ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„აგვისტოს 5 დღის“ მსოფლიო პრემიერა ვალენსიაში


კადრი ფილმიდან „აგვისტოს 5 დღე“

ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლინის გახმაურებული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ მსოფლიო პრემიერა, ხვალ ვალენსიის კინოფესტივალის ბოლო დღეს შედგება.

ფილმი განსაკუთებით დიდ ინტერესს იწვევს ქართულ მაყურებელში, ის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს ეძღვნება და მის გადაღებაზე, სავარაუდოდ, საბიუჯეტო სახსრებიც დაიხარჯა.

ჩვენება ესპანეთში ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართება. „აგვისტოს 5 დღის“ ჩვენებით დასრულდება რენი ჰარლინის ფილმების რეტროსპექტივა ვალენსიაში, რომელიც ფესტივალის გახსნის დღიდან დაიწყო.

ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელმა ჰარლინის სხვადასხვა დროს გადაღებული ხუთი ფილმი იხილა, მათ შორის 1990 წლის ცნობილი „კერკეტი კაკალი-2“. მსოფლიო პრემიერას დაესწრება თავად რეჟისორიც. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა დავითაია, რომელიც ამავდროულად ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია, ამბობს

„ეს კინოფესტივალი არის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული ევროპაში. ორგანიზატორებმა საგანგებოდად მიიწვიეს რენი ჰარლინი და გადაწყვიტეს მთელი მისი შემოქმედებისთვის გადაეცათ პრიზი. თავად ფეხტივალი 14 აპრილს დაიხურება ჩვენი ფილმის ჩვენებით. ამის შემდეგ, რენის გადაეცემა ფესტივალის პრიზი და ვალენსიის საპატიო მოქალაქეობა. არის საკმაოდ დიდი გალა ღონისძიება, რომელიც იქნება პირველი წარმატება ჩვენი ფილმისათვის.“

„აგვისტოს 5 დღის“ გადაღება 2009 წელს დასრულდა, რენი ჰარლინმა ჰოლივუდის თანავარსკვლავედთან ერთად საქართველოშიც იმუშავა. მთავარ როლებში დაკავებულნი არიან ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი, დინ კეინი, იონათან შეხი და ენდი გარსია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს განასახიერებს.

ენდი გარსია სააკაშვილის როლში
ენდი გარსია სააკაშვილის როლში

ქართველი მსახიობებიდან ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი როლები, ახალბედა ანი იმნაძეს და მიშა გომიაშვილს ერგოთ. გომიაშვილი ფილმში ოსი ეროვნების მამაკაცის როლს ასრულებს. ქართველი მსახიობი ფილმის სცენარზე საუბრობს

„ხდება ის, რომ იწყება ჩვენი სოფლის და ჩვენი ქორწილის დაბომბვა. ასე იწყება ფილმი. ამ ქორწილში შემთხვევით აღმოჩნდებიან ამერიკელები, ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი. ისინი ყველაფერს ამას იღებენ, იმ საშინელებას რასაც რუსები სჩადიან.

შემდეგ დაგვდევენ რუსები ამ ვიდეოკასეტის ხელში ჩასაგდებად. აი, ეს არის მთელი ფილმის სიუჟეტი. ჰოლივუდის ვარსკვლავები ისეთი ადამიანები არიან, გარდა თავისი პროფესიონალიზმისა პირად ურთიერთობაში, რომ აბსოლუტურად არანაირი შეგრძნება არ გვქონდა იმისა, მათთან ერთად როგორ გვემუშავა.“

მსოფლიო პრემიერამდე ფილმს სახელი სამჯერ შეეცვალა, თავიდან „საქართველო“ ერქვა, შემდეგ კი „წითელი აგვისტო“. პრემიერაც ორჯერ გადაიდო. პირველი ანონსის მიხედვით, “აგვისტოს 5 დღე“ 2010 წლის, 8 აგვისტოს, ომის მეორე წლისთავზე უნდა ეჩვენებინათ, შემდეგ მიმდინარე წლის მარტში.

სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიასთან ერთად, ფილმის პროდიუსერები, საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია და მისი ვაჟი ნიკოლოზ ნაყოფია არიან. ოფიციალური მონაცემებით, ფილმის გადაღება 20 მილიონი დოლარი დაჯდა.

პროდიუსერების ინფორმაციით, გადაღებისთვის საჭირო სესხები ამერიკიდან და საქართველოდან იყო მოზიდული. მათივე მტკიცებით "ფილმი უკვე გაყიდულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დასავლეთ ევროპისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანასა და იაპონიაში". “აგვისტოს 5 დღის“ ამერიკელი პროდიუსერი ჯორჯ ლასკუ ამბობს

„ფილმი უკვე 50 ქვეყანაში გაიყიდა. „აგვისტოს 5 დღე“ უკვე შეიძინეს ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. ასე რომ ველოდებით პრემიერას, კიდევ დიდი მარკეტინგული სამუშაოებია ჩასატარებელი. „აგვისტოს 5 დღე“ ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ამისთვის გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ვარსკვალვებმა ყველაფერი გააკეთეს.“

ამერიკაში ფილმის პრემიერა სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება. ფილმის პროდიუსერებმა - „რექს მედიამ“ და „ჯორჯიან ინტერნეშენალ ფილმმა“ უკვე გამართეს წინასწარი ჩვენება, რომლის საფუძველზეც 250 ამერიკელი მაყურებელი გამოიკითხა. სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია წინასწარი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს

„85 პროცენტი ძალიან დადებითად აფასებს ფილმს, 12 პროცენტი ამბობს, რომ ისე რა ანუ საშუალო შეფასებას აძლევს და მხოლოდ 3 პროცენტია, რომელიც ნეგატიურ შეფასებას იძლევა, რაც ფაქტიურად არაფერი არ არის. ასე, რომ ძალიან, ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა.“

ქართველი პროდიუსერები დარწმუნებულები არიან, რომ რენი ჰარლენის “აგვისტოს 5 დღე“ წარმატებული იქნება, როგორც პროპაგანდისტული, ისე კომერციული თვალსაზრისით., თუმცა თავად რემი ჰარლინი ამბობს, რომ "პროპაგანდისტყლი ფილმი არ გადაუღია და არც საქართველოს მთავრობისგან აუღია ფული".

რენი ჰარლინი ფილმის გადაღების დროს საქართველოში
რენი ჰარლინი ფილმის გადაღების დროს საქართველოში

ქართული საზოგადოების ნაწილი კი ითხოვს, რომ უფრო გამჭირვალე გახდეს ინფორმაცია ფილმის მრავალმილიონიანი დაფინანსების შესახებ, საზოგადოებას ასევე აინტერესებს ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო მინისტრსა და პარლამენტის წევრს კომერციულ პროექტში მონაწილეობის და მისი დაფინანსების უფლება.

XS
SM
MD
LG