ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის შანსი


ყირგიზეთის შანსი
ყირგიზეთის შანსი

პრეზიდენტ ოტუნბაევას მოხსენება ვაშინგტონში

გუშინ ვაშინგტონში კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდმა ყირგიზეთის პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას უმასპინძლა. საუბარი ყირგიზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეეხო. როზა ოტუნბაევამ ისაუბრა მის ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო მხარდაჭერის როლზე, როგორც ყირგიზეთის, ასევე ცენტრალური აზიის სტაბილურობის საქმეში. თავდაპირველად ყირგიზეთის პრეზიდენტმა ვრცლად მომოიხილა ის მოვლენები და ვითარება, რამაც ყირგიზეთში რევოლუციის მეორე ტალღას შეუწყო ხელი.

„ეს იყო სახელმწიფო მმართველობის კრიზისი. ამაზე მიუთითებდა ისიც, რომ ხალხი ძალაუფლებას მთლიანად იყო ჩამოშორებული. ხელოვნურად იქმნებოდა უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური და ადმინსტრაციული სტრუქტურები, რომელიც არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს ფუნქციონირების სოციალურ მოთხოვნებს. ჩვენ უკვე საქმე გვქონდა სახელმწიფოს არარსებობასთან.ეს იყო საზოგადოების ნორმალურად განვითარების კრიზისი. ქვეყნის განვითარების მიზანი აბსოლუტურად დაკარგული იყო,“ - განაცხადა ქალბატონმა ოტუნბაევამ.

მისი თქმით, ყოველივე ამან გამოიწვია ქვეყანაში ხალხის უკმაყოფილება, და შესაბამისად რევოლუციაც. ამის შემდეგ, ყირგიზეთს გაუჩნდა განვითარების და ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რეალური შანსი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ ნორმებს.

„პირველი წესი კი თავისუფალი არჩევნებია, რომელიც პოლიტიკურ პარტიების განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების ფორმირებას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მომალავ არჩევნებამდე ყველა დღეს არსებული პარტია მიაღწევს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალური პოლიტიკური პარტიები მომავალი არჩევნებისთვის საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებენ,“ - დასძინა ქალბატონმა ოტუნბაევამ.

მისი თქმით, მეორე უმთავრესი პრიორიტეტი თავისუფალი მედია უნდა იყოს. ამისთვის კი მისი მთავრობა მთელ ძალისხმევას მიმართავს. ქალბატონი ოტუნბაევას განცხადებით დაწყებულია სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის პროცესი.

„ამერიკის ხმის“ უზბეკური განყოფილების თანამშრომლის შეკითხვაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს ყირგიზეთის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთში უზბეკებით დასახლებულ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის ქალბატონმა ოტუნბაევამ განაცხადა:

„თქვენ მართალი ბრძანდებით. სამხრეთ ყირგიზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ჩვენ დღემდე ვწუხვართ იქ მომხდარი ძალადობის გამო. ამისთვის სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმების სრული ციკლის განხორციელება. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ მოსამართლეები ხელახლა უნდა დავნიშნოთ.“

ქალბატონი ოტუნბაევას თქმით, რეფორმირებული სასამართლო სისტემა ობიექტურად გამოიძიებს იმ ტრაგიკულ მოვლენებს რომლებიც ყირგიზეთის სამხრეთ პროვინციებში მოხდა.

ყირგიზეთის პრეზიდენტს შეკითხვით მიმართა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში ბატონმა თემურ იაკობაშვილმაც. კერძოდ, ქართველი ელჩი დაინტერესდა, თუ რამდენად შესაბამისი იყო ყირგიზეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს გამოცდილება და რა რჩევებს მისცმედა ყირგიზეთის ლიდერი იმ არაბულ ქვეყნებს სადაც ახლახან მოხდა მჩაგვრელი რეჟიმების დამხობა.

„საქართველო კორუფციასთან ბრძოლის რეალურ მაგალითს გვაძლევს. ჩვენი ვიცე-პრემიერი ახლახან დაბრუნდა საქართველოდან და ის აღფრთოვანებულია თქვენს მიერ მიღწეული შედეგებით. თქვენ გამჭვირვალობის მიხედვით მესამე ადგილზე ხართ და ჩვენ გვინდა, რომ თქვენს შემდეგ ვიყოთ,“ - განაცხადა ქალბატონმა ოტუნბაევამ. რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, ყირგიზეთის პრეზიდენტი მათ ურჩევს მოთმინებას და რეფორმების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას, რისთვისაც მათ პირველი შედეგების მისაღწევად ყირგიზეთის მაგალითზე დაახლოებით 6 თვიდან ერთ წლამდე დასჭირდებათ.

XS
SM
MD
LG