ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ჯანდაცვის პრობლემატიკა ვაშინგტონში


საქართველოს ჯანდაცვის პრობლემატიკა ვაშინგტონში

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ამერიკის ჯანდაცვის მდივანი და მისი ქართველი კოლეგა.

სამშაბათს, 1 თებერვალს ვაშინგტონში გაიხსნა ორ დღიანი კონფერენცია, რომელიც ამერიკა საქართველოს შორის ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს იხილავდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემატიკა და გამოწვევების დაძლევის გზები. პრიორიტეტულ მიმართულებებად იქნა დასახული ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების, ინვესტიციების გაზრდის, ადამიანური რესურსების და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ისევე როგორც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან ურთიერთობის გაღრმავების ასპექტები.

შეხვედრა, რომელიც პირველი ქართულ-ამერიკული კონფერენციაა ჯანდაცვის სფეროში, საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით მიმდინარეობდა.

დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მინისტრ ანდრია ურუშაძის მეთაურობით, არასამთავრობო სექტორის, ამერიკული სამთავრობო უწყებებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა ამერიკის ჯანდაცვის მდივანი ქეთლინ სიბელიუსი, რომელმაც ეფექტური ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან პარალელი გაავლო ამერიკაში არსებულ სიტუაციასთან და განაცხადა, რომ დღეს მიმდინარე სამედიცინო რეფორმა მნიშვნელოვანი პირობაა სამედიცინო დაზღვევის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მან ილაპარაკა საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ პროექტებზეც ჯანდაცვის დარგში, რომელებიც ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში მიმდინარე პარტნიორობის კარგი მაგალითია.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ამბობს:

“აშშ ჯანდაცვის მდივნის მოსვლას ამ კონფერენციაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკა საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და ერთერთი ყველაზე დიდი დონორი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ ამ კონფერენციისგან ველოდებით გაერთიანებას იმ ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვია. ასევე ვცდილობთ ამერიკაში მყოფი წარმატებული ქართველი ექიმების მოზიდვას. მათ შეუძლიათ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულონ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებაში. ჩვენი ამ კონფერენციაზე მოსვლა არის ამერიკელების მოპატიჟება, რომ ისინი ჩამოვიდნენ როგორც ექიმები ან მასწავლებლები და წვლილი შეიტანონ ქართული ნაციონალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში.“

კონფერენციის პირველი დღის ბოლოს ქალბატონმა სანდრა რულოვსმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ამერიკის სხვადასხვა საავადმყოფოში მოღვწე ქართველი ექიმები, მათ შორის აკაკი გვახარია, საბა ბეჟანაშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, კონსტანტინე ძამაშვილი.

XS
SM
MD
LG