ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასხადოვის გარდაცვალებამ რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ხანა დაიწყო


მასხადოვის გარდაცვალებამ რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ხანა დაიწყო
მასხადოვის გარდაცვალებამ რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ხანა დაიწყო

პრეზიდენტი ასლან მასხადოვის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობებში ახალი ხანა დაიწყო.

საქართველოში ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ჩრდილო-კავკასიელი ხალხების პრობლემებს. ახლახანს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის საკითხს მიეძღვნა.

2005 წლის 8 მარტს რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი.

რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობებში ახალი ხანა დაიწყო. მსოფლიო პრესის, საერთაშორისო ექსპერტების, თუ თავად ჩეჩენი პოლიტიკოსების შეფასებით, ასლან მასხადოვი იყო ერთადერთი პიროვნება ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, კრემლთან მშვიდობიან მოლაპარაკებას უჭერდა მხარს და ჯერ კიდევ სჯეროდა ამგვარი მოლაპარაკების შესაძლებლობა.

შეიძლება ითქვას, რომ ასლან მასხადოვი სწორედ მშვიდობისადმი მისწრაფებას შეეწირა. როგორც ცნობილია, სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მასხადოვმა ჩეჩნეთის მხრიდან, საომარო მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა გამოაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასლან მასხადოვი ყოველთვის გმობდა დივერსიულ აქციებს რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამ საკითხთან დაკავშირებით, მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა ჩეჩენი მოჯახედების სასტიკ ლიდერთან შამილ ბასაევთან. მიუხედავად ამისა, ტერორისტი ბასაევი ამჯერად იძულებული იყო დამორჩილებოდა ასლან მასხადოვის ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ჩანს, ჩეჩნეთის პრეზიდენტთან კრემლის სახელით, საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სხადასხვა შუამავლები და მასხადოვმა ბასაევისგან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიზნით, საომარი აქტიურობის შეჩერება მოითხოვა.

მასხადოვი შეცდომაში შეიყვანეს, მან დაკარგა სიფრთხილის გრძნობა და გაახშირა სატელეფონო კონტაქტები თავის მუდმივ წარმომადგენლებთან საზღვარგარეთ. ასეთ პირობებში, რუსეთის სპეცსამსახურებს არ გაჭირვებიათ მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

არადა, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევიც ხომ, სატელეფონო საუბრისას გამოასალმეს სიცოცხლეს. მაგრამ დუდაევისგან განსხვავებით, მასხადოვი არასოდეს ყოფილა რუსეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგე და ყოველთვის კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას უჭერდა მხარს.

ზოგიერთები მასხადოვის ამგვარ პოზიციას, პოლიტიკურ დონ კიხოტობად მიიჩნევდნენ. 250, 000 ჩეჩენის, მათ შორის 40 000-ზე მეტი ბავშვის მკვლელობის შემდეგ, მართლაც დონ კიხოტობაა იმის იმედით ყოფნა, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც კისრამდეა ჩეჩენთა სისხლში გასვრილი, როდისმე წავა რაიმე მოლაპარაკებაზე ამ ხალხის წარმომადგენლებთან.

თანამედროვე მსოფლიოს რეალობა ისეთია, რომ ძლიერი არასოდეს აწარმოებს მოლაპარაკებას სუსტთან. სამართლიანობის პრინციპებზე არასოდეს ყოფილა დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა და ეს კიდევ უფრო არარეალური გახდება მომავალში, როდესაც იზრდება უფსკრული ე.წ. განვითარებულ ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

ასე იყო 1921 წელს, კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა გაიყვეს ეს ქვეყანა. ასე იყო 1939 წელსაც, როდესაც ნაციონალ-სოციალისტურმა გერმანიამ და ბოლშევიკურმა რუსეთმა პოლონეთის გაყოფა მოახდინეს. სხვათაშორის დასავლეთის დემოკრატიულმა ქვეყნებმა, ამის გამო ომი გამოუცხადეს გერმანიას და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ გამჩაღებელ საბჭოთა კავშირთან სამოკავშირეო ურთიერთობა დაამყარეს.

არავის გახსენებია მაშინ პოლონეთი და პოლონელი ხალხის ბედი. თუნდაც რუსების მიერ კატინის ტყეებში დახვრეტილი 20, 000 პოლონელი ოფიცერი, რომელთა საქმეების გადაცემაზე, კრემლში მოკალათებული ჩეკისტები დღემდე უარს ეუბნებიან პოლონეთის ხელისუფლებას.

ასეთ პირობებში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღემდე ვერ მოგვარდა მშვიდობიანი გზით აფხაზეთის, სამაჩაბლოს დნესტრისპირეთის და ყარაბაღის პრობლემები და არც ჩეჩნეთის სისხლისმღვრელ ომს უჩანს დასასრული. პირიქით, ომი ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო სასტიკ და დაუნდობელ ხასიათს მიიღებს.

სიკვდილამდე ორი დღით ადრე, თავის უკანასკნელ ინტერვიუში ჩეჩნეთის პრეზიდენტი აფრთხილებდა რუსეთის ხელისუფლებას, საომარი მოქმედებების მთელს ჩრდილოეთ კავკასიაზე გავრცელების საშიშროების შესახებ.

ჩეჩენ მოჯახედთა ახალი თაობა, რომელიც საკუთარი ერის გენოციდის პირობებში გამოვიდა ასპარეზზე, სულ სხვა მიზნებს ისახავს. ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარსულს ჩაბარდა. წარსულს ჩაბარდა კავკასიელი რაინდების ეპოქა, რომლებიც არასოდეს იკადრებდნენ მტრის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის აღმართვას.

კავკასიელი მოჯახედების ახალი თაობა მთელი კავკასიის განთავისუფლებას და რუსეთის იმპერიის დანგრევას ისახავს მიზნად. ამ ბრძოლაში კი შარიათი იმავე მეთოდების გამოყენების უფლებას აძლევს ისლამის მეომრებს, რასაც „ურჯულოები“ იყენებენ. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიელ მოჯახედთა ახალი თაობა არაფერზე დაიხევს უკან.

XS
SM
MD
LG