ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინგაპურიზაცია


სინგაპურიზაცია
სინგაპურიზაცია

დღეს სინგაპურის რესპუბლიკაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მალაელები აქ უმცირესობას შეადგენენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საოცნებო ქვეყანა ამ ბოლო დროს სინგაპური გახდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომის შემდეგ წამდაუწუმ იმეორებენ, რომ საქართველო ევროპის სინგაპური უნდა გახდეს.

რას წარმოადგენს თანამედროვე სინგაპური? საით ექაჩებიან საქართველოს? რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, რომ სინგაპურის ჯუჯა სახელმწიფო თავის მისაბაძ მაგალითად დაისახოს?

მალაურად სინგაპურა, ანუ ლომის ქალაქი მე-13 საუკუნის მიწურულს დაარსა შრივაჯაის სახელმწიფოს უფლისწულმა. ბრიტანელთა მიერ სინგაპურის დაპყრობამდე რაიმე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ისტორიაში არაფერი მომხდარა. ინგლისელმა იმპერიალისტებმა სინგაპური მალაის სულთანს 1824 წელს წაართვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წელს სინგაპური იაპონელმა გენერალმა ტომიუკი იამაშიტამ ბრიტანელებს გამოგლიჯა ხელიდან ექვსდღიანი ბრძოლების შემდეგ. უინსტონ ჩერჩილმა ამ მოვლენას ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დამარცხება და კაპიტულაცია უწოდა.

ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ სინგაპური კვლავ ბრიტანეთის კოლონია გახდა, თუმცა 1965 წელს მან ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა.

დღეს სინგაპურის რესპუბლიკაში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მალაელები აქ უმცირესობას შეადგენენ. სინგაპური მოსახლეობის 85%-მა არ იცის მალაური ენა. მალაელთა გარდა სინგაპურის მოსახლეობა ჩინელების, ინდოელების, აზიის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების, ევროპელი და ჩრდილო-ამერიკელი ემიგრანტებისგან შედგება. სინგაპურის მოსახლეობის 42% უცხოეთის მოქალაქეა. ამ ქვეყანაში დასაქმებულთა 50% უცხოელები არიან.

გლობალიზაციის ინდექსის მიხედვით სინგაპური ყველაზე გლობალიზებული ქვეყანაა მსოფლიში. ადგილობრივი მალაელები სინგაპურის მოსახლეობის მხოლოდ 13,4%-ს შეადგენენ. ინდოელები 9,2%-ს. ევროპელები, არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფები სინგაპური მოსახლეობის 3,2%-ია. პოპულაციის 74,2%-ი კი ჩინელებისგან შედგება.

სინგაპურში ძალზე დაბალია შობადობის დონე. ეს ქვეყანა მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა შობადობის მაჩვენებლის მიხედვით. მიუხედავად ამისა სინგაპურის მოსახლეობა უცხოელი მიგრანტების ხარჯზე იზრდება.

სინგაპურის სახელმწიფო ენა ინგლისურია, თუმცა ასევე სავალდებულოა ერთ-ერთი ადგილობრივი ენის ცოდნა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურული ინგლისური იმდენად განსხვავდება კლასიკური ინგლისურისგან, რომ მას ოფიციალურად "სინგლიშს" უწოდებენ. ეს ენა ფაქტიურად ინგლისურის, ამერიკული სლენგის და ადგილობრივი დიალექტების ნაზავს წარმოადგენს.

სინგაპურის რესპუბლიკას მისი დაარსების დღიდან სახალხო მოქმედების პარტია მართავს. მთავრობა აკონტროლებს სინგაპურის 7 მთავარ სატელევიზიო არხს და 14 რადიო სადგურს. ყველა ეს მედია საშუალებები ხელისუფლების საკუთრებაშია.

სინგაპურის მოსახლეობის 42,5% ბუდისტია. 14,8% ათესტი. დაახლოებით ამდენივეა მუსლიმებისა და ქრისტიანების რაოდენობა. აქ ცხოვრობენ ტაოიზმის და ინდუიზმის მიმდევრებიც.

2007 წელს სინგაპურს 10,2 მილიონი ტურისტი ესტუმრა. სინგაპური ტაივანთან, ჰონ კონგთან და სამხრეთ კორეასთან ერთად აზიის ეკონომიკური ვეფხვების ოთხეულში შედის.

სინგაპურის იურიდიული სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. სინგაპურში სიკვდილით დასჯა მოქმედებს პირველი ხარისხის მკვლელობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. ამის გამო სინგაპურის ხელისუფლება საერთაშორისო ამინისტიის კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა.

თუმცა სინგაპურის მთავრობა მკაცრად იცავს თავის სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იურიდიული სისტემის მუშაობა.

სინგაპურს ერთ-ერთი საუკეთესო შეიარაღებული ძალები ჰყავს რეგიონში, რომელიც ულტრათანამედროვე იარაღით არის აღჭურვილი. სინგაპურის არმიაში 72 500 ჯარისკაცია, რეზერვისტთა რიცხვი კი 350 000 აღწევს. სინგაპური უდიდესი ნავსადგურია და მსოფლიოს მეოთხე ფინანსური ცენტრი. ამავე დროს ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით სინგაპური არის ნახევრად თავისუფალი სახელმწიფო.

როგორც ვხედავთ, სინგაპურის რესპუბლიკას ბევრი დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია. სინგაპურში უამაღლეს დონეზეა თანამედროვე ტექნოლოგიების, ელექტრონული მრეწველობის და გემთშენებლობის წარმოება, აქ განვითარებულია მსუბუქი და მძიმე მრეწველობა. სინგაპური არის საბანკო და ფინანსური კაპიტალის ცენტრი. მას ჰყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები. ეს ყველაფერი მისაბაძი შეიძლება იყოს, მაგრამ იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პროექტის ავტორი სალობიეს დირექტორია და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი ხაბაზი ხელმძღვანელობს, რა პერპექტივა გააჩნია, რომ უახლოეს მომავალში სინგაპურს დაემსგავსოს? საქართველო, სადაც უბრალო ველოსიპედის აწყობაც აღარ შეუძლიათ, როგორ უნდა გახდეს ევროპის სინგაპური? იმ სახელმწიფოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აღარც სამხედრო ფლოტი ჰყავს და აღარც ავიაცია, რა კავშირი აქვს სინგაპურთან? რომლის არმიაც ულტრათანამედროვე შეაიარაღებით არის აღჭურვილი. მოკლედ, თუ სინგაპური აზიის ეკონომიკური ვეფხვია, დღევანდელი საქართველო ევროპის ეკონომიკურ წრუწუნას შეიძლება შევადაროთ.

სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ამ სფეროებში სინგაპურის აჩრდილსაც კი ვერ დაემსგავსება. სამაგიეროდ საქართველოდან ქართული მოსახლეობის მასობრივი გადინების და შობადობის დაცემის ფონზე ის მალე მართლაც შეიძლება დაემსგავსოს სინგაპურს და რამდენიმე ათეულ წელიწადში ქართველები ამ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობა გახდნენ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებელთა წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების და სხვადასხვა სექტანტების წახალისების ფონზე არც ის არის გამორიცხული, რომ ოდესმე ქრისტიანებიც უმცირესობა აღმოჩნდენ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე.

2008 წელს რუსეთთან წაგებული ომის შემდეგ საქართველოს სინგაპურის მსაგავსად, მართლაც ემუქრება ჯუჯა სახელმწიფოდ გადაქცევა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მტერი თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. ქართველი ერის მოსამსახურეებად გადაქცევის პოლიტიკაც წარმატებით მიმდინარეობს, ასე რომ ტურიზმის სფეროშიც არის გარკვეული პერსპექტივები. არც ინგლისურის ათვისების საქმეში გვაქვს ცუდად საქმე. ჩვენი პარლამენტარები, ხომ მათი საყვარელი გამოთქმები, რომ ვიხმაროთ "ურგენტულ-ფორს-მაჟორულად" ისრუტავენ უცხოურ ენებს. დიდი ამბავი, თუ მათი ინგილისური თითქმის არავის ესმის, სამაგიეროდ უცხოეთიდან გადმოსროლილი ათასკაციანი დესანტი ალბათ გააკეთებს თავის საქმეს და მალე ქართველი პატარები ჰარლემის გეტოს ჟარგონზე ალაპარაკდებიან.

არც ის არის გამორიცხული რომ საქართველოში სინგაპურის მსგავსად უახლოეს მომავალში სახელმწიფო ენად ინგლისური გამოცხადდეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამართული ქართულით მეტყველება დიდი ხანია ანაქრონიზმად გადაიქცა, ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც სინგაპურელთა მსგავსად ჩვენც "სინგლიშზე" თუ არა ამ ენის ქართულ ვარიანტზე, ანუ "ქინგლიშზე" მაინც ვილაპარაკებთ, რათა უფრო კარგად მოვიხადოთ ჩვენი ინტერნაციონალური ვალი ავღანეთის უდაბნოში.

ასე რომ ბატონი სააკაშვილის ოცნება საქართველოს "სინგაპურიზაციაზე" გარკვეული თვალსაზრისით სრულიადაც არ არის უტოპია. მისი აღიარებით, საქართველო ხომ გლობალური რეფორმების ლაბორატორიად უნდა გადაიქცეს. ჯერ კიდევ როდის ამბობდა მოქალაქეთა კავშირიდან გამოჩეკილი ნაცმოძრაობის მამა-მარჩენალი ედუარდ შევარდნაძე, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ ხალხთა შერწყმის ლაბორატორიადო.

ამ ლაბორანტების გადამკიდე, საქართველო ევროპის თუ არა კავკასიის სინგაპურად შესაძლოა ნაწილობრივ მართლაც გადაიქცეს და ილია ჭავჭავაძის სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ: „მომავალში მოსაგონრად დაგვრჩება ის დრო, როცა ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ როგორ ვისხედით და ხელს ვითბობდით.“

XS
SM
MD
LG