ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


სირიაში სისხლისღვრა გრძელდება

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. კერძოდ განიხილავენ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში მიმდინარე ძალადობას გმობს. უშიშროების საბჭოს გააქტიურება სირიაში სამთავრობო ჯარების ქმედებებს უკავშირდება, რომელიც ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების ჩახშობისკენ არის მიმართული. ქალაქ ჰამას მოსახლეობის მტკიცებით, ხელისუფლების უშიშროების ძალებმა გუშინ ტანკების გამოყენებით ქალაქის დაბომბვა განაახლეს. სააგენტო როიტერს ქალაქის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ დაბომბვების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით კი, სხვადასხვა ქალაქებში სამთავრობო ჯარების რეიდების შედეგად სულ ცოტა 24 სამოქალქო პირია დაღუპული. ამავდროულად სირიის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. დღეს სირიიდან ელჩი გამოიწვია იტალიამ. ოფიციალური რომის განცხადებით, ის რაც სირიაში ხდება „ეს არის საშინელი რეპრესია“ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. დღესვე ვაშინგტონში სირიელ პოლიტიკოსებთან შეხვედრას მართავს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. გუშინ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა ევროკავშირმა. ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წევრებს და სამხედრო მაღალჩინოსნებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალათ.

XS
SM
MD
LG