ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიჩქმალული ოკუპაცია


მიჩქმალული ოკუპაცია
მიჩქმალული ოკუპაცია

სოფელი ზარდიაანთკარი კრიმინალების სათარეშო ადგილად იქცა.

დილემა, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელი რჩება და გამოწვევა, რაც ჯერაც დღის წესრიგიდან არ მოხსნილა – ეს უკონტროლო ტერიტორიების საკითხია. თუმცა სიტყვა უკონტროლოც პირობითი შეფასებაა, რადგან ოფიციალურ ენაზე ის, პრობლემა, რაც ახლა გვინდა წამოვწიოთ, ჯერჯერობით უსახელოა.

საქმე 2008 წლის ომის შედეგად რამდენიმე გაუყოფელ სოფელს ეხება. გაუყოფელს იმიტომ, რომ ისინი დღემდე არც ქართულ მხარეს ერგო და არც ოსურს, არც დე–ფაქტო და არც დე–იურე. ამის მაგალითად ზარდიაანთკარი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ტერიტორიულად, ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელია. რუსული მხარის მიერ გაჟღერებული პრეტენზიის მიხედვით, მათ ეს სოფელი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიულ საზღვრებში აღდგენისთვის არ ჭირდებათ, რადგან ის ოლქის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. თუმცა 2008 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დატოვა და სამხრეთ ოსეთის პერიმეტრი დაიკავა, ზარდიაანთკარი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა. იქ მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ სოფელი მიეტოვებინათ, რადგან ის ქართული პოლიციისთვის შუვალი აღმოჩნდა. ზარდიაანთკარი კრიმინალების სათარეშო ადგილად იქცა, რაც დღემდე გრძელდება. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არაა. ყველაზე დიდი გასაჭირის წინაშე ომით დაზარალებული ოჯახები აღმოჩნდნენ, რომლებმაც დღემდე ისიც ვერ გაიგეს, არიან თუ არა დევნილები, ეკუთვნით თუ არა თავშესაფარი.

ასეთ ვითარებაში გორის მუნიციპატლიტეტის სოფლების ზარდიაანთკარის, გუგუტიანთკარის ნაწილისა და კოშკის მოსახლეობა აღმოჩნდა. ომიდან ორი წლის შემდეგაც მათთვის უცნობია, რატომ არ აღიარებენ მათ სოფლებს ოკუპირებულად და თუ ოკუპირებული არ არის, რატომ ვერ ბრუნდებიან სახლებში.

ასეთი ოჯახების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მძიმდება რაც უფრო მეტი დრო გადის, რადგან სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ მათ საბავშვო ბაღებში ცხოვრებისა და უფასოდ ელექტროენერგიის მოხმარების უფლებას აძლევს, სხვა პასუხისმგებლობას არ იღებს.

ციცინო ელიკაშვილიც ზარდიაანთკარიდან მცხოვრებია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად რაც აწუხებს, გაურკვეველი მომავალია.

ჯემალ თაზიაშვილის ოჯახიც გორის ერთერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს, მათი შემოსავალი თვიურად დაახლოებით, 100 ლარია. ეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის განსაზღვრული თანხაა. ჯემალ თაზიაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახის რომელიმე წევრმა 100 ლარიანი სამსახური რომც იშოვოს, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას გაუუქმებს, რადგან კანონის თანახმად, მისი აღება ოჯახს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არც ერთი წევრი არ მუშაობს. 100 ლარიანი სამსახური კი შეიძლება ორ თვეში სულაც დაიკარგოს და ისინი შემოსავლის გარეშე რამდენიმე თვით დარჩნენ, მანამ, სანამ სოციალური სააგენტო მათ საკითხს ხელახლა არ განიხილავს, ასეთი კანონმდებლობის პირობებში სამუშაოს ძებნის მოტივაციაც იკარგება, ამბობს ჯემალ თაზიაშვილი.

ვასილ თევდორაშვილი, მერეთის რწმუნებულია და მის გამგებლობაში ზარდიაანთკარიც შედის. იგი ამბობს, რომ ზარდიაანთკარიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი პოლიტიკურია და მის შესახებ საუბარი უჭირს, თუმცა ადასტურებს, რომ სოფელი უკონტროლოა და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში.

რამდენიმე დღის წინ გორში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ ვალერი კოპალეიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზარდიაანთკარის მცხოვრებელებისა და სხვა ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ოჯახების საკითხი გაურკვეველი დარჩება, მის პოლიტიკურ მოგვარებამდე.

XS
SM
MD
LG