რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ახალგაზრდა ადვოკატი უძღვება
ნავთობზე ფასების მომატებამ რუსეთის საექსპორტო შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა და შესაბამისად კორუფციამ რეკორდულ დონეს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ რეიტინგის თანახმად რუსეთი კამბოჯასა და შუა აზიის რესპუბლიკებს უტოლდება როგორც მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო. მაგრამ, როგორც ჩვენი კორესპონდენტი მოსკოვიდან იუწყება, 34 წლის ადვოკატი რუსეთში გამეფებულ კორუფციას ომს უცხადებს.
ალექსეი ნავალნი რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის ყველაზე ცნობილი ფიგურა გახლავთ. წელს რუსეთში არჩევნები უნდა გაიმართოს. მზარდი საშუალო კლასის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას სწორედ კორუფცია წარმოადგენს.
რუსეთის პოსტ-საბჭოური თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კორუფცია ახლა მთელს რუსეთს მოედო.
ტელევიზიით ელიტურ კორუფციას არ აშუქებენ რადგან კრემლი რუსეთში ყველა სატელევიზიო არხს მკაცრად აკონტროლებს. შედეგად ნავალნი ინტერნეტს იყენებს, რომელზეც ინფორმაციის გავრცელება ჯერ-ჯერობით თავისუფლად შეიძლება.
გასულ შემოდგომას ნავალნი შეერთებულ შტატებში მდებარე იეილის უნივერსიტეტის მოწვევით გამოკვლევას ატარებდა. მან საკუთარ ბლოგზე ატვირთა დოკუმენტები, რომელთა თანახმად რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ტრანსნეფტის“ ოფიციალურმა პირებმა რუსეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი ნავთობსადენის აშენებისთვის განკუთვნილი 4 მილიარდი დოლარი მიითვისეს.
ნავალნის თქმით, მისი ბლოგი ერთმა მილიონმა სტუმარმა მოინახულა და ვებ გვერდზე რამდენიმე ათასი კომენტარი დაიდო. რუსული საზოგადოების მხრიდან ამგვარი ყურადღების ფონზე, პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ნავალნის ბლოგზე დასახელებული კომპანია „ტრანსნეფტის“ ოფიციალური პირების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიების ბრძანება გასცა.
ხოლო მას შემდეგ რაც ინტერნეტის საშუალებით 700,000 მაყურებელმა ნავალნის კორუფციასთან დაკავშირებულ დებატებს უყურა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით არ გავიდა, ცხადი აღმოჩნდა ის, რომ რუსული საზოგადოება ორ ნაწილად გაიხლიჩა - YouTube-სა და ინტერნეტზე შეყვარებულ ახალგაზრდებსა და ტელევიზიას მიჩვეულ უფროს თაობაზე.
თავის ვებ გვერდზე ნავალნი რუსეთის მმართველ, პრემიერ მინისტრ პუტინის მხარდამჭერ „ედინაია როსიას“ პარტიას „თაღლითებისა და ქურდების“ პარტიას უწოდებს.
რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელენა პანფილოვა აღნიშნავს, რომ ინტერნეტის გამო ნავალნის ანტი-კორუფციულ კამპანიას ათასობით მომხრე გაუჩნდა.
„ყოველივე ეს პირად გაბედულობასა და გარკვეულ გაგებას უკავშირდება. ვფიქრობ ხალხს იგი მოსწონს და ისინი მას მხარს უჭერენ. მას ინფორმაციის მოძიების არაჩვეულებირივი გრძნობა გააჩნია,“ აღნიშნავს ელენა პანფილოვა.
პანფილოვას თქმით, ნავალნის მზარდ პოპულარობაში რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირების კორუმპირებული საქმიანობით გამოწვეული სახალხო უკმაყოფილება აისახება.
„ალექსეისა და ჩვენი საქმიანობის საბოლოო ამოცანას რუსეთში სახელმწიფო მართვის გარდაქმნა წარმოადგენს,“ აღნიშნავს პანფილოვა.
რუსი ოფიციალური პირების რეაქცია არაეთგვაროვანია. პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც მომავალ მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც მოსალოდნელია, რეფორმების მომხრედ მოგვევლინება, კორუფციის წინააღმდეგ განცხადებებით გამოდის.
30 მარტს ჩატარებული მთავრობის სხდომის დროს, რომელიც ეროვნული ტელევიზიით გადაიცა, მედვედევმა ოფიციალურ პირებს შემდეგი გაფრთხილებით მიმართა:
„კორუფციის გავლენა არ მცირდება. პირიქით, კორუფცია მთელს ჩვენ ეკონომიკას ემუქრება.“
კომპანია „ტრანსნეფტის“ ხელმძღვანელობამ სულ სხვა პოზიცია დაიკავა. კომპანიამ ნავალნის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „ტრანსნეფტის“ წარმომადგენელმა იგორ დემინმა ამერიკის ხმას მოახსენა, რომ ინფორმაცია მითვისებული ოთხი მილიარდი დოლარის შესახებ „უხარისხო ჟურნალიზმის“ შედეგს წარმოადგენს. იგორ დემინის თქმით, ნავალნი „ალბათ ფაშისტი როდია, ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, რომ ვიხელმძღვანელოთ.“
ქვეყანაში, სადაც გაბედულ ჟურნალისტებსა და ადვოკატებს ხშირად უმოწყალოდ ხოცავენ, ნავალნი უკან დახევას არ აპირებს. ნავალნი აცხადებს, რომ მას არ ეშინია და მიაჩნია, რომ თუ ყველა შეშინებული იქნება, მაშინ ცხოვრება გართულდება.