ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპროპრეაცია ახალგორში


ექსპროპრეაცია ახალგორში
ექსპროპრეაცია ახალგორში

ახალგორს ცხინვალთან ერთერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთებზე გადის და ზამთრობით, თოვლის მოსვლასთან ერთად მუდმივ საშიშროებას ქმნის.

ახალგორში ვითარება საშიშ ზღვარს უახლოვდება. სულ უფრო და უფრო იზრდება საფრთხე იმისა, რომ დაბიდან დევნილი მოსახლეობისთვის საკუთარი სახლების მონახულების პრობლემა გადაულახავ ბარიერად იქცეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციამ 1990 წლიდან 2008 წლამდე გამოცემული ყველა დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოაცხადა, რასაც მოჰყვა პრეტენზიების მთელი რიგი ჯაჭვი საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით. ამ ინიციატივამ წაახალისა ადამიანები, რომლებმაც 90 წლის შემდგომ საკუთარი ნებით გაყიდეს სახლები ახალგორში და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. დღეს ისინი გაყიდული სახლების უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამისთვის ვლადიკავკაზიდან და სხვა ქალაქებიდან ახალგორში ჩამოდიან.

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ახალგორიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. „ამერიკის ხმასთან“ იგი ამბობს, რომ დიდი მოხერხება რომ არ გამოეჩინა, ეს ვიზიტი ცუდად დასრულებულიყო და ცხინვალის ციხეში ამომეყო თავიო. მისი თქმით, ვითარება დაბაში ძალიან დაძაბულია.

ახალგორს ცხინვალთან ერთერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთებზე გადის და ზამთრობით, თოვლის მოსვლასთან ერთად მუდმივ საშიშროებას ქმნის. საქმე ისაა, რომ თოვლი ჯერ არ მოსულა, შესაბამისად, არც გზა დაკეტილა, მისით სარგებლობა თავისუფლად შეიძლება, რაც კიდევ უფრო ეხმარება დე–ფაქტო ადმინისტრაციას საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში. ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ რუსული ფულით გზის მოასფალტებაც იგეგმება. ეს პროექტი თუ განხორციელდა, უამინდობის იმედად მყოფი ქართული ხელისუფლების გეგმები, სულ წყალში ჩაიყრება.

ახალგორელების უმეტესობა დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ახალგორში კი სპეციალური კომისია დადის, რომელიც თითოეულ სახლს სწავლობს, არკვევს, ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე. თუ სახლი დაკეტილია, მათ ავტომატურად მესაკუთრის გარეშე მყოფად აცხადებენ და ადმინისტრაციის საკუთრებაში გადადის.

ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ ახალგორიდან წეროვანში წასული ოჯახები საკუთარ სახლებს არ მიატოვებენ, მათ მოსანახულებლად სისტემატურად მიდიან, მხოლოდ ახალგორში დარჩენას, დაუცველობის გამო, ერიდებიან. ასეთ დეტალებს კი სახლების აღწერის დროს ახალგორში მომუშავე სახლების აღმწერი კომისია, სავარაუდოდ არ გაითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG