ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სურსათის ჯილდო


მსოფლიო სურსათის ჯილდო

ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, აგრონომმა ნორმან ბორლოგმა, რომელსაც „მწვანე რევოლუციის მამას უწოდებენ“ 1986 წელს მსოფლიო სურსათის ჯილდო დააწესა. ეს საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც იმ ადამიანების მიღწევებს აღიარებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მსოფლიოში სურსათის ხარისხის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

კანდიდატები შეიძლება მუშაობდნენ სურსათის ჯაჭვის ნებისმიერ ასპექტზე, როგორიცაა მაგალითად, მეცნიერება და ტექნოლოგია სურსათის სფეროში ან სოფლის მეურნეობაში; წარმოება და მარკეტინგი, სწორი კვება, ეკონომიკა, სიღატაკის აღმოფხვრა და სურსათის უსაფრთხოება. ნომინანტები შეიძლება იყვნენ პოლიტიკური ლიდერებიც. წარსული ჯილდოები გადაეცათ ადამიანებს რომლებიც იყვნენ ინდოეთიდან, შვეიცარიიდან, ჩინეთიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ეთიოპიიდან და ბანგლადეშიდან.

წლევანდელი ლაურეატები განას პრეზიდენტი ჯონ აიაკუმ კუფორი, რომელიც განას 2001-2009 წლებში მართავდა და ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში ლუის ინასიო ლულა და სილვა არიან. მათ ჯილდო საკუთარ ქვეყნებში შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრისთვის ამერიკის შტატ აიოვას კაპიტოლიუმში გადაეცემათ.

ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტმა კუფორმა განაში საჯარო და კერძო სექტორის ინიციატივების დანერგვით ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოებისა და სიღატაკის შემცირების მხრივ ვითარება გააუმჯობესა. მან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საგანმანათლებლო რეფორმები განახორციელა, რომლებმაც განას მოსახლეობისთვის სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ახალი პოლიტიკის საფუძველზე განაში გლეხებს შემოსავალი გაეზარდათ, მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც სკოლაში დადიან და დაიხვეწა ბავშვების სწორი ქვების პრაქტიკა. განა აფრიკაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც იმ ადამიანების პროპორცია დადებითად შეიცვალა, რომლებსაც დღეში ერთი დოლარი ჰქონდათ შემოსავალი და რომლებიც მუდმივად შიმშილობდნენ.

პრეზიდენტმა ლულა და სილვამ ბრაზილიაში შიმშილისა და სიღატაკის აღმოფხვრა მანამ დაისახა პრიორიტეტად, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა. მისი მიზანი ის იყო, რომ ყველა ბრაზილიელს დღეში მინიმუმ სამჯერ მიეღო საკვები, აღმოეფხვრა სიღატაკე, გაეუმჯობესებინა ბავშვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა და ხელი შეეწყო ღარიბი ადამიიანებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს ბრაზილიაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სიღატაკის გამო საკმარისი საჭმელი არ ჰქონდათ, განახევრდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ღატაკთა რაოდენობაც.

2007 წელს, როცა ბორმან ბორლოგმა კონგრესის ოქროს მედალი მიიღო განაცხადა, რომ „მსოფლიოში მშვიდობას ვერ ავაშენებთ მშიერ კუჭებსა და ადამიანის ტანჯვაზე. თუ მოვინდომეთ, ჩვენ შეგვიძლია როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად დავეხმაროთ მათ და ერთად დავასრულოთ ეს ტრაგედია და უსამართლობა.“ განას და ბრაზილიის პრეზიდენტებმა სწორედ ამ მიზნის მიღწევა შეძლეს.

XS
SM
MD
LG