ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია კაპიტოლიუმის წინ


საპროტესტო აქცია კაპიტოლიუმის წინ

ამერიკელი მასწავლებლები, პოლიციელები და მეხანძრეები დემოკრატი კანონმდებლების მიერ წარმოდგენილი 35-მილიარდიანი პროექტის მხარდასაჭერად გამოდიან

უმუშევრობა ამერიკაში სერიოზულ პრობლემად რჩება. 2008 წლიდან მოყოლებული ასობით ათასი მეხანძრე, პოლიციელი, თუ მასწავლებელია დაუსაქმებელი. დემოკრატი კანონმდებლების 35-მილიარდიანი პროექტი, რომელმაც მათთვის სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, სენატში ხმის უმრავლესობას ვერ აგროვებს.

საუბარია ხალხზე, რომელიც ქუჩებში დამნაშავეობას ებრძვის, სკოლაში ამერიკელ ბავშვებს ასწავლის, ან ბუნებრივი თუ ხელოვნური კატასტროფის დროს დასახმარებლად პირველი მიეშურება. მასწავლებლების, პოლიციელების და მეხანძრეების დიდი ჯგუფი კაპიტოლიუმთან კანომდებლებზე ზეწოლის მოსახდენად მივიდა.

“მიიღეთ კანონი“ - ასეთია მათი მთავარი მოთხოვნა. საუბარია 35-მილიარდიან კანონპროექტზე, რომლითაც სენატის დემოკრატებს სურთ რომ საჯარო მოხელეებს ფედერალური დახმარება აღმოუჩინონ. მისი დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელ მილიონრებს გადასახადი ოდნავ გაეზრდებათ, სამაგიეროდ კი მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენას მნიშვნელოვანი შეღავათი მიეცემა.

დემონსტრანტებს შორისაა შერინ აკბარი, ფლორიდის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც სამუშაო ახლახან დაკარგა. მისი მთავარი საზრუნავი მაინც მოსწავლეებია, და არა საკუთარი სამსახური:

დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად სკოლის მოსწავლეები ზარალდებიან. საუბარი ჩემზე არ არის და არც მხოლოდ ჩემს სამსახურზე“.

კონექტიკუტელი პოლიციის ოფიცერი ჯენიფერ პირსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი შემცირების შემთხვევაში სამართალდამცავებს წესრიგის დამყარებისთვის პერსონალი არ ეყოფათ, ქუჩებში ნაკლები პატრული იქნება და შესაბამისად დანაშაულთა რაოდენობა მოიმატებს.

გამომსვლელებს საინტერესო სპიკერი ჰყავთ. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აცხადებს, რომ ბიუჯეტის დროებითი შეკვეცაც კი გამოუსწორებელ უარყოფით შედეგებს მოიტანს.

შედეგი დროებითი არ იქნება, როცა საუბარი საბავშვო ბაღს შეეხება. ბავშვის აღზრდას ადრეულ ასაკში მის მთელ მომავალ ცხოვრებაზე აქვს გავლენა.არაფერია დროებითი ადამიანის გადარჩენის პროცესში, როდესაც მას კრიმინალი ესხმის თავს. 5 წუთში მივა იქ პოლიცია, თუ 30 წუთში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.დროებითი აქ არაფერია, რადგან საუბარია რეალურ, ცოცხალ ადამიანებზე“.

გასულ კვირას პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი 476-მილიარდიანი სამუშაო ადგილების შექმნის გეგმა, რომლის მთავარი მიზანი სწორედ საჯარო მოხელეებისთვის შეღავათის გაწევა იყო, დამარცხდა. დემოკრატებმა ახლა გეგმის ცალკეული კომპონენტებისთვის დაიწყეს ბრძოლა. და დაიწყეს ყველაზე დაუცველი ფენების ფედერალური დახმარებით.

რესპუბლიკელები არც ამ პროგრამას აძლევენ ხმას. სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკონელი, ფედერალური ფონდების ამგვარი განაწილების კატეგორიული წინააღმდეგია. „მასტიმულირებელი პაკეტები პრობლემებს არ აგვარებს, პირიქით, უფრო აღრმავებს მათ“- აღნიშნავს ის და მაგალითისთვის მთავრობის მიერ 2009 წელს გაცემული 800-მილიარდიანი ფინანსური პაკეტი მოჰყავს:

„ისევ და ისევ! პრეზიდენტი კონგრესისგან სამუშაო ადგილების შესაქმნელად ქმედებას მოითხოვს. საბოლოო ჯამში კი ვალიც გვემატება და სამსახურების რაოდენობაც მცირდება“.

საპასუხოდ მასწავლებელთა, პოლიციელთა და მეხანძრეთა პროფესიული კავშირები ამერიკულ საზოგადოებას რეკლამების, მედიის, თუ ქუჩის პროტესტების დახმარებით მხარდაჭერას სთხოვენ. პრეზიდენტი ობამაც აგრძელებს მათ გვერდით დგომას. უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით ამერიკელთა 76 პროცენტი მხარს უჭერს ფედერალური სამსახურების გადარჩენის ობამასეულ გეგმას.

XS
SM
MD
LG