ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელი საქართველო - აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან


კონფერენციაზე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიკოს ოთარ ჯანელიძის მოხსენება მიეძღვნა თემას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აშშ-ის ურთიერთობის ისტორიიდან (1918-1921წწ.) .

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. აშშ-ის საელჩო თბილისში 20 წლის წინ, 23 აპრილს გაიხსნა.

”საქართველოს აშშ-თან ურთიერთობა არასდროს ყოფილა იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ამ ურთიერთობას აფასებენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ვაშინგტონშიც და ცდილობენ გააღრმავონ კიდეც” - ამბობს ექსპერტი მიხეილ თავხელიძე.

კონფერენციაზე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ისტორიკოს ოთარ ჯანელიძის მოხსენება მიეძღვნა თემას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აშშ-ის ურთიერთობის ისტორიიდან (1918-1921წწ.) .

” საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა მინისტრებმა მოისმინეს ქართველი მინისტრებისაგან, თუ რა პრობლემები დგას ქვეყნის წინაშე და რა თხოვნა აქვთ ამერიკისადმი, როგორი სახით შეიძლება ამერიკა დაეხმაროს საქართველოს.

ნოე რამიშვილმა განუცხადა სტუმრებს, რომ ახლადშექმნილ სახელმწიფოს ესაჭიროება დახმარება არმიის ორგანიზაციის საქმეში, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში და რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ასევე ამერიკასთან თავისუფალი მიმოსვლის დაწესება.

აშშ-ის მისია ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯექსონის მეთაურობით, საქართველოში პირველად ჯერ კიდევ 1918 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. მასზე ადრე თბილისსა და ბათუმში კონსტანტინოპოლში უმაღლესი კომისარი, ადმირალი ბრისტოლიც იმყოფებოდა. მაგრამ ორ ქვეყანას შორის საქმიანი კონტაქტები სწორედ ზემოხსენებული შეხვედრიდან დაიწყო. შეხვედრის შედეგი გახდა ის, რომ თბილისში შეიქმნა ომისგან დაზარალებულთა დახმარების ამერიკის კომიტეტი. ჩამოვიდა მისი კომისია, რომელმაც დაიწყო სპეციალური პროგრამით მუშაობა, შემოქონდათ საქართველოში პური, ოღონდ საქონელგაცვლითი პრინციპით, მაგრამ პურის გარკვეულ ნაწილს ღარიბ მოსახლეობას ურიგებდნენ. განხორციელდა შემოწირულობა 5 ათასი წყვილი ამერიკული ჩექმის სახით და სხვა. თბილისში ამერიკულმა კომიტეტმა მოაწყო საქსოვი ფაბრიკა, სადაც ძირითადად სომეხი ლტოლვილები დასაქმდნენ. მოგვიანებით, 1921 წლის ნოემბერში უკვე პარიზში მყოფი ნოე ჟორდანია ინტერვიუს აძლევს ამერიკულ გაზეთს ”ჩიკაგო ტრიბუნს”, სადაც ამ ფაქტს კმაყოფილებით აღნიშნავს. თბილისში 1917 წლიდან არსებობდა ამერიკის საკონსულო.”

პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ მაცაბერიძემ 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლების მიერ აშშ კონსტიტუციური გამოცდილების გამოყენების შესახებ ისაუბრა:

” აშშ-ის კონსტიტუციის გამოყენებაც ხდებოდა როგორც პრეცედენტებისა ამა თუ იმ მუხლის საბოლოო ფორმულირების ჩამოყალიბების დროს. გრიგოლ ლორთქიფანიძე დავიმოწმოთ, რომელიც 1925 წელს ქ.სუზდალში საპატიმროში წერს ნაშრომს ” ფიქრები საქართველოზე”. იქ უბრუნდება კონსტიტუციის საკითხებს და შეცდომად მიიჩნევს პრეზიდენტის ინსტიტუტის უარყოფას და ამბობს, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ამერიკა-გერმანიის მსგავსი ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი.”

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თსუ-ის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა ამბობს:

” ასეთი დინამიური განვითარების პერიოდი დიპლომატიურ ურთიერთობებში ალბათ იშვიათია. ის რაც მოხდა 20 წლის მანძილზე, თითქმის ნულოვანი კონტაქტიდან თითქმის მოკავშირედ გადაქცევა და ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად, ეს სწრაფი დინამიკაა, ყველა სფეროში პოლიტიკურში, სამხედრო, ეკონომიკურში, კულტურულში და სამეცნიეროში, ქარტია ამის კარგი დამადასტურებელი დოკუმენტია”.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG