ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაგვიანებული ინაუგურაცია


დაგვიანებული ინაუგურაცია
დაგვიანებული ინაუგურაცია

უცხოელი ლიდერები ან ჟურნალისტები ცერემონიას ალბათ არ დაესწრებიან.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები უხეშად დაირღვა, ალექსანდრ ლუკაშენკო მზარდი საერთაშორისო წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკომ მეოთხე საპრეზიდენტო ვადის აღმნიშვნელი ინაუგურაცია პარასკევს, 21 იანვარს დანიშნა. აღსანიშნავია,რომ ინაუგურაცია იმდენად ნაჩქარევად დაინიშნა, რომ უცხოელი ლიდერები ან ჟურნალისტები ცერემონიას ალბათ არ დაესწრებიან.

ევროპის ბოლო დიქტატორად შერაცხული ბელარუსის ლიდერი ცდილობს გაუძლოს საერთაშორისო თანამეგობრობის მზარდ კრიტიკას, რომელიც 19 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გასულ შაბათ-კვირას მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს, გერმანიის მაღალჩინსანმა დიპლომატმა მარკუს ლეონინგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობა სანქციების დაწესებას თავიდან აიცილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინსკი ყველა პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს და ახალ არჩევნებს დანიშნავს.

ევროპარლამენტი მალე მიიღებს საგანგებო რეზოლუციას, რომელიც ბელარუსის მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლად დანიშვნისკენ მოუწოდებს. როგორც მოსალოდნელია, რეზოლუცია ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებს დაგმობს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ოპოზიციის ცხრა საპრეზიდენტო კანდიდატიდან შვიდი პატიმრობაში იმყოფება.

მეზობელ პოლონეთში ბელარუსში მომხდარმა რეპრესიებმა პოლონელებს 1981 წლის ამბები გაახსენა, როცა მაშინდელმა კომუნისტურმა მთავრობამ სოლიდარობის პროფკავშირული მოძრაობის წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიყენა. საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერით იმედმოცემულმა პოლონეთის მთავრობამ, ბელარუსზე მიმართულ დისიდენტურ მაუწყებლობაზე ხარჯები გააორმაგა. პოლონეთი ბელარუსის უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებს ხსნის. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზის გადასახადი გააუქმა.

პოლონური მედია იუწყება, რომ ვარშავამ პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და ბელარუსის სხვა მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

31 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსგავს აკრძალვას მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლუკაშენკოსთვის და მისი მთავრობის წევრებისთვის ევროკავშირის 27 წევრ-სახელმწიფოში შესვლა აკრძალული იქნება.

საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ექსპერტი იანა კობზოვა ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ აგორებულ სანქციების დაწესების მოთხოვნას ლონდონიდან აკვირდება:

„სანქციების დაწესება ერთ მიზანს ემსახურება - დასაჯოს მთავრობა. ეს რეჟიმის შეცვლას როდი ნიშნავს. ამ ზომებით ისჯება ის, ვინც რეპრესიებს ახორციელებდა ან მათ განხორციელებაზე თანხმობა მისცა" - აღნიშნავს კობზოვა.

ექსპერტის თქმით, ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება სურს, რათა დაანახოს სხვა ადამიანის უფლებების დამრღვევ ქვეყნებს, ტუნისის, უკრაინისა და რუსეთის ჩათვლით, რომ ბრიუსელი ამგვარ დარღვევებს სერიოზულად უდგება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა კეთრინ ეშტონმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამას გარდა ახლახანს კლინტონი და ეშტონი ბელარუსელ ადამიანის უფლებების აქტივისტებს შეხვდნენ.

მზარდი იზოლაციის ფონზე ბელარუსის სამთავრობო გაზეთ „საბჭოთა ბელარუსში“ გასულ პარასკევს დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ შემოდგომას გერმანიისა და პოლონეთის უშიშროების სამსახურები ლუკაშენკოს მთავრობის დამხობას გეგმავდნენ. ხოლო შაბათს იმავე გაზეთში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც დასავლური ქვეყნების ელჩებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების წაქეზებაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაციები იმდენად უმოწყალოდ დაარბია, რომ ბელარუსის ოპოზიციამ 19 დეკემბერს „სისხლიან კვირა დღე “ უწოდა.

კვლავინდებურად კა-გე-ბე-ს აბრევიატურით ცნობილი ბელარუსის უშიშროების სამსახური რეიდებსა და დაპატიმრებებს ყოველდღიურად ახორციელებს. უშიშროების სამსახურის აგენტებმა დამოუკიდებელი რადიოსადგური დახურეს, ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფების კომპიუტერების კონფისკაცია მოახდინეს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ადვოკატებს, დამცველის უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ. მათ დააკავეს და დაკითხვა ჩაუტარეს ათასობით პირს მხოლოდ იმის გამო, რომ ფიჭვური სატელეფონო მონაცემების მიხედვით, ისინი 19 დეკემბერს საპროტესტო დემონსტრაციის მახლობლად იმყოფებოდნენ.

აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ბელარუსის ოპოზიციური გაზეთის „ნაშა ნივას“ ჟურნალისტი ალექსანდრ კიდრიცკი, რომელიც ამერიკის ხმას მინსკიდან დაუკავშირდა:

„იმ ხალხის წრე, ვისაც ისინი ახლა დევნიან და ვინც ამ ფართომასშტაბიან შევიწროებას განიცდის, ნამდვილად ძალიან ვრცელია. მე არ შემიძლია იმის თქმა, თუ როდის მოეღება ბოლო ყოველივე ამას.“

XS
SM
MD
LG