ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძვირფასი მიწა


ძვირფასი მიწა
ძვირფასი მიწა

სანთლებს ტრადიციული „ჯაჭვი“ მოჰყვა მეორე დღეს. ერთობის ნიშნად, ადამიანები მწკრივად დაეწყვნენ და გორისციხის გარშემო დადგნენ.

ომიდან ორი წლისთავი გორში სანთლების დანთებით აღნიშნეს, რომლებიც საქართველოს დროშის სახით იყო განლაგებული ცენტრალურ მოედანზე. სანთლებს ტრადიციული „ჯაჭვი“ მოჰყვა მეორე დღეს. ერთობის ნიშნად, ადამიანები მწკრივად დაეწყვნენ და გორისციხის გარშემო დადგნენ. „ჯაჭვი“ მესამე წელია ერთგვარ ტრადიციად იქცა, ამის გამო ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც, რომელი ამირანები ჩვენ ვართ, ყოველ წელს ჯაჭვში რომ გვეპატიჟებიანო. დანთებული სანთლები კი ჩვენს ნათელ მომავალს განასახიერებდა სიმბოლურად.

რაც შეეხება აწმყოს, ომით მიყენებული ზიანი და მიღებული ჭრილობები ჯერაც მოუშუშებელია. შიდა ქართლის ყველა მცხვრებისთვის აგვისტოს დღეები მძიმე მოგონებებს უკავშირდება, აქედან 25 ათასი ადამიანისთვის კი ეს ახლობლების, საცხოვრებლის დაკარგვის აღმნიშვნელი თარიღია.

ომით მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანს, ალბათ არასდროს ტოვებს, მათ შორის არც ჟურნალისტებს, რომლებიც ომს აშუქებენ. შეუძლებელია დაივიწყო ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სახლების მიტოვებაზე უარი თქვეს, საბოლოოდ კი ლიახვის ხეობის სოფლებიდან ათობით კილომეტრის ფეხით გავლა მოუხდათ გორამდე რომ ჩამოსულიყვნენ, რადგან მათ თვალწინ გადაწვეს სახლები, ის, რის მიტოვებაც ვერ წარმოედგინათ, რის გამოც თანახმანი იყვნენ ტყვიების ზუზუნში ეცხოვრათ.შეუძლებელია დაივიწყო მათი ემოცია, საუბარი, როდესაც სხვადასხვა სოფლიდან გამოქცეულები ერთმანეთს დაკარგული ახლობლების ამბავს ეკითხებოდნენ. ზოგიერთმა მათგანმა არ იცოდა, დაიწვა თუ გადარჩა მისი სახლი. ამბობდნენ, ნამდვილად გადაგვიწვავენ, ჩემი ოჯახის წევრი ხომ დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელი იყოო. შემზარავი იყო მათი ლოდინიც. საბოლოოდ ყველა მათგანმა, ვინც დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობაში ცხოვრობდა, საკუთარი სახლის გადაწვის შესახებ შეიტყო. დღეს ეს ადამიანები მზად არიან გადამწვარ სახლებში დაბრუნებაზეც კი, ოღონდ იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება და პირობა.

მეგი ბოლოთაშვილი, ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვისაც მოულოდნელობა იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანები, დევნილები, უკლებლივ ყველა, მზადყოფნას გამოთქვამს უკან დაბრუნებაზე, გადამწვარი სახლების საკუთარი ხელით აშენებაზე. მათთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ მიწაა, რომელზეც ისინი დაიბადნენ და ცხოვრობდნენ. მეგი ბოლოთაშვილი დიდი ხანია ქართულ–ოსური ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამ ეთნოსებს შორის კონტაქტების აღდგენის, დიალოგის გამართვის, ახალგაზრდების დაახლოების საკითხებზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ ცხინვალიდან ორიოდ კილომეტრში ომამდე ორი დღით ადრე თავი მოუყარა ქართველ და ოს ქალებს, რომლებიც დიალოგის აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობდნენ, დაიშალნენ და ორ დღეში ომიც დაიწყო. მეგი ბიბილური ამბობს, რომ მათთან დღესაც აქვს კონტაქტი და მათი განწყობა ომს არ შეუცვლია.

ნაციონალური მაუწყებლები ომის ორი წლისთავზეც, ისევე როგორც შარშან ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ იუწყებოდნენ. ეთერში ყველაზე ნაკლებად დევნილები და მათი პრობლემები ჩანდა. სამაგიეროდ, იყო საუბარი ახალი მუსიკალური კლიპების შესახებ, ისევე როგორც შარშან. საბა წიწიკაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი გორში ამბობს, რომ შარშანდელი სამგლოვიარო ღონისძიება გორში ხელისუფლებას ომის წლისთავზე 200 ათას ლარამდე დაუჯდა. იგი ამბობს, რომ ეს თანხა მუსიკალური კლიპის გადაღებისთვისა და სცენის მოსაწყობად დაიხარჯა მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ფული დევნილების კომენსაციისთვის ძუნწად გაიცემა.

XS
SM
MD
LG