ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დასავლეთის მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ბელარუსის ხელისუფლებამ ციხიდან გაათავისუფლა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
ანდრეი სანიკოვი შაბათს გაათავისუფლეს. მისი კამპანიის მენეჯერი დმიტრი ბონდარენკო კი კვირას. სანიკოვი ხუთ წლიან ვადას იხდიდა 2010 წელს მოწყობილი საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით. ბონდარენკოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით ჰქონდა მისჯილი.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სანიკოვმა მინსკში მხარდამჭერებს მიმართა და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ორივე მათგანი ხელისუფლებამ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დარბევის დროს აიყვანა.