგალურად და არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს შორის.

მოხსენებაში ნათქვამია ისიც, რომ 2050 წლისთვის მიგრანტების რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს და ამჟამინდელი 214 მილიონიდან 405 მილიონამდე გაიზარდოს.

ანგარიშის თანარედაქტორი ხალიდ კოსერი აღნიშნავს, რომ დემოგრაფიული ცვლილებები, მზარდი კონფლიქტები, მდგომარეობის საერთო დესტაბილიზაცია, სიღარიბე და კლიმატის ცვლილება, მიგრაციას დააჩქარებს.

კოსერი აღნიშნავს, რომ ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი სახელმწიფოები, ამ ცვლილებებისთვის მზად არ არიან.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობებმა უფრო მეტი ყურადღება, მიგრაციის მიმართ პოლიტიკის შემუშავებასა და სათანადო ინვესტიციების დაბანდებას უნდა დაუთმონ.

სახელმწიფოებმა უკანონო მიგრაციისა და სამუშაო ძალის ბაზრების შესახებ, უფრო ხარისხიანი ინფორმაცია უნდა მოიპოვონ.

ამას გარდა, მიგრანტების ფარულად გადაყვანისა და ადამიანების ტრეფიკინგის დასაძლევად, მთავრობებმა თანამშრომლობა უნდა გაზარდონ, ნახსენებია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანაგარიშში.

XS
SM
MD
LG