ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის გავლენა უკრაინაზე


რუსეთის გავლენა უკრაინაზე
რუსეთის გავლენა უკრაინაზე

კიევში ვენესუელას პრეზიდენტის უგო ჩავესის ცოტა ხნის წინათ დასრულებულ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით ტარას კუციომ აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთი უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„უკრაინის საგარეო და უსაფრთხოების სფეროებში დასაქმებული პირები, მაგალითად თავდაცვის მინისტრი ან იანუკოვიჩის პირადი დაცვის უფროსი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ან უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი ვალერი ხოროშკოვსკი, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღების ექსპორტიორი სამთავრობო კომპანიის ხელმძღვანელი - ყველა ზემოთჩამოთვლილი პირი რუსეთიდან არის. ამდენად ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის გავლენა უაღრესად მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ყოველივე ეს 2009 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ მედვედევმა იუშჩენკოს ღია წერილი მისწერა, რომელშიც მან კორექტივების შეტანა ორ სფეროში მოითხოვა - ეროვნული იდენტურობის პოლიტიკასა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. ამდენად ისეთი პირები როგორებიც არიან განათლების მინისტრი ბატონი ტობაჩნიკი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი ხოროშკოვსკი, ესენი არიან ის პირები, რომლებსაც, უკრაინელი ექსპერტების უმრავლესობის აზრით, მოსკოვთან კავშირი აქვთ. ისინი პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეპუტაციას უკრაინელებს შორის ისევე როგორც დასავლეთში დისკრედიტაციას უწევენ,“ აღნიშნა კუციომ.

ექსპერტს მიაჩნია, რომ უგო ჩავესის ვიზიტი აგრეთვე იმის მანიშნებელი იყო, რომ უკრაინას საგარეო პოლიტიკა უბრალოდ არ გააჩნია. მისი თქმით:

„თუ უკრაინას შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა სურს, მაშინ პრეზიდენტ მედვედევის ევროპაში ახალი უსაფრთხოების გეგმის მხარდაჭერაზე ლაპარაკიც ზედმეტია რადგან ის ევროპიდან ამერიკისა და ნატოს მოშორებას ითვალისწინებს. თავის თავად ეს იმასაც ნიშნავს, რომ უგო ჩავესთან ურთიერთობების განვითარება გამორიცხულია რადგან ამას არაფერი კარგი არ მოჰყვება. უგო ჩავესს ბელორუსში ნავთობის ექსპორტი სურს, მაგრამ ეს უკრაინას ნაკლებად აინტერესებს ვინაიდან უკრაინელი ოლიგარქები ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვიდან თუ ტრანზიტიდან მოგების მიღების მიზნით რუსეთთან ურთიერთობას იყენებენ. ამდენად შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩავესის ვიზიტი უკრაინის საგარეო პოლიტიკის სფეროში სრულ ქაოსს ასახავს.“

კუციოს თქმით, ჩავესის ვიზიტს უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი იანუკოვიჩის მთავრობის ამგვარ არათანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას დაცინვით შეხვდა იმის გამო, რომ მას სტრატეგიული ფოკუსი აკლია. უკრაინელი კომენტატორები ხუმრობდნენ, რომ გუამის ნაცვლად შეიქმნა ახალი რეგიონალური ალიანსი სახელწოდებით „ვირუსი,“ რომელიც ვენესუელას, ირანს, რუსეთსა და სირიას გააერთიანებს.

რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო იეჟელის საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულებულ პირველ ოფიციალურ ვიზიტს, კუციომ აღნიშნა:

„ვფიქრობ უკრაინაში ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭეს იმის გამო, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლეგიტიმურობის ნაკლებობას განიცდის. მოგეხსენებათ, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნვამდე იგი ყირიმში მსახურობდა. ლეონიდ კუჩმამ არაკომპეტენტურობის გამო იგი თავის დროზე თანამდებობიდან მოხსნა. ამას გარდა მას შავი ზღვის ფლოტთან ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. უკრაინელი ექსპერტები მას მოსკოვიდან დანიშულ პირად აღიქვამენ. ეს არ არის ის პირი, რომელიც უკრაინას ნატოსთან დაახლოებს ან სამხედრო რეფორმებს ჩაატარებს. იმავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პირი იმ მთავრობის და ადმინისტრაციის ნაწილია, რომელმაც საქართველოსთვის შეიარაღების თითქოსდა უკანონო მიწოდებასთან დაკავშირებული გამოძიების ჩატარების საკითხი კიდევ ერთხელ წამოაყენა.“

ინტერვიუს დასასრულს კუციომ ბუდაპეშტში 1994 წელს გაფორმებულ მემორანდუმში ჩადებული უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესრულების მხრივ შეერთებული შტატების დღემდე გაწეული საქმიანობა ამგვარად შეაფასა:

„უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ოთხი ამერიკელი პრეზიდენტის მმართველობის მანძილზე არსებობდა. ორი მათგანის მმართველობა უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებში ‘ოქროს’ ერად შეიძლება ჩაითვალოს. ესენი იყვნენ ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი. დღევანდელი ადმინისტრაცია 1990-იანი წლების დასაწყისში ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციას წააგავს, როცა ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ვაშინგტონში, უკრაინასა და ალბათ საქართველოში იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან უკან იხევს. ხოლო რაც შეეხება ნახსენებ უსაფრთხოების გარანტიებს, ამ მხრივ უკრაინა შეიძლება უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდეს ვიდრე საქართველო, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რადგან უკრაინას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიები გამოიყენოს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, უკრაინული ელიტა ამ გარანტიებისგან ბევრს არაფერს ელის. ჩვენ რომ შეგვეძლოს 1994 წლის გამეორება, მაშინ უკრაინელები დღეს ალბათ უფრო მეტს მოითხოვდნენ. მაგალითად თუნდაც იმას, რომ ბირთვული შეიარაღებისგან ნებაყოფლობითი გათავისუფლების სანაცვლოდ, და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მაშინ უკრაინას მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი გააჩნდა, უკრაინის მთავრობას ნატოში უპირობო გაწევრიანება უნდა მოეთხოვა.“

XS
SM
MD
LG