ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის შემდეგ სოფელ თორტიზაში დღესაც სავალალო მდგომარეობაა


ომის შემდეგ სოფელ თორტიზაში დღესაც სავალალო მდგომარეობაა
ომის შემდეგ სოფელ თორტიზაში დღესაც სავალალო მდგომარეობაა

2008 წლის 10 აგვისტოს მხოლოდ ამ სოფელში 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

ომის დროს გორთან ახლომდებარე სოფელ თორტიზაზე ავიაიერიში განხორციელდა და მისი რამდენიმე უბანი ძლიერი აფეთქებების ქვეშ მოჰყვა. 2008 წლის 10 აგვისტოს მხოლოდ ამ სოფელში 16 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. დაზიანდა სახლებიც, რომელთა შეკეთებაზეც ხელისუფლებას უნდა ეზრუნა. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ თორტიზაში ყველა სახლი აღდგენიალია.

გამგებლის განცხადებას სოფელ თორტიზაში მცხოვრები ადამიანები არასწორს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ სახლებში ჯერაც წყალი ჩამოდის, რადგან სახურავების შეკეთება არ დასრულებულა, ფანჯრები არ ჩასმულა, იატაკი არ აღდგენილა და სხვა. ლალი გოგიძის სახლს ბომბი დაეცა და ამის გამო მეორე წელია წყალი ჩამოდის. ოთახს, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს, ჭერის ნაცვლად პოლიეთინელის ნაჭერი აქვს გაკრული. ლალი გოგიძემ მუნიციპალიტეტს სიტყვიერად არაერთხელ მიმართა. დაპირებები სახლის შეკეთების შესახებ ორი წელია არ შეცვლილა.

თორტიზაში მცხოვრები თამაზ მერებაშვილი და მალხაზ ახალკაცი ამბობენ, რომ ისინი სამშენებლო კომპანია „ივერმშენმა“ დაასაქმა სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოზე, სამუშაო შეასრულებინეს, თანხა კი სრულად არ გადაუხადეს. ანალოგიურ მდგომარეობაშია ავთანდილ აკოფიანიც, რომელსაც მამა 2008 წლის 10 აგვისტოს დაბომბვის დროს გარდაეცვალა. მისი სახლის შეკეთება დაიწყეს, თუმცა იმის გამო, რომ ხელოსნებმა გასამრჯელო ვერ აიღეს, საქმეს თავი მიანებეს. საწილობრივ შესრულებული სამუშაოს საფასურს ახლა ისინი ავთანდილ აკოფიანისგან ითხოვენ, რომლის სახლში კედლები ამოსაშენებელი დარჩა და წვიმა ჩამოდის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ სიტუაცია, როდესაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ერთს ამბობს, არსებული მდგომარეობა კი მისგან განსხვავდება, ჩვენი რეალობაა. ასოციაციის წარმომადგენლები პირდად სწავლობენ თითოეულ სოფელში არსებულ ვითარებას. ქეთევან ბებიაშვილი ადასტურებს,. რომ თორტიზაში ომის დროს საზიანებული სახლების უმეტესობა ჯერაც არ შეკეთებულა, ან არასრულყოფილად შეკეთდა მაშინ, როდესაც საბუთების მიხედვით, იქ ყველაფერი უკვე აღდგენილია და ამ აღდგენისთვის საჭიროზე მეტი თანხაც გადახდილია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოკვლეულ მასალას პროკურატურას უგზავნის, თორტიზაში მცხოვრებლებისთვის კი კვლავაც უცნობია, ვინ უნდა აღადგინოს მათი სახლები და ვინ უნდა დაფაროს ხელოსნების მიმართ გადროვილი დავალიანება.

XS
SM
MD
LG