ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იპოვეთ განსხვავება


იპოვეთ განსხვავება

მერეთის საგამგებლო ერთეული რამდენიმე სოფლისგან შედგება და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარეობს.

რას შეცვლის წლევანდელი გაზაფხული კონფლიქტის ზონის მცხოვრებთათვის? აღმოაჩენენ ისინი რამდენიმე განსხვავებას მაინც გასულ ორ გაზაფხულებთან შედარებით? როდესაც მიწასთან მიჯაჭვულ ადამიანებს მიწის დამუშავების და მისით სარგებლობის შესაძლებლობა არ ქონდათ?

რამდენიმე ხნის წინ გორში გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნატო ჯავახიშვილმა და ოთარ ჭელიძემ განაცხადეს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთანავე, წელს პოლიცია გაცილებით აქტიურად იპატრულირებს კონფლიქტის ზონაში, გააქტიურდებიან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც უფრო ხშირი ინტერვალით იმოძრავებენ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს.

ზურაბ ბოლაშვილი დიცის რწმუნებულია. მის საგამგებლო ერთეულში სამი სოფელი შედის, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარზეა. რწმუნებული ამბობს, რომ დაახლეობით 30 ჰექტარი მიწის ფართობი საზღვრის სიახლოვეს იმდენად საშიშია, რომ იქ სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების წარმართვა წარმოუდგენელია. ოფიციალურად, ეს მიწები, რა თქმა უნდა დაკარგული არაა, თუმცა იქ მოსავლის მოყვანა და შემდეგ აღება, შეუძლებელია. მიწების მფლობელები, რომლებიც შექმნილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ ამუშავებენ საკუთარ ფართოებებს, ხელისუფლებისგან კომპენსირებულები არანაირად არ არიან:

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი არ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებს უსაფრთხოების გამო ვერ ამუშავებს. ესეც რომ არ იყოს და ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად მოხნას და დათესოს, წყალი არ არის და ვერ მოირწყვება ფართობები, და რომც მოირწყას და მოსავალი მოვიდეს, რაც აბსტრაქციის დონეზეა, როგორ უნდა აიღონ, ვერ წარმომიდგენია “– ამბობს ბატონი ზურაბი.

დიცის ანალოგიურად, მერეთის საგამგებლო ერთეულიც რამდენიმე სოფლისგან შედგება და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. მერეთის რწმუნებული ვასილ თევდორაშვილიც ჩვენთან საუბრისას იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც დიცის რწმუნებული აღნიშნავს. მერეთის საკრებულოში დაახლოებით 100 ჰექტარია ისეთი ფართობი, რასაც ომამდე მოსახლეობა ამუშავებდა და მასზე მოსავალი მოჰყავდა, ომის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდა.

მაგული დოიჯაშვილი ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში ცხოვრობს. მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ომამდე იყენებდნენ მოსავლის მისაღებად, ომის შემდეგ აღარ დაუმუშავებიათ, რადგან იქამდე მისვლა სახიფათოა. მაგული დოიჯაშვილი ოჯახისთვის აუცილებელი ნერგების დატესვას წელს სახლთან მდებარე პატარა ბაღში გეგმავს:

„ ჩვენ როგორ შევალთ იმ ნაკვეთებში, როდესაც გამნაღმველებსაც კი ეშინიათ იქამდე მიახლოვება? “– ამბობს მაგული დოიჯაშვილი.

ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს ხელიუსფლება წყლის პრობლემის მოგვარებას მესამე წელია პირდება, წელს გაკეთებული განცხადება წყლის მიღების შესახებ ამ სოფლებისთვის განსხვავებულია. გასულ წლებში სარწყავი სისტემის ამუშავებას სოფელ ქვემო ნიქოზში აშენებული კაშხალიდან გეგმავდნენ, წელს ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გეგმა რეალურად ვეღარ განხორციელდება და სარწყავი წყლის მისაღებად წერილოვანი ჭაბურღილების მშენებლობა უნდა დაიწყოს. რაც შეეხება დღემდე შეუვალ ფართოებებს, მათი საკითხი კვლავაც პოლიტიკური დავის საგნად რჩება.

XS
SM
MD
LG