ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის მიმოხილვა


პრესის მიმოხილვა
პრესის მიმოხილვა

"დაუცველი საქართველო რუსეთისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენს"

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჯოშუა კუსერას სტატიით სათაურით „თბილისი ვაშინგტონზე ზეწოლას ახდენს თავდაცვითი შეიარაღების შეძენაზე თანხმობის მისაღებად,“ რომელიც ვებ გვერდ ევრაზიანეტზე 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„გასული რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოს მთავრობა საკმაოდ დელიკატურ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. ერთის მხრივ საქართველოს ოფიციალური პირები ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებულ ‘დე ფაქტო’ ემბარგოს აკრიტიკებდნენ, ხოლო მეორეს მხრივ ისინი საჯაროდ ცდილობდნენ, რომ არ შექმნილიყო შთაბეჭდილება თითქოს ისინი ამ გარემოებას უჩივიან.

საჯაროდ საუბრისას სააკაშვილი ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება. მაგალითად, 12 სექტემბერს ჟურნალ ‘ნიუსვიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა: ‘საქართველოს დაუცველად დარჩენა მდგომარეობას არ გამოასწორებს. საქართველო რუსეთზე თავდასხმას ვერ შესძლებს, მაგრამ დაუცველი საქართველო რუსეთისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენს რათა მოსკოვმა ჩვენი მთავრობა სამხედრო მეთოდებით დაამხოს...უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის ფონზე ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები ჩვენ თავდაცვითი შეიარაღებით დაგვეხმარება.’

დახურულ კარებს მიღმა კი საქართველოს ოფიციალური პირები უკმაყოფილებას უფრო მკაფიოდ გამოხატავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონი სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე უარს ამბობს. უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც საზღვარგარეთ სამხედრო აღჭურვილობის კომერციული ექსპორტისთვის ნებართვების გაცემა ევალება, საქართველოსთვის შეერთებული შტატების კომპანიების მიერ არა მხოლოდ სამხედრო არამედ არასამხედრო აღჭურვილობის მიწოდება ფაქტობრივად დაბლოკა.

მოსაზრებას, რომ თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგო დაწესდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმა ‘ორაიონ სტრატეჯი’ ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ‘ორაიონს’ რენდი შეუნემანი ხელმძღვანელობს. შეუნემანი 2008 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჯონ მაკეინის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ახლა იგი რესპუბლიკური პარტიის ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორის სარა პალინის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მაკეინი ცნობილია როგორც საქართველოს მტკიცე მომხრე. იგი ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას რუსეთის მიმართ გამუდმებით აკრიტიკებს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ნამდვილად უნდოდეს, რეგიონში სამხედრო ძალების განაწილებაზე ეს ფაქტორი დიდ გავლენას არ მოახდენს. ჯერ ერთი ამერიკული წარმოების შეიარაღება ძვირია, ხოლო საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 2008 წლიდან 2010 წლამდე თითქმის ორჯერ შემცირდა. რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს არმიაზე ბევრად უფრო ძლიერია და იმ შემთხვევაშიც კი თუ თბილისს სასურველი შეიარაღების შეძენა შეეძლო, ქართული საჯარისო ნაწილები რუსეთის შეტევას ვერ გაუძლებენ.

მაგრამ საქართველოს მიზანი რუსეთის თავდასხმის მოგერიება როდია. თბილისს სურს, რომ მაქ ჰქონდეს რუსეთის სამხედრო ძალების შეკავების უნარი რათა უცხოელ დიპლომატებს ჩარევისთვის და რუსეთის ბლიც კრიგის შეწყვეტისთვის საკმარისი დრო ჰქონდეთ. ამას გარდა სააკაშვილის სურვილი შეიძლება უფრო ფსიქოლოგიურ და არა სამხედრო მიზნებს ემსახურებოდეს. შეერთებული შტატებიდან სამხედრო შეიარაღების მიწდოება საქართველოსთვის ამერიკული მხარდაჭერის აშკარა მაგალითი იქნება, აღნიშნავს ლოურენს შიტსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისში მდებარე კავკასიური პროექტის დირექტორი. ამ მიდგომის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს 2008 წლის ომამდე საქართველოს მიერ ამერიკულ კომპანია ‘ბუშმასტერისგან’ M4 ტიპის შაშხანების შეძენა. ‘მათ M4-ები შეიძინეს იდეოლოგიური საბაბის გამო რადგან კალაშნიკოვის ავტომატი საბჭოთა კავშირთან ასოციაციებს აღვივებდა. ეს მიშას გადაწყვეტილება იყო,’ დასძენს ლოურენს შიტსი.“

მიმოხილვას ვასრულებთ შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის ვიცე თავჯდომარის ტომას დეშლის სარედაქციო სტატიით „შეიძლება თუ არა, რომ ავღანეთის მახლობლად მდებარე ყირგიზეთში დემოკრატია დამკვიდრდეს?“ რომელიც გაზეთ „ვოშინგტონ პოსტში“ 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.

სტატიაში ვკითხულობთ:

„დემოკრატიული რეფორმების ჩატარება ყირგიზეთის მრავალი პრობლემის გადაჭრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ცალკეული ლიდერის ძალაუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობის მიმართ ნდობა ჰქონდეთ. ვიდრე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ყირგიზეთის პოლიტიკური პროცესებისა და უწყებების მიმართ არ აღსდგა, ეთნიკური დაძაბულობის შემსუბუქება, კორუფციის აღმოფხვრა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ეკონომიკის გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება შეუძლებელი იქნება. შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყირგიზეთის მთავრობას დახმარება უნდა აღმოუჩინოს რათა მოქალაქეების მოლოდინი დემოკრატიული ფორმით დაკმაყოფილდეს.

თუ ყირგიზეთს მარტოდ მოუხდა ამ გამოწვევებთან გამკლავება, მაშინ ჩვენ შედეგად უდავოდ მივიღებთ განახლებულ ავტორიტარულ სისტემასა და სახელმწიფო აღმშენებლობის წარუმატებლობით გამოწვეულ ექსტრემიზმს, რაც ყირგიზეთის ხალხისთვის, რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის საზიანო იქნება.“

XS
SM
MD
LG