ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში


პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში
პრეზიდენტის განცხადების მოლოდინში

რა იქნება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დაწყების შემდეგ?

დღეს პრეზიდენტი ობამა ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის დაწყების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ამის შემდეგ ავღანეთიდან ნელნელა დაიწყება 100 ათასიანი ამერიკული კონტინგენტის შემცირების პროცესი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჯარების გამოყვანა მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. როგორიც არ უნდა იყოს გამოსაყვანი სამხედროების რაოდენობა, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები პრეზიდენტ ობამას ჩათვლით, აცხადებენ, რომ ჯარების გამოყვანის ეტაპები და რაოდენობა იქნება პირობებზე დაფუძნებული. ეს პირობები კი მეამბოხეთა აქტივობას და სიძლიერეს ეფუძნება. ასევე თუ რამდენად მზადაა ავღანეთის მთავრობა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. თუმცა ამ პირობების მიმართ განსხვავებული მიდგომები არსებობს. ვითარებას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი არკვევდა.

ორი კვირის წინ ნატოს ძალების სარდალმა გენერალმა პეტრეუსმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთში მიღწეული უსაფრთხოება „მყიფეა“ და „შექცევადი“. თავდაცვის მდივანმა გეითსმა ავღანეთში ვითარებას “არსებითი პროგრესი“ უწოდა. თუმცა, ამავდროულად გამოთქვა შეშფოთება, რომ გაუფრთხილებელი მიდგომების შედეგად, ეს პროგრესი შესაძლოა დაიკარგოს.

ყოფილი დიპლომატი მეთიუ ჰოჰი ერთ დროს ავღანეთში მსახურობდა. თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ავღანეთში ომის დაწყებას ეწინააღმდეგებოდა. ის აცხადებს, რომ ავღანეთში ვითარება გაურესებულია.

„ჩვენ ომი დავაჩქარეთ. გავასამმაგეთ ჯარების რაოდენობა, გავასამმაგეთ ხარჯები, ორჯერ მხარი დავუჭირეთ გაყალბებულ არჩევნებს და მეამბოხეთა მოძრაობა გაძლიერდა და გავრცელდა მთელ ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ კი, ეს მოძრაობა შეზღდული იყო მხოლოდ სამხრეთში და აღმოსავლეთში. ახლა კი, ასე აღარ არის,“ - ამბობს მეთიუ ჰოჰი.

ენდრიუ ვაილდერი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში ავღანეთის და პაკისტანის პროგრამებს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით უნდა ისარგებლოს და ნათლად ჩამოაყალიბოს შეერთებული შტატების მიზნები. ვაილდერის თქმით, თავდაპირველი მიზნის მიღწევას, რომელიც ალ-ყაიდას დამარცხებას და ხელისუფლებიდან თალიბანის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, 10 წელი დასჭირდა.

„თუმცა არსებობს უფრო დიდი ამბიცური მიზნები, როგორიცაა სახელმწიფოს მშენებლობის გეგმა და ავღანეთში განვითარება. და მე ვფიქრობ რომ ამის განხორციელების მცდელობა კარგი იყო, თუმცა არ იყო ბოლომდე ნათლად გარკვეული, როგორც საბოლოო მიზანი. და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს თავიდან იმის განსაზღვრა, თუ რა გვინდა ავღანეთში, “ - ამბობს ვაილდერი.

შეერთებული შტატების მთავარი გეგმა ავღანეთში არმიის და პოლიციური ძალების მშენებლობაა, რათა მათ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყფა შეძლონ. ავღანეთის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში საიდ ჯავადი ამბობს, რომ ავღანეთის არმია უკეთესად ასრულებს თავისი მოვალეობას. თუმცა, ამის თქმა პოლიციურ ძალებზე ჯერ ადრეა. მისი თქმით, კორუფცია ავღანეთისთვისი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, ჰამიდ კარზაის მთავრობისთვის ეს არ წარმოადგენს ისეთ პრიორიტეტს, როგორსაც შეერთეული შტატებისთვის და ნატოს კოალიციისთვის. ჯავადის აზრით, ავღანეთში გარდაუვალია ხელისუფლების განაწილების საკითხი, თუმცა თალიბანი ამის სურვილს ჯერჯერობით არ ამჟღავნებს.

„თალიბანი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვის. ეს ცხადია. ამდენად მათთან ნებისმიერი სახის გარიგება უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური ძალაუფლების განაწილებასაც. მართალია, თალიბანზე უფრო და უფრო ხორციელდება დაწოლა განსაკუთრებით სამხრეთი, თუმცა მათ მაინც აქვთ ქვეყნის სხვა ნაწილებში გადაადგლების საშუალება. ისინი ომს წაგებულად არ თვლიან და ამის გარეშე კი მოლაპარაკებაზე წასვლა ძნელია. გამარჯვების განსაზღვრება თალიბანისთვის სხვაგვრია, ვიდრე ეს არის შეერთებული შტატებისთვის ან ავღანელი ხალხისთვის,“ - ამბობს ჯავადი.

ენდრიუ ვაილდერის თქმით, მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია არა მხოლოდ გარიგება მთავრობას და თალიბანს შორის, არამედ ამ პროცესში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. თავდაცვის მდივან გეითსის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მას სჯერა, რომ ავღანეთში ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც დარჩება.

XS
SM
MD
LG