ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორბაჩოვის „My Way“


გორბაჩოვის „My Way“
გორბაჩოვის „My Way“

ყოფილი საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი 80 წლისაა

ყოფილი საბჭოთა კავშირის უკნასკნელ ლიდერს მიხაილ გორბაჩოვს 2 მარტს 80 წელი შეუსრულდა. გორბაჩოვის მიერ საგარეო პოლიტიკაში განხორციელებულ ნაბიჯებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ანდრე დე ნეშნერამ გადაავლო თვალი.

მიხაილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად 1985 წლის 11 მარტს აირჩიეს. ის იმ დროს 54 წლის და იმჟამინდელ პოლიტბიუროში ყველაზე ახალგაზრდა მოღვაწე იყო. მომდევნო 6 წლის მანძილზე მის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ისტორიის კურსი რადიკალურად შეცვალა, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დემონტაჟით დასრულდა.

საშინაო ფორნტზე მისი პოლიტიკა „გლასნოსტის“ და „პერესტროიკის“ სახელით იყო ცნობილი. საგარეო არენაზე კი გორბაჩოვის რეფორმებს „ახალ აზროვნებას“ უწოდებდნენ.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი რობერტ ლეგვოლდი ამბობს, რომ კრემლის კურსის შეცვლა გორბაჩოვის მიერ მარტივი საქმე არ იყო.

„ეს ახალი პოლიტიკური აზროვნება, როგორც ფუნდამენტური, ახალი კონცეპტუალური შეხედულება შეეხებოდა საბჭოთა კავშირის როლს საერთაშორისო პოლიტიკაში და იყო წარსულში დაშვებული ფუნდამენტური შეცდომების გაცნობიერება,“ - აცხადებს ლეგვოლდი.

მისი თქმით, ბატონ გორბაჩოვს ესმოდა, რომ საბჭოთა კავშირს აღარ შეეძლო სამხედრო ძალით თავისი გავლენის გაზრდა მსოფლიოში და ამდენად უნდა შექმნილიყო ეკონომიკაზე დაფუძნებული ახალი საგარეო პოლიტიკა და ამდენად საბჭოთა კავშირს ზოგიერთ რეგიონში თავისი აქტიურობა უნდა შეეზღუდა. ერთერთი ასეთი რეგიონი კი ავღანეთი იყო, სადაც საბჭოთა კავშირი მოჯაჰედების პარტიზანულ შენაერთებს 1979 წლიდან ებრძოდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი არჩი ბრაუნი ამბობს, რომ ავღანეთის საკითხში გორბაჩოვს მტკიცე შეხედულება ქონდა ჩამოყალიბებული.

„ავღანეთში შეჭრის დროს, გორბაჩოვი შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერს და საბჭოთა კავშირის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრს. მაშინ ორივე პოლიტიბიუროს წევრი იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ გარეშე მიიღეს. ეს მაშინ იყო ძალიან ვიწრო ჯგუფი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს ნაბიჯი კატასტროფას გამოიწვევდა. ამდენად, გენერალური მდივნის პოსტზე არჩევისთანავე გორბაჩოვს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა გადაწყვეტილი ქონდა. მაგრამ ეს უკავშირდებოდა სხვა ლიდერების პრობლემას. ასევე არ იყო ადვილი მოულოდნელად გეთქვა, რომ იქ გაღებული მსხვერპლი ფუჭი იყო. გამოყვანა ღირსეულად და გარკვეული შეთანხმების საფუძველზე უნდა მომხდარიყო,“ - ამბობს ბრაუნი.

ის ამბობს, რომ პროცესი მოსალოდნელზე დიდხნას გაიწელა. უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა ავღანეთის მიწა 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა.

გორბაჩოვის „ახალი აზროვნების“ საგარეო პოლიტიკამ აღმოსავლეთ ევროპაც მოიცვა, სადაც ხალხი უკვე ხმამაღლა აპროტესტებდა კომუნისტურ მმართველობას. 1989 წლის ივლისში ე.წ. „ბრეჟნევის დოქტრინა“ გორბაჩოვისეულმა „სინატრას დოქტრინამ“ ჩაანაცვლა. ანუ პოპულარული ამერიკელი მომღერლის ფრენკ სინატრას კომპოზიციის „My Way“-ს საპატივცემულოდ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს საკუთარი გზით, საბჭოთა კავშირის ჩარევის გარეშე შეეძლებოდათ პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების გაგრძელება.

ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, თუ რამ გამოიწვია „ცივი ომის“ დასრულება და საბჭოთა კავშირის დაშლა. რობერტ ლეგვოლდი ამის ახსნას დროით ფაქტორით ცდილობს, ანუ ის ვითარება რაც ჩამოყალიბდა 1985-89 წლებში. თუმცა, მისივე მტკიცებით, გორბაჩოვის წვლილის დავიწყება რასაკვირველია არ შეიძლება.

1990 წლის ოქტომბერში მიხაილ გორბაჩოვი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 14 თვის შემდეგ კი ის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც ამ ქვეყანამ არსებობა დაასრულა.

XS
SM
MD
LG