ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობის პრობლემა ახლო აღმოსავლეთში


მშვიდობის პრობლემა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელ-პალესტინის პრობლემის მოწესრიგება მხოლოდ შეერთებული შტატების და ევროპის მტკიცე პოზიციას შეუძლია

შეერთებულმა შტატებმა და იორდანიის სამეფომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მშვიდობის დამყარების საქმეში მაქსიმალური ხელშეწყობა აღუთქვეს. თუმცა, მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინას შორის აგერ უკვე ერთი წელიწადია ჩიხში შევიდა და ადგილიდან არ იძვრის.

როგორც დიპლომატების დიდი უმრავლესობა, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ჯონ ბოლტონიც მშვიდობის დამყარების საკითხზე საკმაოდ ბუნდოვან მოსაზრებას გამოთქვამს:

ვფიქრობ, რომ პროცესი ამჟამად გაყინულია და უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება“.

რეგიონში პალესტინის ახალი სახელმწიფოს გეოგრაფიული ჩარჩოები, იერუსალიმის სტატუსი, პალესტინელ ლტოლვილთა დაბრუნება და ებრაული დასახლებები კვლავ კრიტიკულ საკითხებად რჩება.

სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხება 2010 წლის სექტემბერში მორატორიუმის ვადის ამოწურვისთანავე ისრაელის მხრიდან ებრაული დასახლებების მშენებლობის განახლებამ გამოიწვია. პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით მოლაპარაკება მხოლოდ მშენებლობის შეწყვეტის შემთხვევაში განახლდება. ისრაელი კი უარს ამბობს მშენებლობის გაყინვაზე და მოლაპარაკების გაგრძელებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოითხოვს.

იორდანიის მეფემ - აბდულა მეორემ ისრაელს და პალესტინას შორის საუბრებს უმასპინძლა, რათა მომავალში უმაღლესი დონის შეხვედრა მომზადდეს. 17 იანვარს პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ იორდანიის მონარქმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ჯერჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა და შესაბამისად დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოჰენი აცხადებს, რომ მოლაპარაკების დრო თანდათან იწურება.

განზე დგომის დრო აღარ არის. ისრაელი პალესტინას სასწრაფოდ უნდა მოელაპარაკოს. პალესტინამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ერთობლივი ფრონტი შექმნას და აღიაროს ისრაელის უფლება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. ისრაელმაც თავის მხრივ პატივი უნდა სცეს პალესტინელთა სუვერენიტეტის, ღირსების და ეკონომიკური განვითარების უფლებას. დრო სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების საწინააღმდებოდ მუშაობს. ამ წუთისთვის ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მშვიდობის მშენებლობის საკითხში არცერთი მხრიდან არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება“ - ამბობს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი.

ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებათა ჩიხში შესვლა პალესტინაში ლიდერთა შორის განხეთქილებამაც გამოიწვია. ძალაუფლება ამჟამად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს და ღაზას სექტორს შორის არის გაყოფილი. პალესტინის დასავლეთ ნაპირს ამჟამად მაჰმუდ აბასი მართავს, ღაზას სექტორი კი სამხედრო დაჯგუფების - ჰამასის - კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ამ ყოველივეს ისტორიულად არსებული დაპირისპირებაც ემატება, აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ბრენტ სკოუკროფტი:

„საკმაო გამოცდილება გვაქვს იმის დასაბუთებისთვის, რომ 1948 წელს დაწყებულ კონფლიქტში ორივე მხრის სრული დაბალანსება, ისე, რომ გამოსავალი ისრაელმა და პალესტინამ თავად იპოვონ, არასოდეს მოხდება. ორივე ქვეყნის შიგნით არსებული გამთიშველი მოძრაობების მოწესრიგება მხოლოდ შეერთებული შტატების და ევროპის მტკიცე პოზიციას შეუძლია. რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარება ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებში შედის, მაგრამ ისტორიული გამოცდილება მათ საშუალებას არ აძლევს პრობლემა ლოკალურად მოაგვარონ. თუმცა ისიც მართალია, რომ, როგორც ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი ამბობდა, მშვიდობის დამყარება მონაწილეთა გარეშე არ მოხდება და ამერიკას მშვიდობა მათზე მეტად ვერ ენდომება“.

სამივე ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2012 წელს ამ მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებას ჯერ არ უნდა ველოდოთ. შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის პროგრესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. ასე რომ 2013 წელს უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, თუ რას შესთავაზებს დაპირისპირებულ მხარეებს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG