ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილთა წყურვილი


დევნილთა წყურვილი
დევნილთა წყურვილი

ყველა სახელმწიფო სტუქტურაში იციან დევნილთა ამ პრობლემის შესახებ, თუმცა მისი გადაწყვეტა დღემდე ჭიანურდება.

გორის რაიონის სოფელ შავშვებთან, დევნილების 200 ოჯახია კომპაქტურად ჩასახლებული. მათ სასმელი წყალი არ აქვთ. წელიწად ნახევარია ჭაბურღილიდან, რომელსაც მათთვის სასმელი წყლის პრობლემა უნდა გადაეჭრა, მარილიანი, სასმელად გამოუსადეგარი წყალი ამოდის. დევნილებს წყლის ზიდვა ხან მეზობელი სოფლიდან უწევთ, რომელიც მათგან 4 კილომეტრითაა დაშორებული, ხანაც გორიდან.

შავშვების დევნილთა ჩასახლების მამასახლისი იასონ ტურაშვილი ამბობს, რომ დევნილების ამ პრობლემის შესახებ ყველა სახელმწიფო სტუქტურაში იციან, თუმცა პრობლემის გადაჭრა ამ დრომდე ჭიანურდება.

გალინა ქელეხსაევა სოფელ ქემერტიდან დევნილია და შავშვების ჩასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ დასახლებაში სასმელი წყალი ერთადერთი პრობლემა არაა. კოტეჯების აშენების დროს არ გაითვალისწინეს კანალიზაციის სისტემის არსებობის აუცილებლობა და ახლა დევნილებს წყლის გარეშე ცხოვრება აუტანელ სუნში უწევთ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს სოციალური სამსახური, რომელის ფუნქციაშიც მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარება შედის. ხათუნა ლომოური ამ სამსახურის უფროსია. მან განგვიმარტა, რომ დევნილებისთვის ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ჭაბურღილს თხრის და წყლის საკითხი გადაიჭრება. რაც შეეხება კანალიზაციის სისტემის არარსებობას, სამსახურის უფროსისთვის, ეს სიახლე აღმოჩნდა. მან განაცხადა, ყველა პრობლემას აუცილებლად მივხედავთო.

წყლის პრომლემა, ზოგადად აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებით დაზარალდა. ამ დრომდე სარწყავ წყალს ითხოვეს საზღვრისპირა თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა, გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების ჩათვლით. ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ომის შემდეგ ორი სარწყავი არხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა და დღეს დე–ფაქტო ხელისუფლება ამ საკითხით აქტიურად სპეკულირებს, ისინი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ, რაზეც საქართველოს ხელიუსფლება უარს იმ მოტივით ამბობს, რომ ახალგორში ბუნებრივი აირი რუსებს საკუთარი სამხედრო ბაზებისთვის ჭირდებათ. რაც შეეხება კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, მათ გაზაფხულზე წყალდიდობა არაერთხელ დაატყდათ თავს, ზაფხულში კი გვალვა და უწყლობა გადაულახავ წინაღობად ექცათ.

XS
SM
MD
LG