ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყუპი შენობები 1000-ზე მეტ ფილმშია გადაღებული


ტყუპი შენობები 1000-ზე მეტ ფილმშია გადაღებული

აგებიდან სულ ცოტა ხანში ტყუპები პოპულარული კულტურის ნაწილი გახდა და ბევრი ამერიკელისთვის სიძლიერის და ოპტიმიზმის სიმბოლოს განასახიერებდა

ქვემო მანჰეტენში აგებული ტყუპი შენობები 110 სართულისგან შედგებოდა და ნიუ იორკის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლებოდა. მონუმენტურმა კომპლექსმა ნიუ იორკის ფინანსური ცენტრის გულში დაიდო ბინა, ამიტომაც საქმიანი სამყაროს ეპიცენტრადაც მიიჩნეოდა. აგებიდან სულ ცოტა ხანში ტყუპები პოპულარული კულტურის ნაწილი გახდა და ბევრი ამერიკელისთვის სიძლიერის და ოპტიმიზმის სიმბოლოს განასახიერებდა. როგორც ირკვევა, შენობები 1000-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.

1978 წელს ფილმი „სუპერმენი“ თითქმის მთელმა ამერიკამ ნახა. ზებუნებრივი უნარების მქონე ადამიანი, რომელსაც გრანდიოზულ ქალაქში სიმართლე და სამართალი მოაქვს, ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი გმირია. პოპულარული კომიქსის პირველივე ეკრანიზაციაში ფონად ტყუპი შენობები ჩანდა.

ტყუპები ამერიკული ბრწყინვალების სიმბოლოდ იქცა. არა წარსული სიდიადის, ან ტრადიციული წარჩინების, არამედ სწორედ ახალი, თანამედროვე დიდებულების და ძლევამოსილების სიმბოლოდ“ - აღნიშნავს კინოკრიტიკოსი დავიდ სტერიტი.

ის წლების განმავლობაში ნიუ იორკში ტყუპი შენობების წინ ცხოვრობდა. არქიტექტურულად ისინი დიდი მომხიბვლელობით არ გამოირჩეოდნენ, ამბობს ბატონი სტერიტი. მაგრამ ამერიკელებისთვის მაინც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდათ, რადგან ისინი მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობები იყვნენ. ტყუპები ერთგვარად ამერიკის ტრიუმფალიზმს განასახიერებედნენ. თითქოს არ იყო საკმარისი მსოფლიოში ერთი ყველაზე მაღალი შენობა, არამედ ორივე ყველაზე მაღალი აქ, ნიუ იორკში უნდა ყოფილიყო, აღნიშნავს კრიტიკოსი.

ტყუპები იყო პოპულარული კინგ-კონგის ხელახალი ეკრანიზაციის ცენტრალურ სცენაში, სადაც გიგანტური მაიმუნი სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ძვრებოდა. შენობები ნიუ იორკზე გადაღებულ თითქმის ყველა მხატვრულ ფილმში მოხვდა, დრამატიზმით სავსე „უოლსტრიტი“ იქნებოდა ეს თუ ბრაიან დე პალმას „პატივმოყვარეობის კოცონი“. ორივე ფილმი 80-იანი წლების უოლსტრიტის ეროგანტული, ხარბი და დაუნდობელი ბუნების ჩვენებას ცდილობდა.

მოგვიანებით მაიკ ნიკოლსის რომანტიულმა კომედიამ -„საქმიანი ქალი“- ტყუპი შენობები ერთგვარად ქალის წარმატების და საზოგადოებაში დამკვიდრების სიმბოლოდ აქცია. ტესი სტეიტენ აილენდზე ცხოვრობს და მანჰეტენის ფინანსურ უბანში პრესტიჟულ სამუშაოზე ოცნებობს. ფილმის ბოლოს თანამედროვე კონკია მიზანს წარმატებით ახორციელებს.

სრული სენსაცია გახდა დისქავერის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ფრანგი აკრობატის მიერ განხორციელებული ძალზე რისკიანი პროექტი იყო ასახული. ფილიპ პეტიტმა ტყუპებს შორის თოკი გააბა და 45 წუთის განმავლობაში მათ შორის თოკზე დადიოდა. ნიუ იორკის პოლიცია იძულებული გახდა ამ უცნაური სანახაობის რიგითი მაყურებელი ყოფილიყო.

ტყუპი შენობები ბევრ არმაგედონის თემაზე გადაღებულ ფილმშიც მოხვდა. მათ შორის ისყო 1996 წელს გამოშვებული „დამოუკიდებლობის დღე“. ფილმში უცხოპლანეტელები ერთმანეთის მიყოლებით ანგრევენ ამერიკის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ცენტრსაც.

„ტყუპი შენობები 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ფილმებში ძალიან ბევრჯერ დაინგრა. ამის გაკეთება კი არა, ყურებაც ძალიან ძნელია დღეს“ - ამბობს კრიტიკოსი სტერიტი.

მოგვიანებით ფილმებიდან ყველა ეს კადრი ამოიღეს. სტერიტი თვლის, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება ზედმეტი იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ტყუპ შენობებში დაღუპული ადამიანების ნათესავები და მეგობრები.

მე იქ ნათესავები დავკარგე. ასე რომ ეს კადრები ჩემთვის მტკივნეულია“.

„ფილმში რომ ვნახავ, ისე მიყვარს ეს შენობები, რომ თავიდან ვფიქრობ, რა მშვენიერებაა-თქო. მაგრამ მერე მაგონდება ის საშინელი ტრაგედია და გულში უზარმაზარი სიცარიელე და ტკივილი ისადგურებს“ - ამბობენ რიგითი ნიუიორკელები.

ეს სიცარიელე განსაკუთრებული დრამატიზმით არის ნაჩვენები 2002 წელს გადაღებულ სპაიკ ლის დეტექტივში -„25-ე საათი“ . კამერა ფოკუსს ორ პარალელურ სინათლის მძლავრ სხივზე იღებს, რომლებიც ტყუპი შენობების საძირკველიდან ამოდის და ამპუტირებული ქალაქის მოუშუშებელ ტკივილზე მიუთითებს.

XS
SM
MD
LG